ატმოსფეროში მომწამლავი ვერცხლისწყლის შემცველობა იზრდება
ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენი წელთაღრიცხვით 1500 წლიდან დღემდე, დედამიწის ატმოსფეროში ვერცხლისწყლის შემცველობა 7-ჯერ გაიზარდა.
თუ ერთ დროს ჩვენი პლანეტის აირად გარსში ზემოხსენებული მომწამლავი ელემენტის ოდენობა დაახლოებით 580 მეტრული ტონა იყო, ახლა ამ მაჩვენებელმა 4000 მეტრულ ტონამდე მიაღწია. ამაში საკმაო წვლილი ადამიანებს მიგვიძღვის.
"გარკვევა ვერცხლისწყლის ბუნებრივ ციკლში, რომელსაც ვულკანური ემისიები უწყობს ხელს, მისი დონის შემცირების უმთავრეს მიზანს გვისახავს და საშუალებას გვაძლევს, გარემოზე ადამიანთა აქტივობების გავლენის მნიშვნელობა გავიაზროთ", — აცხადებენ ავტორები.
ვერცხლისწყალი და მისი შემცველობის ნაერთი მეთილვერცხლისწყალი ადამიანისთვის ძალიან მომწამლავია. გარკვეულწილად, მათთან შეხება ყველა ჩვენგანს უწევს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დიდი რაოდენობით თევზს ან ზღვის სხვა პროდუქტებს ვიღებთ, რადგან ისინი მათში ბიოაკუმულირდება.
რაც შეეხება ამ თხევადი ლითონის ციკლს, მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ მის გამოყოფაში დიდ დროს ვულკანური აქტიურობა ასრულებს, მაგრამ ემისიის კონკრეტული გამოთვლები აქამდე არ ჩატარებულა. სპეციალისტთა თქმით, ყოველ კუბურ მეტრ ჰაერში 1 ნანოგრამზე ნაკლები ვერცხლისწყალია, ამიტომ მას ხელოვნური თანამგზავრებით ვერ ვაფიქსირებთ.
აქედან გამომდინარე, მკვლევრებმა სხვა გზას მიმართეს და ვულკანების ამოფრქვევისას გამოყოფად გოგირდზე კონცენტრირდნენ. მათ ასეთ ემისიურ ნაკადში ამ ორი ელემენტის თანაფარდობა გამოითვალეს. მიღებულ შედეგზე დაყრდნობით ავტორებმა ივარაუდეს, რა ოდენობის ვერცხლისწყალი გამოთავისუფლდებოდა გარემოში წარსულში მომხდარი ამოფრქვევებისას.
"გოგირდის დიოქსიდის უპირატესობა ისაა, რომ სატელიტებით მარტივად შესამჩნევია. ის ვერცხლისწყალზე მიმანიშნებელია და შესაძლებლობას გვაძლევს დავადგინოთ, სად და როდის გამოიყოფა ვულკანურად ეს ელემენტი", — ამბობენ მეცნიერები.
ატმოსფერული მოდელის დახმარებით მათ დაასკვნეს, რომ ვერცხლისწყალი პირველადი ემისიური ზონიდან შორს ინაცვლებს. ასევე, მსგავსი გადაადგილების მიუხედავად, გლობალურად ვულკანური აქტიურობა ზედაპირულ დონეზე მის დაგროვებაზე დიდწილად სულაც არაა პასუხისმგებელი. ზოგიერთ რეგიონში, სადაც აქტიური ვულკანებია, ადამიანთა გავლენის განსაზღვრა ძნელდება. იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდი ამაშიც დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები