შეისწავლეს ციანობაქტერიის უძველესი სახეობა, რომელმაც დედამიწა 407 მილიონი წლის წინ "დაიპყრო"
ციანობაქტერიები, ცნობილი როგორც ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, ყველაზე ადრეული სიცოცხლის ფორმებია დედამიწაზე. სწორედ მათ გარდაქმნეს ნახშირორჟანგით მდიდარი ატმოსფერო ჟანგბადით მდიდარ ატმოსფეროდ. ასე დაიწყო ფოტოსინთეზის პროცესი.
მათ ყველგან შეხვდებოდით: ტბებში, წყლის ნაკადულებში, მდინარეებსა და ჭაობებში. ციანობაქტერიებს სიცოცხლის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდათ.
და აი ახლა, მკვლევრებმა ციანობაქტერიების უძველესი სახეობა აღმოაჩინეს. მათ ნამარხები შოტლანდიაში, თხელი ნიმუშებიდან შეისწავლეს.
407 მილიონი წლის წინანდელი ბაქტერიების ნამარხები
"ეს ნამარხები ადრეული ხმელეთის ეკოსისტემების შესახებ საუკეთესოდ შემონახული ჩანაწერია. საუბარია პერიოდზე, როდესაც ყველაფერი იწყებოდა. ნიმუშები უძველეს ციანობაქტერიებს შეიცავდა", — აღნიშნულია კვლევაში.
ჯგუფმა ციანობაქტერიების ახალი პოპულაციის შესასწავლად ლაზერული სკანირების მიკროსკოპია გამოიყენა. Langiella scourfieldii, რომელიც Hapalosiphonaceae-ს ოჯახს მიეკუთვნება, ციანობაქტერიების სახეობაა. ის 400 მილიონზე მეტი წლის წინ ადრეულ დევონის პერიოდში ხარობდა.
მიწის კოლონიზაციის ადრეული მტკიცებულება
Langiella scourfieldii-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი "ნამდვილი განშტოების" არსებობაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ცალკეული ბაქტერიები ერთმანეთის გვერდით ხაზში იზრდება. ამ დროს ზოგიერთი ხაზი სხვადასხვა მიმართულებით იშლება და განშტოების სტრუქტურას ქმნის. სწორედ ამ განშტოების აღმოჩენით, მკვლევრებმა ბაქტერიების არსებობა დაადასტურეს.
"3D რეკონსტრუქციით, ჩვენ განშტოების მტკიცებულება აღმოვაჩინეთ. ეს ძალიან ამაღელვებელია, რადგან ამით ასეთი ტიპის ყველაზე ადრეული ციანობაქტერიები აღმოვაჩინეთ", — თქვა ქრისტინ სტრულუ-დერიენმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა.
დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა და მაშინ პლანეტაზე ძალიან განსხვავებული გარემო იყო. პლანეტის ატმოსფერო ნახშირორჟანგის, მეთანისა და წყლისგან შედგებოდა. შემდეგ გამოჩდნენ ციანობაქტერიები, რომლებმაც ჟანგბადის გამოთავისუფლება დაიწყეს და მივიღეთ ატმოსფეროს ისეთი შემადგენლობა როგორიც ის ახლაა. ეს მოვლენა დაახლოებით 2,4-2,1 მილიარდი წლის წინ მოხდა.
"ადრეულ დევონში ციანობაქტერიებს უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდათ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი პლანეტაზე უკვე იყვნენ, როდესაც მცენარეები მიწაზე გამოჩდნენ", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები