ბაყაყები გადაშენების პირას არიან — კვლევა
ბაყაყები, გომბეშოები, სალამანდრები და ათასობით სხვა ამფიბია გადაშენების მზარდი საფრთხის ქვეშ არიან. კლიმატის ცვლილებისა და გარემოს განადგურების ფონზე პოპულაციები საგანგაშოდ მცირდება.
ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევა იუწყება, რომ ამფიბიების სახეობების 41 პროცენტი (2 900 სახეობა) საფრთხის წინაშეა. 1980 წლიდან ეს სტატისტიკა 3 პროცენტით გაიზარდა.
მკვლევრებმა მთლიანობაში 8 000-ზე მეტი სახეობა შეისწავლეს. კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს დასკვნას, რომ ამფიბიები ხერხემლიანთა შორის ყველაზე მეტად არიან საფრთხის წინაშე.
"სწრაფად ცვალებადი კლიმატის პირობებში, ამფიბიები უნდა მოერგონ გარემოს ან ახალი პირობები სჭირდებათ. თუმცა, ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება და არსებებს ადაპტაციისთვის დრო არ ჰყოფნით. ცალკე პრობლემაა გადაადგილება, რაც ასევე დროსთანაა დაკავშირებული", — განუცხადა NBC News-ს კვლევის ხელმძღვანელმა კელსი ნიმმა.
ორმაგი საფრთხე
ამფიბიებს კანი ხმელეთსა და წყალში სუნთქვის საშუალებას აძლევს, თუმცა ეს მათ დაუცველს ხდის დეჰიდრატაციის მიმართ. ამასთან, არის გარემოს დაბინძურების ფაქტორიც.
გარდა ამისა, წყალსა და ხმელეთზე მათი დამოკიდებულება არსებებს ორმაგი საფრთხის წინაშე აყენებს. ეს შეიძლება იყოს ქარიშხალი, წყალდიდობები და გვალვა.
კლიმატის ცვლილებასთან ერთად საფრთხეს სოფლის მეურნებაც აჩენს. ეს არსებების ჰაბიტატის განადგურების მთავარი წყაროა.
მკვლევრებმა დაავადებებზეც გაამახვილეს ყურადღება.
"კლიმატის ცვლილება ბევრ დაავადებას აჩენს და მის გავრცელებას უწყობს ხელს. ეს ბაყაყებს პათოგენების მიმართ კიდევ უფრო დაუცველს ხდის", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები