ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა კოსმოსური რადიოაფეთქება დააფიქსირა, რომელიც სულ რაღაც 1 მილიწამზე ნაკლები ხანგრძლივობის იყო და აქამდე ცნობილ მსგავს მოვლენებს შორის ყველაზე შორეული და ენერგიულია.

ამგვარ ფენომენს სწრაფი რადიოაფეთქება/ანთება (FRB) ეწოდება. მისი წყარო ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდმა ტელესკოპმა გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ ესაა გალაქტიკა, რომლისგან წამოსულ სინათლესაც ჩვენამდე მოსაღწევად 8 მილიარდი წელი სჭირდება. თავად მოვლენა იმდენად მძლავრი იყო, რომ უმცირეს დროში მზის 30-წელზე მეტხნიანი ემისიის ეკვივალენტური ენერგია გამოათავისუფლა.

ზემოხსენებული რადიოაფეთქება FRB 20220610A-ის სახელითაა ცნობილი და ის ავსტრალიაში მდებარე რადიოტელესკოპით ASKAP გასული წლის ივლისში შენიშნეს. მაშინ ეს უზარმაზარი დისტანცია უცნობი იყო. ახლა უკვე ვიცით, რომ უკანასკნელი ანთების წყარომდე მანძილი წინა რეკორდს 50%-ით აჭარბებს.

"ASKAP-ის ანტენებით დავადგინეთ, საიდან მომდინარეობდა აფეთქება. შემდეგ ჩილეში არსებული ძალიან დიდი ტელესკოპი გამოვიყენეთ, რათა მისი წყარო გალაქტიკა მოგვეძებნა. აღმოვაჩინეთ, რომ ის იმაზე ხნიერი და შორეულია, ვიდრე აქამდე მიკვლეული FRB-ის სხვა წყაროები და სავარაუდოდ, შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკებს შორისაა", — აცხადებენ სპეციალისტები.

მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ანთებები შესაძლოა, "დამალული" მატერიის გაზომვასა და სამყაროს მასის გამოთვლაში დაგვეხმაროს. ამჟამინდელი მაჩვენებლები შესაბამისობაში არაა და კოსმოლოგიისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რადგან სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის რაოდენობა მიანიშნებს, რომ მასის ნახევარზე მეტი სადღაც "იმალება". სავარაუდოდ, ის გალაქტიკებს შორისაა მოქცეული, მაგრამ იმდენად ცხელი და მიმოფანტული უნდა იყოს, რომ სტანდარტული ტელესკოპებით ვერ დავინახავთ.

სწრაფი რადიოაფეთქებები იონიზებული მატერიის მიმართ მგრძნობიარეა და ერთი შეხედვით ცარიელ რეგიონებში ელექტრონებს ავლენს. ამის მიხედვით გალაქტიკათაშორისი მასის გაზომვაა შესაძლებელი, ხოლო რაც უფრო შორეულია ეს ანთება, მით მეტ გაფანტულ აირს ავლენს.

"არ ვიცით, რა იწვევს ამ ენერგიულ აფეთქებებს, თუმცა ჩვენი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ისინი კოსმოსში გავრცელებულია და მათი მეშვეობით გალაქტიკებს შორის არსებული მატერიის დაფიქსირება, ასევე, სამყაროს სტრუქტურის უკეთ გაგებაა შესაძლებელი", — ამბობენ ავტორები.

ამჟამად რამდენიმე მძლავრ რადიოტელესკოპზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთა მეშვეობითაც უფრო შორეულ და ხნიერ ანთებებს დავაფიქსირებთ. ახალი კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.