ისტორიაში პირველად, აშშ-ში, Lawrence Livermore National Laboratory-ში თერმობირთვული სინთეზის რეაქციის შედეგად სუფთა ენერგიის მიღება შეძლეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა თერმობირთვული სინთეზის შედეგად იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავება მოხერხდა, ვიდრე ექსპერიმენტს სჭირდებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას, წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა Financial Times, CNN, Washington Post. ოფიციალური ორგანოს — აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის განცხადებასა და შესაბამისად, მეტ დეტალს ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ველით. პირდაპირი ეთერი ერთხელ უკვე გადაიდო, თუმცა მისთვის თვალის მიდევნება 13 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00-დან, ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგეძლებათ.

აღნიშნული მოვლენა ენერგიის სექტორში გარდამტეხ რევოლუციასთან კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს.

თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტებისას მეცნიერები მზესა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციის გამეორებასა და შენარჩუნებას ცდილობენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტიპის რეაქტორებს აქვთ პოტენციალი, პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგია წარმოქმნან. იდეა ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან იღებს სათავეს და დღეს მსოფლიოში 20-მდე ექსპერიმენტული ხელოვნური მზეა.

თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები ბირთვული რეაქტორებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ ტიპის რეაქციისას არ გამოიყოფა რადიოაქტიური ნარჩენები და ტოკამაკის მწყობრიდან გამოსვლა (ნებისმიერი სახით) გარემოს ზიანს არ უქადის.

თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მოიაზრება, რადგან მათ მიერ წარმოებული პრაქტიკულად ულიმიტო, სუფთა ენერგია სათბურის აირების ემისიებში წამყვანი — ენერგიის ინდუსტრიის როლს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

UPDATE: ინფორმაცია აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა დაადასტურა. იხილეთ: ის, რაც ისტორიის წიგნებში ჩაიწერება — როგორ მიიღეს სუფთა ენერგია ხელოვნური მზისგან