მდედრები სქესობრივი პარტნიორების შერჩევას ერთმანეთისგან სწავლობენ — კვლევა
კვლევის მიგნებები მათემატიკურ მოდელს ეფუძნება. სანამ მეცნიერები საველე კვლევებს არ ჩაატარებენ, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი რეალობაშიც ასე ხდება.
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, თუ რა მახასიათებლები იზიდავთ მდედრებს მამრებში. მიუხედავად ამისა, ჯერაც არაა დადგენილი, რატომაა ზოგიერთი მამრი სხვებზე მიმზიდველი ან რატომ იცვლება მდედრების გემოვნება დროთა განმავლობაში. უცნობია ისიც, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა რამეს.
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი მოსაზრება გამოთქვეს: მდედრები პარტნიორების შერჩევას სხვა მეტად გამოცდილი მდედრებისგან სწავლობენ. მათი კვლევის თანახმად, მდედრობითი სქესის ცხოველებს შეუძლიათ, უფროსი ან თანატოლი ინდივიდების არჩევანს მიბაძონ და გემოვნება იმგვარად ჩამოუყალიბდეთ, რომ განსხვავებულ მამრებს მიანიჭონ ხოლმე უპირატესობა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მათემატიკური მოდელი გამოიყენეს და შეამოწმეს, შეუძლიათ თუ არა გამოუცდელ მდედრებს, მამრების მიმზიდველობა მათი სხვებთან შედარებით განსაზღვრონ.
სიმულაციის მიხედვით, როცა მამრებს იმავე მახასიათებლის მიხედვით ანიჭებენ უპირატესობას, რომლითაც გამოცდილმა მდედრმა შეარჩია, ეს მახასიათებლები პოპულაციაში ვარიაციის გარეშე იკიდებს ფეხს. მაგალითად, თუ ყველა მდედრი წითელ მამრს შეარჩევს, დროთა განმავლობაში ყველა მამრი წითელი გახდება.
მაშინ, როცა მდედრებმა მეტად განსხვავებული მამრი შეარჩიეს, იშვიათი მახასიათებელი გახდა უფრო ხშირი და, შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველიც. მაგალითად, თუ ზოგიერთი მდედრი გრძელკუდა ინდივიდს ანიჭებდა უპირატესობას, გრძელი კუდი უფრო ხშირი ხდებოდა და ბოლოს განსხვავებულადაც აღარ ითვლებოდა.
სწორედ ამიტომ, სიმულაციის ფარგლებში დროთა განმავლობაში მდედრების გემოვნებაც იცვლებოდა.
შესაძლოა, დასწავლის პროცესში "მოსწავლემ" შეცდომებიც დაუშვას. მაგალითად: გამოცდილი მდედრი მეტად წითელი ბუმბულის მქონე მამრებს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ იგი N3 მამრთან შეჯვარებას ამჯობინებს; გამოუცდელი მდედრი, რომელიც ამას აკვირდება, ფიქრობს, რომ N3 მამრი მიმზიდველი მისმა გრძელმა კუდმა გახადა. შესაბამისად, იგი გრძელკუდა პარტნიორებს ეძებს და ფერს სულ არ აქცევს ყურადღებას.
თავდაპირველი გარემოებებისა და დასწავლისას დაშვებული შეცდომების მიხედვით, შესაძლოა, პროცესის შედეგად სხვადასხვა პოპულაციის მამრებს განსხვავებული მახასიათებლები განუვითარდეთ.
ამას გარდა, სახეობებს შორის და მათ შიგნითაც მდედრები სხვადასხვანაირ არჩევანს შეიძლება აკეთებდნენ. იმის მიხედვით, თუ როგორია სოციალური სტრუქტურა და რამდენად ხელმისაწვდომები არიან გამოცდილი მდედრები, ზოგიერთი განსხვავებული წყაროდან სწავლობს და გემოვნებაც შესაბამისად უყალიბდება.
საგულისხმოა, რომ კვლევის მიგნებები მათემატიკურ მოდელს ეფუძნება. შესაბამისად, სანამ მეცნიერები საველე კვლევებს არ ჩაატარებენ, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი რეალობაშიც ასე ხდება.
მეორე მხრივ, ეს სქესობრივი გადარჩევის პირველი თეორიაა, რომელიც ხსნის, როგორ შეიძლება ნარჩუნდებოდეს პოპულაციებში მრავალფეროვნება; ხსნის იმასაც, თუ როგორ შეიძლება უწყობდეს ხელს სხვებისგან სწავლა დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების ჩამოყალიბებას.
კვლევა გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები