"კოსმოსური თერმომეტრით" დედამიწის ტემპერატურა გაზომეს
დედამიწაზე დასაკვირვებლად ორბიტაზე გაშვებული ახალი ხელოვნური თანამგზავრისგან HOTSAT-1 პირველი სურათები მივიღეთ. ეს ერთგვარი "კოსმოსური თერმომეტრია", რომლის მონაცემებიც ჩვენი პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურის ცვლილებას გვიჩვენებს.
ლონდონში დაფუძნებულ კომპანიაში SatVu შექმნილი აპარატის მიერ მოპოვებულ კადრებში სხვადასხვა ქალაქში არსებული არეალები 10-მეტრიანი გარჩევადობითაა წარმოდგენილი. მის კამერას ვიდეოების გადაღებაც შეუძლია. ერთ-ერთ ასეთ ვიზუალურ მასალაში ჩიკაგოს მთავარ რკინიგზაზე მოძრავ ლოკომოტივსაც კი ვხედავთ.
სხვა ფოტოებზე კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე ხანძრების დეტალური თერმული კვალიც ჩანს. ასევე, გამოვლენილია ის სითბური ეფექტი, რაც ლოს ანჯელესში მდებარე დიდი ზომის საპარკინგე ზონებს ახასიათებს.
"თერმულ გამოსახულებებს უკვე ათწლეულებია, მოვიპოვებთ ისეთი მისიების ფარგლებში, როგორიცაა NASA-ს Landsat და ევროპის Sentinel. ამის მიუხედავად, ამ სატელიტების მონაცემები შედარებით დაბალი გარჩევადობისაა — 100, 500 ან 1000 მეტრის. აქამდე არ არსებობდა კომერციული მისია, რომელიც მსგავს ინფორმაციას 10 მეტრზე ნაკლები რეზოლუციის თერმული სპექტრით აგროვებდა", — აცხადებენ SatVu-ში.
HOTSAT-1-ის მაღალი გარჩევადობა შესაძლოა, ქალაქების დაგეგმარებაში დაგვეხმაროს, რადგან ნათელს მოჰფენს, როგორ აღწევს სითბო გარეთ შენობებიდან, საწარმოებიდან, გაზსადენებიდან და ა.შ. ამის მეშვეობით სამომავლოდ უფრო ენერგოეფექტიან ინფრასტრუქტურას შევქმნით, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა.
როგორც წესი, ხელოვნური თანამგზავრები ჩვენი პლანეტის ზედაპირს ხილულ სპექტრში აკვირდება, რომელსაც ადამიანის თვალიც აღიქვამს. გვაქვს სინთეზური აპერტურის რადარებიც, რომლებიც სქელი ღრუბლების მიღმა გამოსახულებებს ღამითაც აფიქსირებს. თითოეული ეს ტექნოლოგია საკმაოდ განვითარებულია, თუმცა დღის განმავლობაში ტემპერატურის სივრცულ ცვალებადობას ვერ ავლენს.
მათგან განსხვავებით, HOTSAT-1 ინფრაწითელ სინათლეზეა კონცენტრირებული, რომელსაც უფრო გრძელი ტალღები აქვს და შედარებით ძნელად აღსაბეჭდია. ამისთვის აპარატებს მეტი დრო სჭირდება, თანაც SatVu-ს სატელიტები წამში 7 კილომეტრს ფარავს, ამიტომ მათი კამერები სამიზნისკენ ზუსტად უნდა მივმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კადრები მკაფიო არ იქნება.
HOTSAT-1 დედამიწის ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტით Falcon 9 კალიფორნიაში მდებარე კოსმოდრომიდან ივლისში გაუშვეს. მას კუბის ფორმა აქვს და 1/1/1 მეტრი ზომისაა. ის იმგვარი ტრაექტორიით გადაადგილდება, რომ პლანეტის ნებისმიერ წერტილს ხედავს. დაახლოებით 1 წელში კიდევ ერთი ასეთი სატელიტის გაშვება იგეგმება, საერთო ჯამში კი — ათის.
კომენტარები