იაპონიაში ამ დრომდე უდიდესი თერმობირთვული რეაქტორი გახსნეს
პირველ დეკემბერს იაპონიაში საზეიმოდ გახსნეს JT-60SA — თერმობირთვული სინთეზის ამ დრომდე უდიდესი რეაქტორი.
იგი ტოკამაკია — თერმობირთვული სინთეზის რეაქტორი, რომელსაც დონატის ფორმა აქვს. ახალი რეაქტორი ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით აშენდა. იგი მომდევნო რეაქტორის, საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER) ერთგვარი წინამორბედია. ITER-ს საფრანგეთში აშენებენ და რამდენიმე წელში გახსნიან.
ამ თერმობირთვული სინთეზის რეაქტორის მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, ვიდრე მისი მუშაობისთვის არის საჭირო. თავად ბირთვული სინთეზის მეშვეობით უზარმაზარი რაოდენობის სუფთა ენერგია შეგვიძლია მივიღოთ, თანაც ნახშირბადის ემისიების გარეშე. სწორედ თერმობირთვული სინთეზის წყალობით იღებს ვარსკვლავები ენერგიას. მეორე მხრივ, საკმაო ენერგიის ინვესტირებაა საჭირო, რათა ვარსკვლავებში არსებული პირობები დედამიწაზე გავიმეოროთ.
ტოკამაკისგან განსხვავებული მიდგომით გასულ წელს იმაზე მეტი ენერგიის მიღება მოხერხდა, ვიდრე პროცესში ჩაიდო. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი მაინც არაა, რომ კომერციული მიზნებით გამოვიყენოთ.
ასევე იხილეთ: ისტორიაში პირველად, "ხელოვნური მზის" დახმარებით სუფთა ენერგია მიიღეს
JT-60SA ტოკამაკი პლაზმას 200 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე ახურებს. ელექტრული დენი მასში მილიონი ამპერით გადის — ეს მაშინ, როცა სახლში წრედი, ჩვეულებრივ, 15-20 ამპერის მატარებელია.
JT-60SA-ის მეშვეობით მეცნიერები საკმაო ცოდნასა მიიღებენ, რათა შემდგომში უკეთესი მიდგომები შეიმუშაონ. ამ მხრივ რეაქტორი უკვე საკმაო იმედს იძლევა — პირველი პლაზმის ცირკულაცია ოქტომბერში ვიხილეთ; მასში მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ელექტრული დენი გადიოდა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ რეაქტორთა მასშტაბების გაზრდა საშუალებას მოგვცემს, უფრო და უფრო მეტი ენერგია მივიღოთ. სწორედ ამიტომ იქნება ITER უფრო დიდი. ამ რეაქტორს სამხრეთ საფრანგეთში აგებენ. სავარაუდოდ, პლაზმას მასში პირველად 2025 წელს მოათავსებენ.
ITER-ში ევროკავშირის ჩართულობაზე Fusion for Energy არის პასუხისმგებელი. ITER-ში 35 ქვეყანა მონაწილეობს: მთლიანი ევროკავშირი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი, ჩინეთი და აშშ.
კომენტარები