კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება — როგორ მოვედით აქამდე
მოკლედ: დღეს, 13 დეკემბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რომლითაც ევროსაბჭოს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 14-15 დეკემბერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის მოსაზრება კანდიდატი ქვეყნის შესახებ, საერთო შეფასების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. "საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი", — მიმართეს მათ ევროპის საბჭოს.
- პროცედურულად, სწორედ ევროპარლამენტის თანხმობა უსწრებს წინ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სამომავლოდ, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.
ახლა რა ხდება?
-
ევროსაბჭო, რომელიც წევრი ქვეყნების პირველი პირებისგან შედგება, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
-
მათი გადაწყვეტილება ეფუძნება ევროკომისიის და ევროპარლამენტის მოსაზრებებს.
აქედან,
- 2023 წლის 8 ნოემბერს საქართველომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უკვე მიიღო;
- ხოლო დღეს, 13 დეკემბერს — ევროპარლამენტის.
- ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, საქართველოსთვის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 14 დეკემბერს იმსჯელებენ, თუ 15-ში.
- საბჭო შეიკრიბება ბრიუსელში.
///
შემდეგ რა იქნება?
ევროპელი ლიდერების დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება ბოლო ნაბიჯი, რომელსაც საქართველო კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაივლის და ამას უკვე ახალი პროცედურული პროცესი მოჰყვება.
მოლაპარაკების პროცესი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი იწყება, რაც კანდიდატი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასაც გულისხმობს.
არქივიდან: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, შეერთების ხელშეკრულება მზადდება, რომელიც კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს ასახავს.
რატიფიკაცია: გაწევრიანების ხელშეკრულება უნდა იყოს რატიფიცირებული კანდიდატი ქვეყნისა და ევროკავშირის არსებული წევრი ქვეყნების მიერ.
- რატიფიკაციის პროცედურები განსხვავებულია ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით.
- საქართველოს შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტი ახდენს.
///
წევრობამდე: მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი ქვეყნის გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე კომპლექსურია და გაწევრიანების ვადებს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, კანდიდატი ქვეყნის მიერ, ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებაში მიღწეული პროგრესი მთავარი საზომი იქნება: წევრობის მინიჭებამდე, ევროკავშირი ზედმიწევნით აფასებს კანდიდატი ქვეყნის უნარს, შეძლებს თუ არა ის გაერთიანების პრინციპებისა და ღირებულებების დაცვას.
რა გააკეთა საქართველომ სტატუსის მოსაპოვებლად
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, მოლდოვასთან ერთად წარადგინა. საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს გაუგზავნა.
- 2022 წლის ივნისში ევროპულმა კომისიამ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი — ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება.
სტრიქონებს შორის: რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება დაიწყო.
- 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეიტანა უკრაინამ, თუმცა არა — საქართველომ.
- 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
- 2022 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამას მოჰყვა ათობით ათასი მოქალაქის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
///
რას ითვალისწინებდა რეკომენდაციების 12 პუნქტი
ევროკომისიის რეკომენდაციით განისაზღვრა, რომ საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი შეასრულებს შემდეგ პუნქტებს:
1. გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით;
2. უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა,
გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება;
3. მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე
და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს დამოუკიდებელი, დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება;
4. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც
თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას;
///
5. დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული
იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო
ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;
6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
7. უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა
წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების
შემთხვევებზე;
8. სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა
დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;
///
9. გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;
10.უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;
11.მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები
პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
12.უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ.
კომენტარები