შესაძლოა, ძუძუმწოვრებში ჰომოსექსუალური ქცევა კონფლიქტების შესამცირებლად განვითარებულიყო
ამაზე მასშტაბური კვლევის შედეგები მეტყველებს, თუმცა სხვა გარემოებებიც გასათვალისწინებელია.
იმავე სქესის წარმომადგენლებთან სქესობრივი კონტაქტის შემთხვევები დაახლოებით 1 500-ამდე ცხოველურ სახეობაში იჩენს თავს. ახალი კვლევის თანახმად, კონკრეტულად ძუძუმწოვრებში ამგვარი ქცევა მაშინ შეიძლება განვითარებულიყო, როცა მათ სოციალურ ჯგუფებად დაიწყეს ცხოვრება.
იმავე სქესთან კონტაქტით ცხოველები ვერ გამრავლდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ჰომოსექსუალურ ქცევას სხვა ევოლუციური სარგებლის მოტანაც შეეძლო, თუნდაც კონფლიქტების თავიდან აცილება და პოზიტიური სოციალური ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება.
ასევე იხილეთ: რეზუს მაიმუნებში მამრებს მამრებთან უფრო ხშირად აქვთ სექსი, ვიდრე მდედრებთან — კვლევა
აქამდე მეცნიერები უმეტესად ცალკეულ სახეობებს აკვირდებოდნენ. ამჯერად კვლევის ავტორებმა ევოლუციური კანონზომიერებები შეისწავლეს ათასობით ძუძუმწოვარ სახეობაში და აღნიშნული ქცევის საწყისებზე გვთავაზობენ მიგნებებს. მათი ნაშრომი ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევის მიგნებებით ადამიანთა სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრს ვერაფერს გავიგებთ — ჰომოსექსუალური ქცევა, რომელიც ანალიზისას გამოიყენეს, ადამიანებში გამოვლენილისგან განსხვავდება.
მეცნიერებმა ჯამში ძუძუმწოვართა 6 649 ცოცხალი სახეობა შეისწავლეს, ხოლო ჰომოსექსუალური ქცევა აქედან 4%-ში, ანუ 261 სახეობაში, გამოვლინდა.
ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში ამგვარი ქცევა თანაბრად ვლინდებოდა მდედრებსა და მამრებში, თუმცა ზოგან ეს მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებდათ.
კვლევით დადგინდა ისიც, რომ ჰომოსექსუალური ქცევა ძუძუმწოვართა სხვადასხვა მოდგმაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვა.
ამას გარდა, მეცნიერების ვარაუდით, აღნიშნული ქცევა ძუძუმწოვართა წამყვანი ჯგუფების უძველეს წარმომადგენლებში (მაგალითად, პრიმატები ან კატები) არ არსებობდა და ახალი მოდგმების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა.
რაც ყველაზე მთავარია, სახეობები, რომლებშიც ჰომოსექსუალური ქცევა ვლინდებოდა, უფრო მეტად სოციალური სახეობები იყვნენ, ვიდრე განცალკევებულები. შესაბამისად, ეს სოციალურ ჯგუფებში ცხოვრებასა და ამგვარ ქცევას შორის გარკვეულ კავშირზე მეტყველებს — აქამდე არაერთ მეცნიერს გამოუთქვამს ჰიპოთეზა, რომ ამ ქცევის განვითარებისთვის სოციალურ ჯგუფებში ცხოვრებას შეიძლება შეეწყო ხელი.
საგულისხმოა, რომ ჯგუფებად ცხოვრებას ძუძუმწოვრებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს. მაგალითისთვის, ეს მტაცებლისგან თავდაცვას გაამარტივებს.
მეორე მხრივ, ეს არაერთ ახალ გამოწვევასაც ქმნის. ძუძუმწოვართა გაერთიანებებში ზოგჯერ იერარქიები ყალიბდება. ამან ზემდგომებსა და დაქვემდებარებულებს შორის შეიძლება კონფლიქტები წარმოშვას, შედეგად კი ჯგუფიც დაიშალოს.
ჰომოსექსუალური ქცევა შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი გზა, რომლითაც ძუძუმწოვრები ამ ურთიერთობებს აწესრიგებდნენ. შესაძლოა, იმავე სქესის წარმომადგენელთან სქესობრივი კავშირი გაერთიანებების შექმნასა და კონფლიქტების გადაჭრას ემსახურებოდეს.
ზოგიერთი ექსპერტი საკითხს მეტად სკეპტიკურად უდგება და მიიჩნევს, რომ ძუძუმწოვრებში იმავე სქესის წარმომადგენლებთან სქესობრივი კონტაქტი რაიმე ერთი ფაქტორით არ აიხსნება.
გასათვალისწინებელია, რომ ცხოველთა სამეფოდან მკვლევრებმა მხოლოდ ძუძუმწოვრები შეისწავლეს — იმავე სქესის წარმომადგენლებთან სქესობრივ კონტაქტში ჭრიჭინებიც შედიან, თუმცა ისინი სოციალურ ჯგუფებად სულაც არ ცხოვრობენ.
ამას გარდა, მიგნებებზე სხვა გარემოებებსაც შეიძლება ჰქონოდა გავლენა, მაგალითად, ველურ ბუნებაში ჰომოსექსუალურ ქცევაზე დაკვირვების სირთულეს.
ამრიგად, შესაძლოა, ძუძუმწოვრებში იმავე სქესის წარმომადგენელთან სქესობრივი კონტაქტი ჯგუფში სოციალური დინამიკის მართვასა და ალიანსების შექმნას ემსახურებოდეს. მეორე მხრივ, ეს ჰომოსექსუალური ქცევის მხოლოდ ცალკეული ახსნაა.
კომენტარები