რას ამბობენ გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებულები და პოლიტიკოსები სუს-ის განცხადებაზე — მოკლედ
რა ხდება: სუს-მა დღეს ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, თითქოს "გარკვეული ჯგუფი", რომლებიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებს, დესტაბილიზაციას, არეულობას და ტერორისტულ აქტს გეგმავს, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
- უწყებამ ისაუბრა ბარიკადების და კარვების ქალაქის მოწყობის გეგმაზე, შესაძლო აფეთქებაზე და ევრომაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაზე.
- სუს ამტკიცებს, რომ "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
- "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული "პრორუსულობის" ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის", — წერს სუს.
ვის ასახელებს სუს ორგანიზატორებად: უწყება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრს, მიხეილ ბატურინს და უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილს ადანაშაულებს.
- ამავდროულად, სუს წერს, რომ "აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით", რითიც სავარაუდოდ უკრაინაზე მიანიშნებს, რადგან ყველა ხსენებული პირი ამჟამად უკრაინაში იმყოფება.
- მათივე მტკიცებით, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და "დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი", რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.
- სუს ამბობს იმასაც, თითქოს რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია ოტპორი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უწყება მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს და აქამდე კონკრეტული შედეგების ან გამოძიების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- უწყებას ამჯერადაც არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ბრიფინგზე განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა.
- არასამთავრობო სექტორი ამას საზოგადოებაში შიშის დათესვის მცდელობად აფასებს და საინფორმაციო მანიპულირებას ადარებს, რაც ავტორიტეტული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებულები: ქართველი ლეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს განცხადება პირდაპირ ნაკარნახევია რუსეთიდან და დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან.
- "როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს", — უთხრა მან ფორმულას.
- მიხეილ ბარუტინი TV პირველთან ამბობს, რომ მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ერთხელ ნახა, შარშან და ისიც შემთხვევით გადაიკვეთენ.
- მისივე თქმით, გიორგი ლორთქიფანიძეც რამდენიმე თვის წინ შემთხვევით ნახა.
- ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ორგანიზაცია CANVAS-ის დირექტორი, გიორგი მელაძე წერს, რომ არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და ამ განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინებაა.
- "რასაც სუსი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!" — აცხადებს მელაძე.
ოპოზიცია: პარტიების ნაწილი ამ განცხადებას ოთარ ფარცხალაძის სანქცირებისა და პრემიერმინისტრის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების საკითხის გადაფარვის მცდელობად აფასებს.
- სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ისიც ოპოზიციის ნაწილია და ჩართულია ყველა გეგმაში და მათ საქართველოში არეულობის მოწყობის მსგავსი გეგმა არ აქვთ.
- "მაშინ, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ დასანქცირდა ფარცხალაძე, რომელიც იყო ქართული ოცნების მაღალჩინოსანი და დღესაც პირდაპირ კავშირშია ქართულ ოცნებასთან; გამოვლინდა მთელი ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთთან იყო პირდაპირ კავშირზე, ქართულმა ოცნებამ შემოგვთავაზა ახალი სპექტაკლი", — განაცხადა პაატა მანჯგალაძემ და სუს-ის განცხადება პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.
- "ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ახლა ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო. თან სტატუსის ამბავი ხომ უნდა დააბრალონ მერე ყველას", — წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.
- გირჩის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ე.წ. ბაკურიანის გეგმამ ამოწურა საკუთარი თავი სუს-მა "ბრიფინგი ჩაატარა, ფარცხალაძე და სამთავრობო თვითმფრინავის ვითომ Uber-ად მუშაობა დაიკიდეთ, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი რუსთაველზე აფეთქებას აპირებსო".
- "კონტრრევოლუციონერებს რომ ეძებდნენ, დაახლოებით ასეთი ნადირობა არის კუდიანებზე, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, იმიტომ, რომ მე ვიცნობ ჩემს კოლეგებს და ისინი არაფრის მომწყობები არ არიან სამწუხაროდ", — განაცხადა გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს პარტია საქართველოს წევრს, მიხეილ დაუშვილს.
- მან ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე დღის წინ იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე და იმაზე, რას აპირებდა და აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა.
- "ამიტომ, რაიმე გამორიცხულია-თქო მე როგორ ვთქვა", — აღნიშნა მან და დაამატა, რომ სუს-მა საზოგადოებას უნდა აჩვენოს მტკიცებულებები და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს.
მმართველი გუნდი: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე საუბრისას უკრაინის მაღალჩინოსნების, ოპოზიციისა და NGO სექტორის გალანძღვა მოასწრო.
- "პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. ეს არის პუტინის სტილი სინამდვილეში. ყველაზე დიდი ტრაგედია იმაშია, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, უკრაინის ზოგიერთ მაღალჩინოსანი ცდილობს, რომ თავის მხრივ მოაწყოს საქართველოში", — განაცხადა მან.
- "ის ინფორმაცია, რაც სუს-მა გააჟღერა ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ საზოგადოების ის მცირე ნაწილი, რომელიც რადიკალებს წარმოადგენენ, არ დაიხევენ არაფერზე, ოღონდ ხელისუფლება როგორმე დაიბრუნონ", — ამტკიცებს ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე.
- სუს-ის განცხადებას პარტიიდან ფორმალურად წამოსული ანტიდასავლური გუნდის წევრი, დიმიტრი ხუნდაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას. "
კომენტარები