Voyager 1 ვარსკვლავთშორისი სივრციდან დედამიწას ვეღარ უკავშირდება
NASA-ს ზონდი Voyager 1, რომლითაც კოსმოსში "ჩაკრულო" გაუშვეს, დედამიწაზე მეცნიერულ და სისტემურ მონაცემებს ვეღარ გზავნის. 46 წლის აპარატი ბრძანებებს იღებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მის კომპიუტერებში გარკვეული ხარვეზია.
კერძოდ, ზონდის ფრენის მონაცემების სისტემა (FDS), რომელსაც სამეცნიერო ხელსაწყოებისგან ინფორმაცია გადაეცემა, სატელეკომუნიკაციო ერთეულს (TMU) სიგნალს ვერ აწვდის. ამის შესახებ ცნობებს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.
ჩვეულებრივ, ზემოხსენებული სისტემა ინფორმაციას მონაცემთა სპეციალურ ფორმატში უყრის თავს და ვარსკვლავთშორისი სივრციდან ჩვენს პლანეტაზე სწორედ TMU-ს მეშვეობით გზავნის. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს ფაილი "გაიჭედა", რადგან 0-ებისა და 1-იანების განმეორებად სიგნალებს უშვებს. ინჟინრების დასკვნით, პრობლემა FDS-შია და მის გამოსწორებას, სავარაუდოდ, კვირები დასჭირდება.
ზონდები Voyager 1 და Voyager 2 კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს. თითოეული მათგანი, სხვა აპარატებთან შედარებით, ყველაზე დიდი ხანია, ფუნქციონირებს და უკვე ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაადგილდება, დედამიწისგან 24 მილიარდი კილომეტრის მოშორებით.
ამგვარი დისტანციის გამო მათთვის ბრძანებების გაგზავნასა და უკუკავშირის მიღებას საერთო ჯამში დაახლოებით 45 საათი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ინჟინრებს ხარვეზის გამოსწორების ნებისმიერი მცდელობის შედეგების გასაგებად ლოდინი სწორედ ამდენ ხანს უწევთ. ასევე, Voyager 1-ის ასაკი სპეციალისტებს სხვა ტექნოლოგიური გამოწვევების წინაშეც აყენებს.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის ასეთი პრობლემები აქამდეც შექმნილა. მაგალითად, 2022 წლის მაისში AACS-ის სახელით ცნობილმა სისტემამ შეუსაბამო ტელემეტრიული მონაცემების გამოგზავნა დაიწყო, რის მოგვარებასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავსი დაბრკოლებების გარკვეული ნაწილი დეკადების წინ ინჟინრებს არ გაუთვალისწინებიათ, ამიტომ სპეციალისტებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, რომ სასურველი შედეგიც მიიღონ და დამატებითი ხარვეზებიც აიცილონ თავიდან.
კომენტარები