რა ენერგია სჭირდება ხელოვნური ინტელექტით სურათის დაგენერირებას?
დღესდღეობით სურათების დაგენერირების ფუნქციის მქონე ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ პოპულარულია. მას უამრავი ადამიანი იყენებს, მაგრამ დაფიქრებულხართ, რა ენერგიას მოიხმარს ეს პროცესი?
ისეთი AI სისტემები, რომლებიც გამოსახულებებს ტექსტური მითითებების მიხედვით ქმნის, ძალიან დიდი ოდენობის ენერგიას მოიხმარს. ასეთია, მაგალითად, Midjourney და DALL-E. ამ საკითხის შესასწავლად კვლევა ტექნოლოგიურ კომპანია Hugging Face-სა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ჩაატარეს.
მათი შედეგები ცხადყოფს, რომ AI გენერატორების მუშაობის პროცესი გარემოში სათბურის აირების ემისიას განაპირობებს და ბუნებაზე სერიოზულ კვალს ტოვებს. Stable Diffusion-ის სისტემა XL, რომელიც ივლისში წარადგინეს, თითო სურათის შესაქმნელად თითქმის იმავე რაოდენობის ენერგიას იყენებს, რაც სმარტფონს სრულად დასატენად სჭირდება. ასევე, 1000 გამოსახულების დაგენერირებისას ამ დროს იმდენივე მავნე აირი გამოყოფა, რამდენსაც ბენზინზე მომუშავე მანქანა 6.5 კილომეტრის დაფარვისას გამოყოფს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ XL-ის მონაცემებია, რომელიც შესწავლილთაგან ყველაზე უარესია. მსგავსი ხელოვნური ინტელექტის სიმრავლე ამ მაჩვენებლების ავტომატურ სხვაობასაც გულისხმობს. ამის მიუხედავად, მეცნიერთა მიერ გაანალიზებული სისტემების მიერ 1000 სურათის დაგენერირებისას მოხმარებული ენერგია საშუალოდ 2.907 კვტ/სთ-ს უტოლდება. ეს ნიშნავს, რომ თითო გამოსახულების შექმნისას გამოყენებული ენერგიით სმარტფონი 24%-ით დაიტენება.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ტექსტის დაგენერირებისას შედარებით ნაკლები ენერგია იხარჯება, კერძოდ, თითო პასუხისას სამი სმარტფონის დასატენად საკმარისი ენერგიაა საჭირო.
ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც OpenAI და Google-ა, ასეთი სისტემების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ენერგიისთვის სოლიდურ გადასახადებს იხდის. ვარაუდობენ, რომ AI სერვერები გლობალურად იმდენივე ენერგიას მოიხმარს, რასაც არგენტინის მსგავსი ქვეყნები — ერთ წელში. ასევე, მხოლოდ სერვერების გასაგრილებლად Google-მა გასულ წელს 21.2 მილიარდი ლიტრი წყალი დახარჯა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტის მიერ სურათების გენერირება "უწყინარი" პროცესი სულაც არაა. ეს გარემოზე სერიოზულ გავლენას ახდენს და ენერგოეფექტიანობისგან საკმაოდ შორსაა.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები