მექსიკის ყურეში ნავთობმა გაჟონა — რა უნდა ვიცოდეთ
მექსიკის ყურეში რამდენიმე მილიონი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა და გარემო დააბინძურა. გაჟონვა ამ დრომდე არ შეჩერებულა. მისი წყაროს ძიებამ სპეციალისტები კომპანია Main Pass Oil Gathering-ის ნავთობსადენთან ახლოს მიიყვანა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მართლაც იქიდან იღვრება თუ არა სითხე.
ეს წყლის ეკოსისტემას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, მოუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მსგავს მოვლენას ბევრად ჩამოუვარდება. ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაჟონვა იყო, კერძოდ, მაშინ მექსიკის ყურეში 492 მილიონი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა.
"ოკეანეში არსებული სიცოცხლე, დიდი ალბათობით, ამ მასშტაბური გაჟონვის საშინელ შედეგებს საკუთარ თავზე იწვნევს. ეს სანაპიროსგან მოშორებით ნავთობის მოპოვების სამუშაოებისას არათუ შემთხვევითობაა, არამედ სრულიად პროგნოზირებადია", — წერს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო თავდაცვის სამსახური დისტანციურად მართვად აპარატებს იყენებს, რათა ნავთობსადენი შეამოწმოს და გაჟონვის წყაროს მიაგნოს. Main Pass Oil-მა მილების საკუთარი სისტემა უკვე გათიშა, რადგან ეჭვი მასზეც იყო.
ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სააგენტოს ინფორმაციით,1969 წლის შემდეგ აშშ-ში ნავთობის გაჟონვის სულ მცირე 44 შემთხვევაა დაფიქსირებული, წყალში კი ასობით მილიონი ლიტრი დამაბინძურებელი სითხეა ჩაღვრილი.
"დელფინებით დაწყებული და ჩიტებითა თუ იშვიათი ვეშაპებით დასრულებული, ყურეში მობინადრე ცხოველები კიდევ ერთხელ მოექცნენ ალყაში გაჟონვებისკენ მიდრეკილი ინდუსტრიისგან, რომელიც ყველაფრიდან სარგებლის მიღებაზე ფიქრობს", — აცხადებენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრში.
კომენტარები