კვლევის მიხედვით, ადამიანის ცნობიერება შეიძლება ენტროპიის გვერდითი ეფექტი იყოს
ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ტვინი შედგება იმავე "ვარსკვლავური მასალისგან", რომელიც ქმნის სამყაროს. ეს ჩვენსა და სამყაროს შორის კავშირზე გვაფიქრებს, თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ კვლევაზე, რომელიც გვეუბნება, რომ სამყაროსთან მხოლოდ ეს არ გვაერთიანებს.
ისევე, როგორც სამყარო, ჩვენი ტვინიც შეიძლება იყოს დაპროგრამებული იმისთვის, რათა მაქსიმალურად გაზარდოს უწესრიგობა — ენტროპიის პრინციპის მსგავსად.
"შესაბამისად, ჩვენი ცნობიერება შეიძლება ენტროპიის გვერდითი ეფექტია", — ამბობენ მკვლევრები.
ადამიანი საუკუნეებია ცდილობს გაიგოს როგორ გაჩნდა და რა ხდება მის გარშემო. ჩვენ გაგვაჩნია ცნობიერება რითაც სამყაროს ვიმეცნებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ვიცით თუ როგორ და როდის გაჩნდა ის. რაც მთავარია, არსებობს კიდევ ერთი შეკითხვა, საერთოდ რატომ გვაქვს ცნობიერება?
და აი კვლევა, რომელსაც ფრანგი და კანადელი მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ ახალ შეკითხვებს აჩენს: რა მოხდება, თუ ცნობიერება ბუნებრივად წარმოიქმნება ჩვენი ტვინის ინფორმაციის მაქსიმალური გამოყენების შედეგად? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქნებ ცნობიერება უბრალოდ ჩვენი ტვინის გვერდითი ეფექტია, რომელიც ენტროპიის მიმართულებას მიყვება?
ენტროპია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სისტემის პროგრესირების აღსაწერად წესრიგიდან უწესრიგობამდე. წარმოიდგინეთ კვერცხი: როდესაც ის სრულყოფილად იყოფა ყვითლად და თეთრად, მას აქვს დაბალი ენტროპია, მაგრამ როცა ცილას და გულს ერთმანეთში აურევთ, მას აქვს მაღალი ენტროპია. ანუ, წესრიგიდან უწესრიგობაში გადაგვყავს.
ცნობისთვის, სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე!
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება.
შემდეგი პოდკასტი: ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი
ეს არის ის, რაც ბევრი ფიზიკოსის აზრით ხდება ჩვენს სამყაროში. დიდი აფეთქების შემდეგ, სამყარო თანდათანობით გადადის დაბალი ენტროპიიდან მაღალ ენტროპიაზე. რადგან თერმოდინამიკის მეორე კანონი ამბობს, რომ ენტროპია მხოლოდ შეიძლება გაიზარდოს, მას შეუძლია ახსნას, თუ რატომ მოძრაობს დროის ისარი მხოლოდ წინ.
მკვლევრებმა გადაწყვიტეს იგივე მიდგომა გამოეყენებინათ ადამიანის ტვინზე დაკვირვებისას, როდესაც ცნობიერება მუშაობს.
ამისათვის ტორონტოს უნივერსიტეტისა და პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ალბათობის თეორია, სახელწოდებით სტატისტიკური მექანიკა. მათ ცხრა ადამიანის ნეირონული ქსელის მოდელირება შეძლეს. კვლევის მონაწილეებიდან შვიდს ეპილეფსია ჰქონდა.
მკვლევრებს აინტერესებდათ ნეირონების სინქრონიზაცია — ირხეოდა თუ არა ნეირონები ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა ფაზაში. ეს იმის გასარკვევად, იყო თუ არა დაკავშირებული ტვინის უჯრედები ერთმანეთთან ასეთ დროს.
მათ შეისწავლეს მონაცემთა ორი ნაკრები: პირველ რიგში მათ შეადარეს კავშირის შაბლონები, როდესაც მონაწილეებს ეძინათ და არ ეძინათ. შემდეგ მათ სხვა მდგომარეობებიც შეისწავლეს: ერთ შემთხვევაში ეპილეფსიით დაავადებულებს შესაბამისი შეტევა ჰქონდათ და მეორე შემთხვევაში ისინი ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყვნენ.
ორივე სიტუაციაში, მათ დაინახეს ერთი და იგივე ტენდენცია — მონაწილეთა ტვინი აჩვენებდა უფრო მაღალ ენტროპიას, როდესაც ცნობიერ მდგომარეობაში იყო.
"ჩვენ მივიღეთ შემდეგი შედეგი: სიფხიზლის მდგომარეობა ხასიათდება ტვინის ქსელებს შორის ყველაზე დიდი ურთიერთქმედების კონფიგურაციებით, რაც ენტროპიის ფუნდამენტთან თანხვედრაშია", — ამბობენ მკვლევრები.
შესაბამისად, მკვლევრების თქმით, ცნობიერება შეიძლება იყოს სისტემის განვითარების თვისება, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს ინფორმაციის გაცვლა.
ეს კვლევა კარგი საწყისი წერტილია შემდგომი კვლევებისთვის, რამაც საბოლოოდ შეიძლება მიგვიყვანოს იმის ახსნამდე თუ რატომ გვაქვს ცნობიერება.
ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის მექანიზმებმა ჩვენს ცნობიერებაზე, მაგრამ ეს საკმაოდ მომხიბლავი სფეროა. და თუ ჩვენ ყველანი სწორედ იმ კანონებით ვართ დაკავშირებული, რაც თავად სამყაროს ფუნდამენტია, ეს მხოლოდ აღფრთოვანებას გამოიწვევს ჩვენში.
კვლევა Physical Review E-ში შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები