Meta-ს მიერ წაშლილი სამთავრობო სტრატკომთან დაკავშირებული ქსელის ანატომია
ქსელი მიზნად ისახავდა ქართული აუდიტორიისთვის იმ ნარატივის თავზე მოხვევას, რომ უკრაინის მხარდაჭერა საქართველოში რუსეთის შემოჭრას გამოიწვევდა
2023 წლის 3 მაისს Meta-მ საგარეო საფრთხეების კვარტლური რეპორტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მან წაშალა საქართველოში არსებული არაავთენტური ქსელი, რომელშიც 117 აქტივი შედიოდა. Meta-მ კოორდინირებულად მოქმედი ქსელი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს დაუკავშირა. კომპანიის თქმით, "ოპერაციაში ჩართული ადამიანები ცდილობდნენ, ერთმანეთთან კავშირი და საკუთარი იდენტობები შეენიღბათ".
ანგარიშის თანახმად, ამ აქტივობებში ჩართული ადამიანები ყალბი ანგარიშების გამოყენებით ქმნიდნენ ფიქციურ იდენტობებს, რათა პროსახელისუფლებო კონტენტი უფრო პოპულარული გამოჩენილიყო, ვიდრე რეალურად იყო: "ისინი ასევე აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, განსაკუთრებით კი, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის განხილვის პერიოდში".
2023 წლის მარტში ანტისამთავრობო და ანტირუსულმა პროტესტის ტალღამ მმართველი პარტია აიძულა, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტზე უარი ეთქვა. "ქართული ოცნება" ცდილობდა, საპროტესტო ტალღის დისკრედიტაცია იმ ნარატივის გავრცელებით მოეხდინა, რომ საქართველოს რუსეთის მორიგი შემოჭრა ემუქრებოდა. ასევე აქტიურად ხდებოდა იმ გზავნილის გავრცელებაც, რომ აქციები დასავლეთის მიერ იყო ორკესტრირებული.
2022 წლის გაზაფხულზე DFRLab-მა დამოუკიდებლად მიაკვლია ქსელის ერთ ნაწილს, რომელიც მეტამ 2023 წელს წაშალა. DFRLab-მა კომპანია საქმის კურსში 2022 წლის 7 ივლისს ჩააყენა. იმ დროისათვის მეტამ გადაწყვიტა, რომ აქტივობა "არაავთენტური კოორდინირებული ქმედებაში" არ ჯდებოდა, თუმცა შეფასება 2023 წელს შეიცვალა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეტამ არაავთენტური ქსელი საქართველოს მთავრობას დაუკავშირა. მსგავსი პრეცედენტები დაფიქსირდა 2019 და 2020 წლებშიც, რასაც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ქსელების წაშლა მოჰყვა.
"ომში ჩათრევის" ნარატივი
ერთ-ერთი გავრცელებული ნარატივის თანახმად, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს, რასაც ქვეყანაში რუსეთის პოტენციური შემოჭრა მოჰყვება. ნარატივი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მომხდარ ორ მნიშვნელოვან მოვლენასთან არის კავშირში: რუსეთ-უკრაინის ომთან და ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების მცდელობასთან.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მმართველი პარტიის "რბილმა" პოლიტიკამ რუსეთის მიმართ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობა დაძაბა. ომის საწყის ეტაპებზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინა დაადანაშაულა, რომ მან ომის თავიდან არიდება ვერ შეძლო და განაცხადა, რომ საქართველო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა. ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინა "ომით ისჯება, საქართველოს მთავრობა კი მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, მათ შორის ხაზგასმული იყო, რომ "საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება", — განცხადებების ამ სერიამ უკრაინის მხარდამჭერი და ანტისახელისუფლებო აქციების სერია გამოიწვია.
2022 წლის მაისში ქართულმა ოცნებამ და პროსახელისუფლებო მედიამ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ეს ტაქტიკა FSB-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს.
ამ მოვლენების პარალელურად, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად გამოთქვეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო სამიდან, რომელსაც კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. ევროკავშირმა საქართველოს თორმეტი რეკომენდაცია მისცა 2022 წლის ბოლომდე შესასრულებლად. რეკომენდაციებში აღნიშნული იყო, რომ ქვეყანა დემოკრატიულ რეგრესს განიცდის. შედეგად, ქართული ოცნების მთავრობამ ახლა უკვე ევროკავშირი ამოირჩია სამიზნედ და იმავე ნარატივებით შეუტია ევროპას, რომელსაც აშშ-სა და უკრაინის შემთხვევაში იყენებდა. მაღალი თანამდებობის პირებმა, პრემიერმინისტრის ჩათვლით, განაცხადეს, რომ უკრაინას მხოლოდ იმიტომ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რომ რუსეთთან ომშია ჩაბმული და ქართველებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ევროკავშირში გაწევრიანებასა და მშვიდობას შორის. პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, "თუ ომი განსაზღვრავს [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენ არ გვინდა ომი".
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან (StratCom) დაკავშირებულმა არაავთენტურმა ქსელმა შეცდომაში შემყვანი და "წარმოსახვითი ომით" დამშინებელი ნარატივები კიდევ უფრო გააძლიერა.
საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი აშშ-სა და სხვა დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსდება. დეზინფორმაციაზე მომუშავე ქართულმა ორგანიზაციებმა წარსულშიც რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ სტრატკომი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადგილობრივ მედიას უპირისპირდებოდა. იყო შემთხვევა, როცა სტრატკომის Facebook-ის გვერდმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წევრის კრიტიკულ ტვიტს "ყალბი" უწოდა.
2021 წელს ISFED-მა ქსელში შემავალი გვერდებისა და ჯგუფების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "გვერდებს მართავდნენ ან კოორდინაციას უწევდნენ [სტრატეგიული კომუნიკაციების] დეპარტამენტების თანამშრომლები".
რისგან შედგებოდა ქსელი
როდესაც Meta-მ გადაწყვიტა, ქსელი საკუთარი პლატფორმებიდან წაეშალა, მასში 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამის ანგარიში შედიოდა. Meta-ს პლატფორმებზე არსებული ასეტების მიღმა ამ ქსელის მმართველი აქტორები, როგორც ჩანს, მართავდნენ 5 გარე ვებსაიტს და Telegram არხს, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. გარდა ამისა, ქსელი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებსაც ავრცელებდა. ეს საყურადღებოა, რადგან ივანიშვილის თქმით, ის საერთოდ აღარაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში, მმართველი პარტია კი მის როლს ქვეყნის მართვაში გამუდმებით უარყოფს.
Facebook გვერდები
2022 წელს DFRLab-ის მიერ თავდაპირველად გამოვლენილი ექვსი ფეისბუქ გვერდიდან ხუთი ივანიშვილის, პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის და პარტია ქართული ოცნების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ერთ-ერთი გვერდი, Geoauction.ge, ონლაინ შოპინგის პლატფორმად იყო წარმოდგენილი, მაგრამ 2021 წლიდან მიძინებული იყო. ამ სტატიის გამოქვეყნების დროისათვის, ექვსი გვერდიდან სამი ისევ აქტიურია.
ორმა გვერდმა [ირაკლი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის] რამდენიმე წუთის შუალედით გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც პრემიერმინისტრი საქართველოს "მეორე ფრონტად" ქცევის საფრთხეზე საუბრობდა. პოსტებს მსგავსი, თუმცა არაიდენტური აღწერა ჰქონდათ. 13 ივნისს გამოქვეყნებული პოსტები ასევე შეიცავდა ბმულს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ Telegram არხზე გადადიოდა (Irakli & Supporters). Telegram-ის არხი 2022 წლის 13 მარტს შეიქმნა, მაგრამ 2023 წლის 18 ივლისიდან ხელმისაწვდომი აღარაა.
გვერდმა ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის 150-მდე პოსტი ჩაუშვა რეკლამაში, რაშიც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე დაახლოებით $15 000 დაიხარჯა. უცნობია, საიდან მოვიდა ეს თანხა.
გვერდების ირაკლი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის საინფორმაციო განყოფილებაში (About) ნახსენებია ორი ვებგვერდი, Ivanishvili.ge და Forgeorgia.ge, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი დომენით Raketdeba.ge. შენიღბვის მცდელობის მიუხედავად, დომენის მფლობელების შესახებ ძველი ჩანაწერები მიუთითებს, რომ ვებგვერდი Ivanishvili.ge ბექა მჭედლიშვილმა, საქართველოს StratCom-ის უფროსის მოადგილემ დაარეგისტრირა. მჭედლიშვილს წარსულში საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც ეკავა თანამდებობა. მისი ფეისბუქ ანგარიში ერთ-ერთი "წმენდის" დროს წაიშალა. მჭედლიშვილი ამ ქსელის ცენტრალურ ფიგურად ISFED-მაც დაასახელა.
დომენის ჩანაწერების არქივში დანარჩენი ორი დომენის რეგისტრატორების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა ანალიზის შედეგად ჩანს, რომ ვებსაიტები ცენტრალიზებულად იმართება. სამივე ვებგვერდს Google Analytics-ის ერთი და იმავე კოდი აქვს და არსებობს მტკიცებულება, რომ მათ, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან აქვთ დაკოპირებული კოდი. Forgeorgia.ge იყენებს წყაროს კოდს, რომელიც ასევე გამოიყენება Raketdeba.ge-ზე, ხოლო Ivanishvili.ge იყენებდს კოდს, რომელიც ასევე ჩანს Forgeorgia.ge-ზე. სამივე ვებსაიტს აერთიანებს Wordpress-ის ერთნაირი თემა და ჩანართები. გარდა ამისა, Facebook ბმული Forgeorgia.ge-ზე ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის Facebook გვერდზე გადადის.
Facebook ჯგუფები
DFRLab-მა დაადგინა, რომ გვერდები ირაკლი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის, ჯამურად 11 ფეისბუქ ჯგუფს მართავდნენ, რომლებიც ქართული ოცნების პოპულარიზაციას ემსახურებოდნენ. ანგარიშები ხშირად კოორდინირებულად აზიარებდნენ პოსტებს გვერდებიდან ჯგუფებში და ომში ჩათრევის ნარატივებს ავრცელებდნენ.
ჯგუფი ღარიბაშვილის ფაქტორი 2018 წლის 26 ივლისს იყო შექმნილი სახელით "დასაქმება და ვაკანსიები თბილისში". მას სახელი 2021 წლის 30 აპრილს შეეცვალა და ღარიბაშვილის ფაქტორი გახდა.
Facebook ანგარიშები
"მეორე ფრონტის" ნარატივების პოპულარიზაციის გარდა, ამ ქსელის ანგარიშები სხვადასხვა სიახლეებს ავრცელებდნენ, მათ შორის — ანტიამერიკულ გზავნილებს. სტრატკომის მიერ მართული ქსელის ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ კრემლის ნარატივს, რომლის თანახმადაც, საქართველო აშშ-სთვის "ვასალია". ანგარიშები ასევე ავრცელებდნენ კადრებს კრემლის მომხრე აქტორების მონაწილეობით, მათ შორის კრემლის News Front Georgia-ს ქართული ფილიალის წევრების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციიდან. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, News Front, რომელიც მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც ოპერირებს, პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან და "ერთ-ერთი ყველაზე აშკარა რუსული დეზინფორმაციული საიტია".
ხუთი ანგარიში არაავთენტურობის ნიშნებს ღიად ამჟღავნებდა. ამ ანგარიშებს ცარიელი კედლები ჰქონდათ, თუ არ ჩავთვლით პროსახელისუფლებო პოსტებსა და ოპოზიციის დისკრედიტაციის შემცველ პოსტებს. ეს ანგარიშები ფოტოებად ასევე სხვა მომხმარებლებისგან მოპარულ ან ინტერნეტიდან აღებულ სურათებს იყენებდნენ.
კომენტარები