ჩცდ-ის 6 პერსონაჟი, რომელიც სულაც არაა დადებითი სახე
ფრთხილად! სტატია სავსეა სპოილერებით და არაპოპულარული აზრებით.
პოპულარული ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები უკვე ათწლეულზე მეტია, ტელეეკრანებზე გადის. ამ ხნის განმავლობაში სერიალში უამრავი პერსონაჟი ვიხილეთ — გარდა მთავარი გმირების ცხოვრებისა, სხვადასხვა სეზონში თვალს ვადევნებდით თეატრალებს, მეგრულ სანათესავოს, ვაკის "ბაბლს" და კიდევ ბევრ სხვა ხაზს. ჩცდ-ის ერთ-ერთი ღირსება სწორედ პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეაა — ამდენსეზონიანი ისტორიის მიუხედავად, სერიალში ორ ერთნაირ გმირს ძნელად თუ იპოვით.
ზოგი პერსონაჟი მაყურებელმა მეტად შეიყვარა, ზოგიც — ნაკლებად. თუმცა, მგონია, რომ რამდენიმე გმირს მაყურებელთა უმრავლესობის სიმპათია სრულიად დაუმსახურებლად ხვდა წილად. ცხადია, ეს სუბიექტური აზრია — ისევე, როგორც მაყურებლის დამოკიდებულება. ამასთან, სერიალში სქემატური გმირები არ არიან წარმოდგენილები; თითოეულ მათგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუმცა, მეტ-ნაკლებად უარყოფითი პერსონაჟების სიცუდეზე თითქოს ყველა ვთანხმდებით: დათო, ზაზა, სოსო, გრიშა კაკაჩია... არადა, ვფიქრობ, ამ ჩამონათვალს ბევრისთვის საყვარელი გმირებიც უნდა დავამატოთ.
აი, მაგალითად...
1. დიტო
დიტო შარაშენიძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე პერსონაჟიდან, რომელთა სიცუდე ეკრანზე გამოჩენისთანავე ცხადი იყო. კატოს მეორე ქმარს, როგორც ვიგებთ, ბავშვობიდან უყვარდა იგი. სწორედ ამიტომ, კატოს ყურადღების მიქცევას დიტო ყველანაირად ცდილობდა და ჯერ კიდევ ურთიერთობის დაწყებამდე ამჟღავნებდა თავის "რედ ფლეგებს": მესაკუთრეობასა და მანიპულატორობას. თუმცა, მისი ეს ორი თვისება ქორწინების შემდეგ განსაკუთრებით გამძაფრდა. შეიძლება გახსოვთ კიდეც, ქორწილშივე, რესტორნის საპირფარეშოში, დიტომ ეჭვიანობის სცენა მოაწყო და ატირებულ კატოს გამოუცხადა, რომ მასთან შეთანხმების გარეშე "აღარც იცეკვოს, აღარც იცინოს და აღარც იაროს".
ზუსტად ასე გაგრძელდა კატოს ცხოვრება ქორწინების შემდეგ. დიტო მას გამუდმებით აკონტროლებდა, ამის "დასაბალანსებლად" პერიოდულად სიურპრიზებს უწყობდა და მერე არც ეჭვიანობის ახალ-ახალ სცენებს აკლებდა ხოლმე. სამაგიეროდ, როდესაც მისგან ღალატის აშკარა ფაქტის გამო კატო გაბრაზდა, ქმარი მას ხელითაც კი შეეხო. ეს სცენა, წესით, ბოლო წერტილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დიტო კატოს ცხოვრებაში უხეშად ჩარევას დაშორების შემდეგაც განაგრძობდა. რაც მე მეკუთვნისო — ერთხელ წამოსცდა კიდეც კატოზე საუბრისას; კატოს, როგორც ნივთს, იგი საკუთრებად აღიქვამდა.
ამდენად, დიტო არანაირ კონტექსტში არ შეიძლება დადებით პერსონაჟად განვიხილოთ. სერიალში ის მოძალადე კაცის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო. თუმცა, მის მიმართ მაყურებლის სიმპათიას, შესაძლოა, ის ფაქტი ხსნიდეს, რომ გმირი კოტე თოლორდავამ განასახიერა. თოლორდავა უდავოდ იყო ჩვენი დროის გამორჩეული მსახიობი და ამის ერთ-ერთი დასტური სწორედ დიტოს როლია, მისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის უბადლო განსახიერება.
2. ცოტნე
ცოტნე ცოტაშვილი რომ არაადეკვატური, უპასუხისმგებლო და უპრინციპო ადამიანია, ამის შემჩნევა რთული ნამდვილად არაა. თუმცა, ეს პერსონაჟი მაინც ბევრმა მაყურებელმა შეიყვარა. არ დავმალავ, მისი მონაწილეობით ეპიზოდები მართლაც სახალისო საყურებელი იყო, თუმცა, ესეც — მხოლოდ თავიდან. ამის მიუხედავად, რეალობაში მსგავს ადამიანთან არათუ მეგობრობის, ნაცნობობის სურვილიც კი არ მექნებოდა.
ავანტიურისტი ცოტაშვილი სერიალში მაშინ გამოჩნდა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩაერთო. მაშინვე დავინახეთ, რომ მისთვის მიზანი საშუალებას ყოველთვის ამართლებდა. იყო იმპულსური, არაგულწრფელი, ხშირად საკუთარ გადაწყვეტილებებსაც კი ღალატობდა. რასაკვირველია, მისი ყველა ურთიერთობაც გატაცებას უფრო წარმოადგენდა. ვფიქრობ, იმასაც იაზრებდა, რომ ასე ადამიანების გრძნობებით თამაშობდა; მაგრამ ეს სულაც არ ადარდებდა.
ცოტნეს ერთადერთი დადებითი მხარე კი ალბათ ისაა, რომ შვილზე ზრუნავდა, ან ცდილობდა მაინც.
3. შავლეგო
ცოტნეზე არანაკლებ არაადეკვატური ყოფილა შავლეგო მადლიანი. ვაკელი ბიზნესმენი, რომლისთვისაც კომუნიკაციის ყველაზე მისაღები გზა ძალადობა იყო, რთული წარმოსადგენია, რომ ვინმეს სიმპათიას იმსახურებს. თუმცა, ასეთს არაერთს ვიცნობ.
აი, ცოტნესგან განსხვავებით, ვერ ვიპოვით სხვა პერსონაჟს, რომელთანაც "შაგუს" მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. იგი შვილთანაც კი შეუფერებლად იქცეოდა. სწორედ მისი და ჩიკას ბრალია, რომ სვეტლანკა ასეთი თავნება, გულგრილი და ეგოისტი გაიზარდა. თუმცა, მხედველობაში ერთი ფაქტის მიღება შეიძლება — თავად შავლეგოც ასეთ ოჯახში იზრდებოდა; როცა სერიალში დედამისი, რუსა, გამოჩნდა, ყველაფერი გასაგები გახდა. ნარცისი, ამპარტავანი და გულგრილი დედისგან რომ შავლეგოს ყურადღება და მზრუნველობა აკლდა, ესეც მალე გავიგეთ. ალბათ სწორედ ამ ცარიელი სივრცის შევსებას ცდილობდა იგი თავის ფსიქოლოგთან, მარია აზამასცევასთან, რომელთანაც დროთა განმავლობაში ადეკვატური თუ არა, მასთან მიახლოებული ურთიერთობა მაინც ჩამოუყალიბდა.
4. ჩიკა
კიდევ ერთ ცოდვას გავამხელ — თავადაც ბევრჯერ გამომიყენებია გურანდა (ჩიკა) მეძმარიაშვილის ფრთიანი ფრაზები. ალბათ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამ გმირს ცოტა თუ აღიქვამს უარყოფით პერსონაჟად. არადა, შავლეგო მადლიანის ცოლიც არანაკლებ არაადეკვატური და ნარცისი ყოფილა.
ისიც გასაკვირია, რომ ჩიკას დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა; ისინი ხომ ხასიათით გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთიმეორეს. ჩიკაც ზუსტად ასეთივე თავისნათქვამა და ელიტისტი იყო, რომელიც ადამიანს სოციალური სტატუსით ასხვავებდა. მეტიც, ამას დაცინვის და ჩაგვრის იარაღად იყენებდა. იგი ზემოდან უყურებდა მეგობრებსაც კი და მიაჩნდა, რომ თავისი ტოლი დედამიწის ზურგზე არ დაიარებოდა. აქ ვინმემ შეიძლება ჩიკას და თამუნების "მეგობრობა" გაიხსენოს. მისი დაქალებიც ხშირად ახსენებდნენ, მაგ "სოფლელებთან" როგორ მეგობრობო. თუმცა, ჩიკა თავადვე ამბობდა, რომ თამუნები მისთვის შინაური ცხოველებივით იყვნენ და მათით, უბრალოდ, ერთობოდა.
პერსონაჟის ასეთი ხასიათი კი მის ორივე შვილზე აისახა; უყურადღებობამ სანიც და სვეტლანკაც გაათამამა, ოღონდ — სხვადასხვა გზით.
5. ნუნუკა
ბაქარი რომ ცუდი პერსონაჟია, ამაზე უკვე კაი ხანია, ყველა შევთანხმდით. თუმცა, რატომღაც, იშვიათად მხვდება ხოლმე ნუნუკას პერსონაჟის კრიტიკა. მის ხასიათში დაჭერილი იმერული შტრიხების გამო, ბევრმა გმირი კომიკურადაც აღიქვა და მიუღებელი საქციელებიც ალბათ გროტესკში გაატარა.
არადა, ნუნუკა უარყოფითი გმირია. თავიდანვე ჩანს, რომ იგი მეტისმეტად ერევა შვილების ცხოვრებაში. ჩარევაცაა და ჩარევაც — ზრდასრულ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს მისი პირადი ცხოვრების გამო, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჯდება. რა თქმა უნდა, ბაქარმა მას არ მოუსმინა და ბოლოს მაინც იქორწინა თამუნაზე, მაგრამ მაინც ბევრი დრო და ფული დასჭირდა, რომ დედამისს მისი აზრი რამედ ჩაეგდო. მართალია, ამის შემდეგ ნუნუკას შენიშვნებს რჩევის ფორმა უფრო ჰქონდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, იგი ბაქარის მზაკვრული გეგმების თანამზრახველად და ხელშემწყობად იქცა. მან ბაქარის ეგოს გამოკვებასა და ამბიციების გაზრდაშიც შეიტანა თავისი წვლილი.
თუმცა, რასაკვირველია, ნუნუკასაც ჰქონდა თავისი "სიმართლე". ერთ ეპიზოდში პერსონაჟის დაუცველ მხარეს ვხედავთ — როცა ქმრის ღალატის შემდეგაც კი, ოჯახის წევრების გამო, საკუთარ თავს გრძნობების გამოხატვისა და ახალი ურთიერთობის დაწყების უფლებას არ აძლევს. ოჯახისთვის იგი ყოველთვის საყრდენი კედელი იყო და ალბათ სწორედ ამან ჩამოუყალიბა ხისტი ხასიათი.
6. ჯემალი
და, აი, სტატიის ბოლო და ყველაზე საკამათო პუნქტს მივადექით. ჯემალ გოცირიძე ბევრი მაყურებლის საყვარელი პერსონაჟია და მას, რა თქმა უნდა, ხაზგასმით უარყოფით გმირადაც ვერ გამოვაცხადებთ. თუმცა, ვფიქრობ, დადებითმა თვისებებმა დაჩრდილეს მისი გამოკვეთილად ცუდი მხარე — დამოკიდებულება ოჯახისა და ცოლისადმი.
რთულია ისეთი ეპიზოდის მოძებნა, სადაც ჯემალი თავის სავარძელში არ ზის და ტელევიზორს არ უყურებს. პერიოდულად კიდეც ბუზღუნებს ხოლმე — განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე მის "შეწუხებას" მოისურვებს. თითქოს ეს არ კმაროდეს, უხასიათო და უსაქმურ ჯემალ გოცირიძეს მანანასადმი აგდებული განწყობილებაც გამოარჩევს. იგი ცოლს მუდამ დასცინის, აკრიტიკებს და არად აგდებს იმ ყველაფერს, რასაც მანანა ოჯახისთვის უანგაროდ აკეთებს.
ოჯახში არათანაბრად განაწილებული და აუნაზღაურებელი სამუშაოს ქალების მიერ შესრულება რომ ხშირად "უხილავია", ამ პრობლემას რეალობაშიც ვაწყდებით. მაგრამ ჯემალი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, უმადური პერსონაჟიცაა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა მასა და მანანას შორის მორიგი კამათი იწყება, ჯემალი ცოლს ეუბნება, რომ "ძალიან კარგი", თუ მალე მოკვდება — დავისვენებ შენგანო. სხვათა შორის, ეს შეკამათებაც იმას მოჰყვა, რომ მანანამ სმის გამო შენიშვნა მისცა. ჯემალის ამ ნათქვამსაც ნასვამი ადამიანის წამოროშვად ჩავთვლიდით, რომ არა ყველა სეზონში თვალნათლად დანახული მისი უპატივცემულო დამოკიდებულება. სხვათა შორის, ამ "წამოროშვის" გამო ჯემალ გოცირიძეს არც კი მოუბოდიშებია.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ ჯემალიც და მანანაც სხვა თაობას წარმოადგენენ; თავად მანანასაც არასწორად ესახებოდა ოჯახური ურთიერთობები (რაც ნინასთან საუბრებში ჩანდა). მაგრამ ჯემალის დადებით პერსონაჟად მოხსენიებაც არ ივარგებს.
კომენტარები