დედამიწაზე საოცრად ენერგიული კოსმოსური სხივი დაეცა — მისი წყარო უცნობია
მეცნიერებმა შეისწავლეს კოსმოსური სხივი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში 2021 წლის 27 მაისს შემოიჭრა. მცირე ზომის ნაწილაკის ენერგიის მაჩვენებელი გასაოცარ 240 ექსა-ელექტრონვოლტს უტოლდებოდა (2.4x1020), რითაც ის მეორე ადგილზეა. პირველობა 1991 წელს დაფიქსირებულ სხივს ეკუთვნის, რომლის ენერგიაც 320 ექსა-ელექტრონვოლტი იყო.
აღნიშნულ ნაწილაკებს ერთი რამ აქვს საერთო: სპეციალისტებმა მათი წყარო ვერ დაადგინეს. საინტერესოა, რომ ამ სხივებზე გალაქტიკურ ან გარეგალაქტიკურ მაგნიტურ ველებს ვერ უნდა ემოქმედა, ამიტომ, წესით, მათი ტრაექტორია და საწყისი წერტილი მარტივად უნდა გამოვლენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სპეციალისტებმა ვერაფერს მიაგნეს, რასაც შესაძლოა, ასეთი ენერგია გამოეყო.
მსგავს სხივებს საუკუნეზე მეტია, ვაკვირდებით. ეს რადიაცია არაა, არამედ ძირითადად ატომბირთვებისა და სუბატომური ნაწილაკების სახით გვხვდება, როგორიც პროტონები და ელექტრონებია. ასევე, ისინი კოსმოსში თითქმის სინათლის სიჩქარით გადაადგილდება, ანუ მოსალოდნელზე მძლავრია.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი სხივები ენერგიულო მოვლენებისას ფორმირდება, როგორიც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება ან მნათობთა შეჯახებაა. მათგან ატმოსფერო გვიცავს, მაგრამ, იქ არსებულ აირებთან ურთიერთქმედებისას ნაწილაკთა "თავსხმა" წარმოიქმნება და ხმელეთამდე აღწევს, სადაც მას ვაფიქსირებთ. ამისთვის საკმაოდ დიდი არეალის კონტროლია საჭირო, რასაც Telescope Array ახერხებს, რომელიც 700 კვადრატულ კილომეტრს ფარავს.
სწორედ მისი მეშვეობით შენიშნეს 2021 წლის მოვლენა, გამოთვლებმა და სიგნალის ანალიზმა კი აჩვენა, რომ საქმე მეორე ყველაზე ენერგიულ ნაწილაკთან ჰქონდათ, რომლის მსგავსი პრეცედენტიც 3 დეკადის განმავლობაში არ ყოფილა. მეცნიერებმა ამ სხივის შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ 1991 წლის შემთხვევა ნამდვილი იყო და რაიმე შეცდომა არ ყოფილა.
რაც შეეხება ახალ ნაწილაკს, მას Amaterasu უწოდეს, რომლის ტრაექტორიაზე დაკვირვებასაც კოსმოსურ სიცარიელემდე მივყავართ. ესაა რეგიონი, რომელიც გალაქტიკათა შემცველ ე.წ. ფილამენტებს შორისაა მოქცეული.
შესაძლოა ეს ნაწილაკები მომდინარეობდეს ისეთი კოსმოსური ფენომენიდან, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით, ან არსებობდეს მათი წყარო, რომელიც არ აღმოგვიჩენია. არაა გამორიცხული, რომ მაგნიტურ ველებს ნაწილაკთა აჩქარება იმაზე მეტად შეეძლოთ, ვიდრე გვგონია ან ეს სხივები კოსმოსურის დრო-სივრცის ერთგვარ დეფექტებზე მიანიშნებდეს.
ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები