ჭარბი ოპტიმიზმი სუსტ შემეცნებით უნარებსა და არაგონივრულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება — რას ნიშნავს ეს
ოპტიმისტურ აზროვნებას ბედნიერების, ჯანმრთელობისა თუ დღეგრძელობის საწინდრად ხშირად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ამგვარმა აზროვნებამ შეიძლება არაგონივრული გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს, განსაკუთრებით ფინანსების კუთხით.
კვლევამ აჩვენა, რომ გადამეტებული ოპტიმიზმი, რეალურად, შედარებით სუსტ კოგნიტიურ უნარებს უკავშირდება, ანუ იგი შედარებით სუსტი შემეცნებითი შესაძლებლობების მქონე ადამიანებში უფრო ხშირად ვლინდება. კოგნიტიური უნარებია, მაგალითად: თავისუფლად მეტყველება, ფლუიდური აზროვნება, რიცხვითი აზროვნება და მეხსიერება.
მეორე მხრივ, უკეთესი კოგნიტიური უნარების მქონე ადამიანებს მომავლის მიმართ უფრო პესიმისტური და რეალური განწყობები აქვთ.
ნაშრომი ჟურნალში Personality and Social Psychology Bulletin გამოქვეყნდა.
"მომავლის ზუსტად განსაზღვრა რთულია. ამის გამო შეიძლება მოველოდეთ, რომ სუსტი კოგნიტიური უნარების მქონე ადამიანები მეტ შეცდომას დაუშვებენ აზროვნებისას, ოპტიმისტური იქნება ეს თუ პესიმისტური. ამის მიუხედავად, შედეგები ნათელია: სუსტ შემეცნებით უნარებს მეტ ისეთ მიკერძოებულ დასკვნამდე მივყავართ, რომლებიც ჩვენთვის სასიამოვნო იქნება — ხალხი რეალურად თავს იტყუებს გარკვეულ დონეზე", — განაცხადა დოქტორმა კრის დოსონმა, ბეთის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის მკვლევარმა.
მისი განმარტებით, შესაძლოა, უკეთესი იმედების ქონისაკენ მიდრეკილება ევოლუციამ გვარგუნა, თუმცა უკეთესი კოგნიტიური უნარების მქონე ადამიანებს სხვებზე უკეთ შეუძლიათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ეს ინსტინქტი უგულებელყონ.
თუ ზედმეტად ოპტიმისტური წარმოდგენების მიხედვით დავგეგმავთ მომავალს, მეტი შანსია, ამან არაგონივრულ გადაწყვეტილებებამდე და უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს. საკითხისადმი რეალურად მიდგომის შემთხვევაში ეს ასე ნაკლებად იქნება.
საგულისხმოა, რომ კვლევის ფარგლებში ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინო მაშინ იყო, როდესაც საქმე ფინანსურ საკითხებს ეხებოდა — დასაქმებას, ინვესტირებას, დანაზოგებსა და ნებისმიერ არჩევანს, რომელიც რისკსა და გაურკვევლობას მოიცავდა. ამას, შესაბამისად, ადამიანებზეც უფრო სერიოზული გავლენა ჰქონდა.
"არარეალურად ოპტიმისტურმა ფინანსურმა მოლოდინებმა შეიძლება გადამეტებულ ხარჯვამდე და ვალებამდე მიგვიყვანოს, ასევე არასაკმარისი დაგვაზოგვინოს; შესაძლოა, ზედმეტად ბევრი ბიზნესი წამოგვაწყებინოს და ხშირად განგვაცდევინოს მარცხი" — განაცხადა დოქტორმა დოსონმა — "წარმატებული ბიზნესის წამოწყების შანსი მცირეა, თუმცა ოპტიმისტები ყოველთვის ფიქრობენ, რომ შანსი აქვთ, და მარცხისათვის განწირულ საქმეს იწყებენ".
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მონაცემები გამოკითხვიდან აიღეს, რომელიც 36 ათას ოჯახში ჩატარდა, გაერთიანებულ სამეფოში. გამოკითხვის ფარგლებში ადამიანთა მოლოდინები შეაფასეს თავიანთი ფინანსური კეთილდღეობის მიმართ, შემდეგ კი ეს მოლოდინები საბოლოო რეალურ ფინანსურ მიღწევებს შეადარეს.
შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე კარგი კოგნიტიური უნარების მქონე ადამიანებში 22%-ით დიდი იყო "რეალიზმის" ალბათობა, ანუ ისინი 22%-ით ხშირად ამჟღავნებდნენ რეალიზმს. მათში 35%-ით ნაკლები იყო "უკიდურესი ოპტიმიზმის" ალბათობა.
დოსონის აზრით, პოზიტიურად აზროვნებისკენ მიდრეკილებაში პრობლემა ისაა, რომ, შესაძლოა, ამან ჩვენი გადაწყვეტილებების ხარისხზე იქონიოს გავლენა. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გადასაწყვეტი. მეცნიერის თქმით, უნდა შეგვეძლოს, რომ ეს მიდრეკილება უგულებელვყოთ. კვლევის თანახმად, ეს შედარებით კარგი კოგნიტიური უნარების მქონე ადამიანებს სხვებზე უკეთ გამოსდით.
"რეალურ მიდგომას მოკლებული ოპტიმიზმი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ადამიანური თვისებაა. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ უარყოფითს და დადებითზე აკეთებენ აქცენტს. "პოზიტიური აზროვნების" კონცეფცია თითქმის უკრიტიკოდ არის ჩვენს კულტურაში გამჯდარი და გონივრული იქნება, თუ ხელახლა განვიხილავთ ამ რწმენას", — განაცხადა დოქტორმა დოსონმა.
კომენტარები