რა აღმოაჩინეს იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობენ — კვლევა
მათი სისხლი შედგენილობით სხვების სისხლისაგან განსხვავდება, ამაზე კი მასშტაბური კვლევა მეტყველებს.
ას წელს გადაცილებულ მოხუცებს 60 წლის ასაკიდან სისხლში შედარებით მცირე რაოდენობით აქვთ გლუკოზა, კრეატინინი და შარდმჟავა. ამაზე ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური კვლევა მეტყველებს. შესაძლოა, მიგნებებმა ახალი სისხლის ანალიზის შექმნამდე მიგვიყვანოს, რომლითაც ადამიანებში დღეგრძელობის პროგნოზირებას შევძლებთ. ნაშრომი ჟურნალ GeroScience-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა 44 500 შვედის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც სისხლის მოლეკულებთან დაკავშირებით იძლეოდა ინფორმაციას. ცდისპირებმა კლინიკური შემოწმება 1985-1996 წლებში გაიარეს; შემდეგ მათ 2020 წლამდე აკვირდებოდნენ.
მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება 1893-1920 წლებში დაბადებულ ხალხზე გაამახვილეს, რომლებიც სისხლის ნიმუშების პირველი შემოწმებისას 64-99 წლისანი იყვნენ. ამის შემდეგ მკვლევრებმა მათ მიახლოებით 100 წლამდე მისდიეს.
ცდისპირებისგან 100 წელს 1200-მა ადამიანმა მიაღწია, რაც მათი საერთო რაოდენობის 2.7%-ს უდრის. მკვლევრებმა მათი მონაცემები იმ ხალხისას შეადარეს, რომლებიც უფრო ახალგაზრდები იყვნენ.
შედეგად 12 სისხლის მოლეკულა გამოვლინდა, რომლებსაც მეტაბოლიზმთან, ანთებასთან, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციონირებასთან აქვს კავშირი. საგულისხმოა, რომ წინა კვლევებით ეს ნივთიერებები ასაკის მატებასა და სიკვდილიანობასაც დაუკავშირეს.
მოლეკულებს შორის იყო: ქოლესტეროლი და გლუკოზა, როგორც მეტაბოლიზმის მარკერები; შარდმჟავა, რომელიც ანთებაზე იძლეოდა ინფორმაციას; ენზიმები ღვიძლის ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ხოლო კრეატინინი კი — თირკმლის. მკვლევრებმა სისხლში ალბუმინისა და რკინის დონეებიც შეაფასეს.
ღვიძლის ენზიმისა და ალბუმინის გარდა, ყველა სხვა მოლეკულა ზრდიდა იმის ალბათობას, რომ ადამიანი ას წელს გადასცდებოდა.
კერძოდ, ისინი, ვისაც საერთო ქოლესტეროლისა და რკინის დონეები შედარებით მაღალი ჰქონდათ, სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ცოცხლობდნენ ას წელზე დიდხანს.
მეორე მხრივ, როცა სისხლში შედარებით დაბალი იყო გლუკოზის, კრეატინინის, შარდმჟავასა და ღვიძლის ენზიმების დონეები, სწორედ მაშინ იზრდებოდა ას წელზე მეტხანს ცხოვრების ალბათობა.
"აღმოვაჩინეთ, რომ, საერთო ჯამში, მეასე დაბადების დღეს მიღწეულ ადამიანებს, როგორც წესი, 60 წლიდან მოყოლებული სისხლში შედარებით დაბალი ჰქონდათ გლუკოზა, კრეატინინი და შარდმჟავა", — წერენ მკვლევრები — "ას წელს გადაცილებულ ძალიან ცოტა მოხუცს ჰქონდა წარსულში გლუკოზის დონე 6.5-ზე მეტი ან კრეატინინის დონე 125-ზე მეტი".
ზოგიერთ შემთხვევაში ჯგუფებს შორის აღმოჩენილი განსხვავებები მცირე იყო, თუმცა მეცნიერები მაინც ფიქრობენ, რომ მიგნებები მეტაბოლიზმს, კვებასა და დღეგრძელობას შორის "შესაძლო კავშირის" არსებობაზე მეტყველებს.
მეორე მხრივ, კვლევით კონკრეტული რეკომენდაციები არ იკვეთება, რომლებიც ცხოვრების გახანგრძლივებაში შეიძლება დაგვეხმაროს; იგი ვერ ავლენს ვერც იმ გენებს, რომლებიც სისხლში ამ განსხვავებებს განაპირობებს.
"მიუხედავად ამისა, გონივრულია ვიფიქროთ, რომ კვება, ალკოჰოლის მიღება და სხვა ფაქტორები ამაში გარკვეულ როლს თამაშობს. ასაკის მატებასთან ერთად თირკმლების და ღვიძლის, ასევე გლუკოზისა და შარდმჟავას შემოწმება ცუდი იდეა არ უნდა იყოს", — ასკვნიან ნაშრომის ავტორები.
კომენტარები