ჩვენი გალაქტიკა შესაძლოა, ისეთი მასიური არ იყოს, როგორიც გვეგონა
დედამიწა ირმის ნახტომის გალაქტიკაშია მოქცეული, ამიტომ მას ისე სრულად ვერ ვხედავთ, როგორც სხვა ამგვარ სისტემებს. ძნელია ზუსტი მასის გამოთვლაც, თუმცა მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ეს სცადეს, რისთვისაც გალაქტიკის ბრუნვის მრუდზე გაამახვილეს ყურადღება.
ეს მსგავსი ობიექტების მასის დადგენის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან ვარსკვლავებამდე მანძილისა და მათი მოძრაობის სიჩქარის გაზომვას გულისხმობს. მნათობის სისწრაფე მისი ორბიტის ფარგლებში არსებული მასის პროპორციულია, რაც ბრუნვის მრუდზე დაყრდნობით ყოველ რადიუსზე მასის გამოთვლასა და შეჯამებას ხდის შესაძლებელს.
აქამდე სხვა ისეთი გალაქტიკების ბრუნვის მრუდია შესწავლილი, როგორიც, მაგალითად, ანდრომედაა. შესაბამისად, მათი მასები საკმაო სიზუსტითაა გამოთვლილი. ამის მიუხედავად, ირმის ნახტომს ასე ვერ ვაკვირდებით, რადგან ცენტრისკენ მტვერი და აირი ვარსკვლავებს ფარავს.
ამ დაბრკოლების გადასალახად ბრუნვის მრუდი ნეიტრალური წყალბადის მიერ გამოყოფილ მკრთალ სინათლეზე დაყრდნობითაა გაანალიზებული, რომლის ტალღური სიგრძეც დაახლოებით 21 სანტიმეტრია. ეს მეთოდი ვარსკვლავთა სიჩქარეზე დაფუძნებულ კვლევას სიზუსტით ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ამის და ირმის ნახტომის ჰალოში განლაგებული სფეროსებრი შეჯგუფებების მახასიათებლების გათვალისწინებით მიიჩნევა, რომ ჩვენი გალაქტიკის სავარაუდო მასა დაახლოებით 1 ტრილიონი მზის მასაა.
მეცნიერებმა ახალი კვლევისთვის Gaia-ს ტელესკოპის მონაცემთა მესამე გამოშვება გამოიყენეს, რომელიც 1.8 მილიარდზე მეტი ვარსკვლავის განლაგებასა და 1.5 მილიარდზე მეტი მნათობის მოძრაობაზე შეიცავს ინფორმაციას. მართალია, ეს ირმის ნახტომის 100-400-მილიარდიანი ვარსკვლავური პოპულაციის მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა ბრუნვის მრუდის გამოსათვლელად საკმარისია.
მიღებულმა შედეგმა მათ ე.წ. კეპლერის კლების იდენტიფიცირების საშუალება მისცა. მასში იგულისხმება ირმის ნახტომის ის გარეთა რეგიონი, სადაც მნათობთა სიჩქარე იკლებს. ეს სწორედ კეპლერის კანონებთანაა შესაბამისობაში, რადგან გალაქტიკის მასა ცენტრთან ახლოსაა თავმოყრილი.
კეპლერის კლებაზე დაკვირვება შესაძლებელს ხდის, რომ ირმის ნახტომის მასის ზედა ზღვარი დავადგინოთ. ზუსტად ეს გააკეთეს ავტორებმა და მოულოდნელი რამ დაასკვნეს.
მათი განცხადებით, ჩვენს გალაქტიკას დაახლოებით 200 მილიარდი მზის მასა უნდა ჰქონდეს, რაც წინა მაჩვენებლის მხოლოდ მეხუთედია. ზედა ზღვარი კი 540 მილიარდი მზის მასაა. ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომს, სავარაუდოდ, იმის ნახევარი მასა აქვს, რაც აქამდე გვეგონა და რომ აქ უფრო ნაკლები ბნელი მატერიაა, ვიდრე ამ დრომდე ვფიქრობდით.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები