ასტრონომებმა გიგანტური პლანეტების შეჯახების შემდგომი ნათება დააფიქსირეს
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის სისტემაში უეცარი ინფრაწითელი ნათება დააფიქსირეს, რომელიც პლანეტურმა შეჯახებამ წარმოქმნა. მათ, სავარაუდოდ, შენიშნეს იმ ციური სხეულის სინათლეც, რომელიც ამ მოვლენის შედეგად გაჩნდა.
ვარსკვლავი, ოფიციალური სახელწოდებით 2MASS J08152329-3859234, 2021 წლის დეკემბერში ხილული სპექტრის ტელესკოპებისთვის საგრძნობლად გამკრთალდა. ეს მეცნიერებს სხვა შემთხვევებშიც გამოცდილი ჰქონდათ, თუმცა მაინც იშვიათ მოვლენად მიიჩნევა, ამიტომ აღნიშნულმა ობიექტმა მათი ყურადღება მიიპყრო.
სპეციალისტებმა მნათობს ASASSN-21qj-ის სახელი მიანიჭეს და მასზე დაკვირვება დამატებითი ობსერვატორიებიდანაც დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ გამკრთალებამდე 900 დღით ადრე ვარსკვლავი ინფრაწითელ სპექტრში ძალიან აკაშკაშდა. მსგავსი თანმიმდევრობით ეს მაშინ ხდება, როცა რაღაც მტვრის დიდი ღრუბლის ფორმირებას იწვევს.
ავტორების თქმით, სწორედ ამ ღრუბელს უკავშირდება ნათება, რომელიც ASASSN-21qj-ის მიერ მისმა გაცხელებამ განაპირობა. შემდეგ ის დედამიწასა და ვარსკვლავს შორის მოექცა, რის გამოც ჩვენი პერსპექტივიდან მნათობი დაიჩრდილა. დაახლოებით 100 დღეში ინფრაწითელმა სხივებმა გაქრობა დაიწყო.
მეცნიერებმა მტვრის ღრუბლის ზომა და სავარაუდო ორბიტა გამოითვალეს. შედეგად, მათ დაადგინეს, რომ ერთმანეთს ყინულის 2 გიგანტი შეეჯახა, რომლებიც ნეპტუნისა და ურანის მსგავსი უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი ASASSN-21qj-ისგან 2-16 ასტრონომიული ერთეული მანძილის მოშორებით მოხდა.
ავტორთა პროგნოზით, მტვერი დროთა განმავლობაში ორბიტაზე გაიფანტება და კომეტებს წარმოქმნის. დამატებითი კვლევებით შესაძლოა, აწ უკვე შერწყმული პლანეტების თავდაპირველი შემადგენლობა და მდებარეობაც გამოვლინდეს. მათი მასები უკვე ახალ ციურ სხეულშია გაერთიანებული, რომლის სავარაუდო სინათლეც ასტრონომებმა დააფიქსირეს.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ პლანეტის გარშემო რამდენიმე ბუნებრივი თანამგზავრი ჩამოყალიბდეს. ASASSN-21qj-ის ასაკი სულ რაღაც 300 მილიონი წელი უნდა იყოს, ამიტომ იქ მატერიის დისკოში ციური სხეულების ფორმირების პროცესი, წესით, დასრულებულია. ამის მიუხედავად, შეჯახებები მაინც ხდება, როგორც ადრეულ მზის სისტემაში.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები