ორბიტული ვალსი — აღმოჩენილია ახალი სისტემა, რომელშიც პლანეტები იშვიათ რეზონანსში მოძრაობს
ასტრონომებმა ორი კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების შეჯერების გზით აღმოაჩინეს სისტემა, რომელშიც ციური სხეულები იშვიათ ორბიტულ რეზონანსში მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ იქ არსებული 6 ეგზოპლანეტის გადაადგილება ერთგვარ მათემატიკურ ჰარმონიას ქმნის.
მათი მშობელი ვარსკვლავი HD 110067-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 100 სინათლის წლითაა დაშორებული. თავად ეგზოპლანეტები სუბნეპტუნის ტიპისაა, ანუ თითოეულის რადიუსი დედამიწისას აღემატება, ნეპტუნისას კი ჩამოუვარდება.
"ვფიქრობთ, რომ ორბიტულ რეზონანსში ყველა სისტემის მხოლოდ 1% რჩება და ასეთი კონფიგურაცია მათ კიდევ უფრო მცირე ნაწილშია. ეს გვიჩვენებს პლანეტური სისტემის პირველად განლაგებას, რომელიც უცვლელად შენარჩუნდა", — აცხადებენ სპეციალისტები.
6-ვე ციური სხეულის ორბიტული მოძრაობა გარკვეულ თანაფარდობაშია. მაგალითად თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მნათობთან ყველაზე ახლოს მდებარე ობიექტი მას სამჯერ უვლის გარს, მომდევნო ეგზოპლანეტა ამას ორჯერ ასწრებს. მსგავსი რეზონანსი 3:2-ით აღინიშნება და პირველ ოთხ პლანეტაზე ვრცელდება. შედარებით მოშორებით არსებული ორი ციური სხეული 4:3 რეზონანსშია, რაც ნიშნავს, რომ მათგან უშორესი ორბიტაზე ერთხელ გადაადგილდება მაშინ, როცა ვარსკვლავთან უახლოესი — ექვსჯერ.
ამ სისტემას პირველად კოსმოსური ტელესკოპი TESS 2020 წელს დააკვირდა, როცა ვარსკვლავის ფონზე პლანეტების მოძრაობის, ანუ ტრანზიტების დაფიქსირებას ცდილობდა. ორი წლის შემდეგ მან დაადასტურა, რომ იქ რამდენიმე ეგზოპლანეტა იყო. პირველად მეცნიერებმა ორი შიდა ციური სხეულის ორბიტული პერიოდები გამოთვალეს — 9 და 14 დღე.
დანარჩენის შესასწავლად საქმეში ევროპული კოსმოსური სააგენტოს ზონდი CHEOPS ჩაერთო, რომელმაც მესამე ობიექტი გამოავლინა, 20-დღიანი ორბიტული პერიოდით. სწორედ აქ იჩინა თავი 3:2 ტიპის რეზონანსმა. შემდეგ უკვე ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიების მონაცემებიც გამოიყენეს და ბოლო სამი ეგზოპლანეტის მაჩვენებლები მიიღეს —31, 41 და 55-დღიანი მოძრაობა ვარსკვლავის გარშემო.
ვარაუდობენ, რომ ეს სისტემა მილიარდობით წლისაა, რაც მსგავსი რეზონანსის შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდი დროა. ციური სხეულების ამგვარი გრავიტაციული ურთიერთგავლენისთვის ხელის შეშლა ბევრ რამეს შეეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც გასაოცარია. მკვლევრებს სურთ, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, რათა ამის მიზეზი დაადგინონ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები