ვენერას ატმოსფეროში ატომური ჟანგბადი დააფიქსირეს
აღმოჩენა ვენერას დღის მხარეს მოხდა.
ეს უკვე ოფიციალურია — ვენერას ატმოსფეროში, დღის სინათლეზე, პლანეტის ღრუბლების თავზე ატომური ჟანგბადის ნიშნები პირდაპირ დააფიქსირეს.
თეორიული მოდელებიდან გამომდინარე ვიცოდით, რომ ვენერაზე ატომური ჟანგბადი მოიძებნება. პლანეტის ღამის მხარეს ის აქამდე პირდაპირი გზითაც დააფიქსირეს, თუმცა, დღის მხარეს დაფიქსირება სრულიად ახალი ეტაპია. ეს ნიშნავს, რომ ახალი ცნობები გვაქვს ატმოსფეროს დინამიკისა და მისი ცირკულირების შესახებ.
კვლევას გერმანიის აეროკოსმოსური (DLR) ჯგუფი ხელმძღვანელობდა.
ვენერას დეტალურად შესწავლა მეცნიერებს დიდი ხანია სურთ. ის გარკვეულწილად ჰგავს კიდევაც დედამიწას, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. ვენერას მასა და შემადგენლობა დედამიწის მსგავსია, მაგრამ აი სიმწვანის მხრივ დიდი განსხვავებაა.
ვენერა დაფარულია სქელი, მომაკვდინებელი ღრუბლებით, რომლებიც ძირითადად ნახშირორჟანგისაგან შედგება. ეს ქმნის სათბურის გარემოს, რის გამოც პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა საშუალოდ 464 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
ვენერას ღრუბლებიდან მჟავას წვიმა მოდის და ატმოსფერო პლანეტის გარშემო ძალიან სწრაფად ბრუნავს. ღრუბლების ქვეშ ქარის სიჩქარე საათში 700 კილომეტრსაც აღწევს. შედარებისთვის, დედამიწაზე ქარიშხლის ყველაზე დიდი სიჩქარე, რომელიც კი ოდესმე დაფიქსირებულა საათში 407 კილომეტრია.
ჩვენ არ ვიცით თუ რატომ განსხვავდებიან ვენერა და დედამიწა ასე. მეცნიერებს აინტერესებთ იყო თუ არა ოდესღაც ვენერა იმავე გზაზე რაზეც ახლა დედამიწაა.
ვენერას ატმოსფეროს შესწავლა სწორედ ამის გარკვევაში უნდა დაგვეხმაროს. ატმოსფეროს შესასწავლად კი ჟანგბადს უნდა მივყვეთ.
აღსანიშნავია, რომ ატომური ჟანგბადი არ ჰგავს იმ ჟანგბადს, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. საუბარია მოლეკულურ ჟანგბადზე, O2-ზე, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული ჟანგბადის ორი ატომისგან შედგება. ატომური ჟანგბადი შედგება ცალკეული, მარტოხელა ჟანგბადის ატომებისგან და ის დიდხანს არ ნარჩუნდება. დიდი რეაქტიულობის გამო ის ადვილად უკავშირდება სხვა ატომებს. აქ, დედამიწაზე, ის უხვად გხვდება, ოღონდ მაღალ სიმაღლეებზე, სადაც მოლეკულური ჟანგბადის ფოტოდისოციაციის შედეგად წარმოიქმნება.
ვარაუდობენ, რომ მსგავსი პროცესი ვენერაზეც ხდება. ვენერას ატმოსფერო ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება. როდესაც მზის სინათლე CO2-ზე ხვდება, ფოტოდისოციაცია ყოფს მოლეკულებს ატომურ ჟანგბადად და ნახშირბადის მონოქსიდად. ნახშირბადის მონოქსიდი ასევე ექვემდებარება ფოტოდისოციაციას.
როდესაც ატომები ვენერას ღამის მხარეს გადაადგილდებიან, ნახშირორჟანგად იქცევიან და ეს პროცესი ნათებით სრულდება. ეს პროცესი ვენრას დღის მხარეს აქამდე დაფიქსირებული არ იყო.
მკვლევრების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ატომური ჟანგბადი წარმოადგენს აქამდე გამოუყენებელ რესურსს ვენერას ატმოსფეროზე ამ გარდამავალი ზონის შესასწავლად.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები