ნახეთ ვიდეო: Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი ახალ შესაძლებლობებს გვიჩვენებს
ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ის, იგივე TeslaBot-ის, ვიდეო გაგვიზიარა. კადრებში მისი ახალი შესაძლებლობების დემონსტრაციაა წარმოდგენილი. მაგალითად, ვიგებთ, რომ მოწყობილობაში ისეთივე ხელოვნური ნეირონული ქსელი გვხვდება, როგორიც ცნობილი ავტომწარმოებლის ელექტრომანქანებში.
ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ, როგორ იტარებს რობოტი თვითიდენტიფიკაციას, რისთვისაც მექანიკურ ხელებს ითვალიერებს. ეს ახალ გარემოსთან მოსარგებად აუცილებელია. ის შემდეგ შემაერთებელი წერტილების სენსორებს იყენებს, რათა სივრცეში ხელების მდებარეობა გარე ინფორმაციის გარეშე დააფიქსიროს. ამის მეშვეობით Optimus-ი სხვადასხვა ობიექტს ეხება და ამა თუ იმ დავალებას სიზუსტით ასრულებს.
ერთ-ერთი ასეთი დავალება ლურჯ და მწვანე ლანგრებზე იმავე ფერის ობიექტების მოთავსებაა. რობოტი მათ მარტივად იღებს და ადამიანური სისწრაფით ახარისხებს. ასევე, ის ადვილად ფუნქციონირებს გარემოს ცვლილების პარალელურადაც. მაგალითად, კადრებში ჩანს, რომ როცა ამ ობიექტებს ადამიანი ადგილს უცვლის, TeslaBot-ი ახალ სიტუაციაში გამოსავალს პოულობს და დავალების შესრულებას ჩვეულებრივ განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ რობოტს საკუთარი შეცდომების გამოსწორებაც შეუძლია: როდესაც ლანგრებზე გადატანისას ლეგოს მსგავს სათამაშოებს გადაბრუნებულად დებს, მათ ხელახლა უბრუნდება და ასწორებს.
Optimus-ი ბალანსსა და მოხერხებულობასაც გვიჩვენებს. ამისთვის ის სხვადასხვა პოზაში დგება იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ ართმევს თავს მექანიკური სხეულის კონტროლსა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
Tesla პროექტში მონაწილეობის მისაღებად ინჟინრებს იწვევს, რადგან რობოტის დახვეწა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ პროცესში კი ახალი პროფესიონალების ჩართვაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება კომერციულად ხელმისაწვდომი საბოლოო პროდუქტი, მაგრამ ბოლო ვიდეო სწრაფ პროგრესს ცხადყოფს.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ჰუმანოიდ რობოტზე მუშაობს, Apptronik-ია. მან პირველი კომერციული პროდუქტი ახლახან წარადგინა. ის საწარმოო პროცესში ადამიანთა დასახმარებლადაა შექმნილი და Optimus-ის პოტენციური კონკურენტია.
კომენტარები