ეს პინგვინები დღეში 10 000-ჯერ იძინებენ — რატომ
როდესაც საქმე ეხება ძილს, ცხოველთა სამეფოს დიდი არჩევანი აქვს. ზოგიერთი სახეობა ხანგრძლივ ჰიბერნაციას ირჩევს, ზოგს კი უბრალოდ ღამით სძინავს.
თუმცა, არსებობს რამდენიმე გამორჩეული შემთხვევა და სწორედ ეს უკანასკნელი გამოავლინეს მკვლევრებმა. ასეთი საინტერესო შემთხვევაა ანტარქტიდის პინგვინები, რომლებსაც 4 წამის განმავლობაში სძინავთ, მაგრამ ისინი ამას დღეში იმდენჯერ აკეთებენ, რომ მთლიანობაში 11 საათის ძილი გამოსდით.
ანტარქტიდაში, მეფე ჯორჯის კუნძულზე, პინგვინების (Pygoscelis antarcticus) კოლონია მუდმივად ეძებს საკვებს, ამის პარალელურად კი იცავს კვერცხებს და ზრდის პატარებს. ამ მხარეში პინგვინების კვერცხებს ყავისფერი სკუა (Stercorarius antarcticus) ერჩის. ეს ფრინველი კოლონიის ბუდიდან კვერცხების მოპარვას დაუღალავად ცდილობს.
პინგვინებს საჭიროებიდან გამომდინარე დაყოფა უწევთ. ერთი ნაწილი მიდის საკვების მოსაძიებლად, ხოლო მეორე შთამომავლების დასაცავად რჩება.
ამიტომ, ადგილზე დარჩენილ პინგვინს მუდმივად სიფხიზლე სჭირდება.
როცა საქმე ძილს ეხება პინგვინი გამოწვევის წინაშე დგას. დიდი ხნით ძილი კვერცხების უპატრონოდ დატოვებას უტოლდება.
მაშ რას შვრებიან ასეთ დროს პინგვინები? მკვლევრებს სწორედ ეს აინტერესებდათ და ისინი პინგვინებს კვერცხების დარაჯობისას დააკვირდნენ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პინგვინების ძილის 72%-ზე მეტი 10 წამზე ნაკლებს გრძელდებოდა.
კვლევის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ პინგვინებს, რომლებიც ბუდობდნენ კოლონიის კიდეზე, რეალურად უკეთ ეძინათ და ჰქონდათ SWS-ს უფრო გრძელი პერიოდები. შედარებით უარესად ეძინათ იმ პინგვინებს, რომლებიც კოლონიის ცენტრში ბუდობდნენ.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიფხიზლის აუცილებლობა მხოლოდ სკუას მსგავსი მტაცებლებისგან არ მომდინარეობს. ეს საფრთხე შეიძლება თავად პინგვინები იყვნენ.
საერთო ჯამში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პინგვინებს დღეში დაახლოებით 11 საათი სძინავთ. და ეს გამოღვიძება-ჩაძინება 10 000-ჯერ ხდება. ძილის საშუალო მაჩვენებელი კი 4 წამია.
კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები