მთავრობა სუს-ს დაფინანსებას 25 მლნ-ით უზრდის საარჩევნო წელს და უწყების საერთო ბიუჯეტი 205 მლნ გახდება
მთავრობამ პარლამენტს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
- ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სუს-ის დაფინანსება, საარჩევნო, 2024 წელს, 25 მლნ ლარით გაიზრდება.
- 2024 წლისთვის, უწყების საერთო ბიუჯეტი იქნება 205 მლნ ლარი.
რაში დახარჯავენ?
მეტწილად, ხელფასების გასაზრდელად.
- სისტემაში დასაქმებულთა ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს — ამან განაპირობა ბიუჯეტის 25-მილიონიანი ზრდა.
- უწყება არ აპირებს, გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა. სუს-ში 2024 წელსაც 3.850 ადამიანი იქნება დასაქმებული.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე მთავრობას საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები გაუზიარა ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო".
სუს-ის კონტექსტი:
რა არის ამ უწყების დანიშნულება?
კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია
- კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა.
- ის უნდა მოქმედებდეს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, თანაზომიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრინციპით.
- ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.
- 2015-2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშებში სუს-ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნად რუსეთის ფედერაციას განსაზღვრავდა.
სტრიქონებს შორის: 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა საგარეო კურსთან და ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით რიტორიკა სრულიად შეცვალეს.
- ხელისუფლების მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ დასავლეთის ქვეყნებსა და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინსტიტუტებს ნეგატიურ კონტექსტში და მოსახლეობას არარსებული, გამოგონილი გლობალური ომის პარტიის შესახებ ესაუბრებიან, რაშიც, ქართული ოცნების ლიდერები კრებსით დასავლეთს მოიაზრებენ.
რა ხარვეზებზე მიუთითებენ სუს-ს?
- სექტემბერში,15-მა არასამთავრობომ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც დაწერეს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ.
- 2021 წლის სექტემბერში, სოსო გოგაშვილმა — სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაწერა, რომ, უწყებაში მუშაობისას, უსმენდნენ ყველას — მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, ასევე, არა მარტო ე.წ მთავარ ობიექტებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსა და გარემოცვას.
-
გოგაშვილი დეტალურად აღწერდა ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის (ოტო) მუშაობის მექანიზმს და იმას, თუ როგორ ხვდებოდა კრებსები ივანიშვილისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების ხელში.
- 2022 წლის ივნისში, მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია სუს-ის ჩანაწერების შესახებ, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილზე, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაცია.
- გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა სხვადასხვა ადამიანმა დაადასტურა.
რა საგარეო საფრთხეებს ხედავს სუს-ი:
არ ვიცით, რადგან მიმდინარე, 2023 წელს, უსაფრთხიების სამსახურს ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოუქვეყნებია ყოველწლიური ანგარიში
- უწყება, კონტრდაზვერვის მონაცემების მიხედვით, უნდა აქვეყნებდეს დოკუმენტს საგარეო საფრთხეების შესახებ და ეს მათი საჯარო ანგარიშვალდებულების ნაწილია.
- On.ge-ის სუს-ში უთხრეს, რომ 2022 ანგარიში, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს საგარეო გამოწვევები და საფრთხეები, მალე გამოქვეყნდება.
რაც ვიცით, 2015-2021 წლების ანგარიშებში წერია:
მაგალითად, 2021 წლის ანგარიშში სუს-მა, კონტრდაზვერვის მონაცემების მიხედვით დაწერა, რომ
- საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაცია,
- და რომ საქართველოს მიმართ, რუსეთის ფედერაციის მიზანია არამხოლოდ ოკუპაცია, არამედ უკვე ოკუპირებული რეგიონების ანექსია (*ქვეყნის ტერიტორიის, ან მისი ნაწილის მითვისება ძალით, ან მისი გამოყენების მუქარით.).
- რუსეთს სურს, ეს გამოიყენოს საქართველოში არასტაბილური გარემოს შესაქმნელად.
კომენტარები