ინდივიდი დეფორმირებული თავის ქალით — მეცნიერებმა კოლუმბამდელი პერიოდის ადამიანის სახე აღადგინეს
მეცნიერებმა კოლუმბამდელ პერიოდში მცხოვრები ბოლივიელი ინდივიდის სახე მიახლოებით აღადგინეს. მისი ვინაობა უცნობია, მაგრამ ჩონჩხის მახასიათებლები ცხადყოფს, რომ მას თავის ქალის იშვიათი დეფორმაცია ჰქონდა, რასაც კრანიოსტინოსტოზი ეწოდება.
ეს დეფექტი თავი ქალის შემადგენელი ძვლების განლაგებაზე ახდენს გავლენას და მისი ჩვეული ფორმის ცვლილებას განაპირობებს. ამგვარი დეფორმაცია ადამიანის კოგნიტიურ უნარებს აქვეითებს, მხედველობას აუარესებს და სხვა მსგავს სიმპტომებს იწვევს.
ზემოხსენებული ინდივიდის სახე 3D დიზაინერმა ციცერო მორაესმა აღადგინა, რომელმაც ამისთვის ბოლივიის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმში არსებული თავის ქალის ციფრული მოდელი გამოიყენა. ის ზუსტად დათარიღებული არაა, მაგრამ კოლუმბამდელი პერიოდის ინკების ან ტიუანაკოს კულტურის წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს.
ქალაქი ტიუანაკო ტიტიკაკას ტბის მახლობლად მეორე საუკუნეში დაარსდა და დაახლოებით 1 ათასწლეულის წინ გაქრა. მანამდე, არსებობის პიკში, იქ 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ძლევამოსილებაც სამხრეთ ანდების დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. რაც შეეხება ინკებს, მათი ცივილიზაცია ბევრად ცნობილია. ის მეცამეტე საუკუნეში გამოჩნდა და დედაქალაქი ახლანდელ კუსკოში დაიდო, რომელიც პერუში მდებარეობს. მათ იმპერიას ბოლო ესპანელებმა მოუღეს, როცა ამერიკა აითვისეს.
დავუბრუნდეთ თავის ქალას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავდება. კრანიოსტინოსტოზის დიაგნოზის დასადასტურებლად მათ კონსულტაცია 6 სხვადასხვა ექიმთან გაიარეს, რომლებიც სწორედ სახის დეფორმაციებზე მუშაობენ. ეს სახელი რამდენიმე სინდრომს აერთიანებს, მათ შორის კრუზონის, აპერტისა და პფაიფერის სინდრომებს. კონკრეტულად რომელი მათგანი აღენიშნებოდა ამ ადამიანს, გაურკვეველია, რადგან ამისთვის სხვა ძვლების შესწავლაა საჭირო, რომლებიც დღემდე მწირად შემორჩა.
უცნობია მისი სქესიც, თუმცა დადგინდა, რომ ის 17-21 წელის უნდა ყოფილიყო, როცა დაიღუპა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერებმა "ნეიტრალური" სახე შექმნეს, რისთვისაც სტატისტიკური ტომოგრაფიული მონაცემები გამოიყენეს. თავის ქალის ანომალიური მორფოლოგია გამოწვევა იყო, რადგან ეს სახის მახასიათებლებსაც განსაზღვრავს, მაგალითად, თვალებს უფრო წინ წევს, რადგან მხედველობის ორგანოსთვის ქალის ამ ნაწილში საკმარისი ადგილი არაა.
საინტერესოა, ისიც, რომ ყურის ოვალის სითხელის გამო შესაძლოა, ამ ინდივიდს სმენის პრობლემები ჰქონოდა. თავის ქალის შეცვლილ ფორმას კი, არაა გამორიცხული, ტვინის ზომაზე ემოქმედა და ნეირონული დეფიციტი გამოეწვია. ძვლებზე შესამჩნევია გარკვეული ქირურგიული ჩარევის კვალიც, მაგრამ რა სახის "ოპერაციაზეა" საუბარი, უცნობია.
კომენტარები