დეტალები: პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს არ აძლევს უფლებას, გაშალონ მაგიდები და შეაგროვონ ხელმოწერები კამპანიისთვის ჩემი ხმა ევროპას.

  • "ამაზე უარს ამბობს რექტორი იმიტომ, რომ ვითომ ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება, — აღნიშნავს პრეზიდენტი.
  • ჯაბა სამუშიამ პუბლიკასთან საუბარში თქვა, რომ ამისთვის საჭიროა ოფიციალური განცხადებით მიმართონ, შემდეგ კი მას შესაბამისი საბჭო განიხილავს.
  • "ერთი ფურცელიც კი არ შემოსულა ჩვენთან ოფიციალურად. ერთ-ერთი სტუდენტი მოვიდა და სიტყვიერად გადმომცა. მაპატიეთ, მაგრამ რექტორთან პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიტყვიერად არ უნდა საუბრობდეს", — უთხრა თსუ-ს რექტორმა პუბლიკას.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი საუბრობს იმის შესახებაც, რომ სკოლის მოსწავლეებს ემუქრებიან და უკრძალავენ კამპანიაში მონაწილეობას.

  • "ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე. კიდევ უარესი, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს საერთოდ არ მესმის", — ამბობს ის.

ბოლო ხაზი: კამპანია ჩემი ხმა ევროპას პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.

  • პეტიციით მოქალაქეები მიმართავენ ევროპის ლიდერებს, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
  • პირველი ხელმომწერი სალომე ზურაბიშვილი იყო.
  • 8 ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
  • საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი.