ასტრონავტებს კოსმოსური სადგურიდან ხელსაწყოების ჩანთა ჩამოუვარდათ — დედამიწიდან მისი დანახვა შესაძლებელია
ცას პატარა კაშკაშა ობიექტი შეემატა.
დედამიწასთან ახლოს, კოსმოსში, ხელსაწყოების ჩანთა ტივტივებს — გარდა ვარსკვლავებისა თუ პლანეტებისა, ცაზე უკვე მისი დანახვაც შეგიძლიათ სცადოთ. ჩანთა NASA-ს ასტრონავტებს, ჟასმინ მოგბელისა და ლორალ ო'ჰარას, გაუვარდათ 2023 წლის 2 ნოემბერს. ისინი ამ დროს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) გარეთ იყვნენ გასულები, ღია კოსმოსში.
EarthSky-ს მიხედვით, ჩანთა ამჟამად დედამიწას უვლის გარს და ISS-ისგან ოდნავ წინაა; მისი ვიზუალური მაგნიტუდა დაახლოებით 6-ის ტოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩანთა ურანზე ნაკლებად კაშკაშაა. იგი ისე კარგადაც არ ჩანს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც დავინახოთ, თუმცა ბინოკლით ეს შესაძლებელია.
ასევე იხილეთ: დედამიწიდან მალე ურანის დანახვას შევძლებთ
თუკი მისი დანახვა გსურთ, შეამოწმეთ, მომდევნო თვეებში როდის იქნება იგი ხილვადი — NASA-მ ამისათვის ახალი აპლიკაციაც კი გამოუშვა. სავარაუდოდ, ჩანთა ISS-ს 2-4 წუთით გაუსწრებს წინ. როდესაც იგი სწრაფად დაეშვება ქვემოთ, სავარაუდოდ, დედამიწიდან 113 კილომეტრის სიმაღლეზე დაიშლება.
მეგან კრისტიანმა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტმა, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ უვარდება ჩანთა მოგბელის. კრისტიანს თუ დავუჯერებთ, იგი ბოლოს Crew-7-ის ასტრონავტმა სატოში ფურუკავამ იხილა. ჩანთა მთა ფუჯის ზემოთ ტივტივებდა.
ასტრონომ ჯონათან მაკდაუელის (ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრი) განმარტებით, ხელსაწყოების ჩანთა დედამიწიდან დაახლოებით 415-416 კილომეტრ სიმაღლეზე მოძრაობს. სპეციალისტის თქმით, აშშ-ის კოსმოსური ძალების კატალოგიზების სისტემაში (იგი ორბიტაზე არსებული ხელოვნური ობიექტებისთვისაა შექმნილი) ჩანთას საკუთარი სახელწოდება მიენიჭა — 58229 / 1998–067WC.
აღნიშნული ჩანთის გარდა, დედამიწის გარშემო ხელოვნური წარმოშობის არაერთი კოსმოსური ნაგავი იყრის თავს — შატლებისა და დამტვრეული სატელიტების ნაწილები იქნება ეს თუ ხელსაწყოები, რომელთაც ასტრონავტები იყენებენ. მეტიც, ეს ხელსაწყოების პირველი ჩანთა სულაც არაა, რომელმაც ორბიტამდე მიაღწია — მსგავსი რამ ISS-ზე 2008 წელსაც მოხდა.
კომენტარები