შალვა პაპუაშვილმა OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს
შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ OC Media-ს ინსტიტუციურ დონორებს მიმართა, რადგან გამოცემამ მოსაზრება არ გამოუქვეყნა
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება.
საქართველოში OC Media-ის პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს.
OC Media-ს დონორებიდან მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ გამოცემისგან უარის მიღების შემდეგ თავმჯდომარის ოფისი მათ დაუკავშირდა.
დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც OC Media-მ საკუთარი თვალით ნახა, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "ეყრდნობა საქართველოს მისწრაფებების საერთო აღქმას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ".
"ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას", — ნათქვამია წერილში.
აღნიშნული დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ "გაკვირვებულები" დარჩნენ წერილით.
"გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა", — თქვეს მათ.
თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნების თხოვნით 28 ივნისს მიმართა.
მგელაძემ მედიისთვის ტექსტის ჩვენებაზე უარი განაცხადა, სანამ რედაქცია არ დაადასტურებდა, რომ მოსაზრებას გამოაქვეყნებდა. მას შემდეგ, რაც ოფისმა შეიტყო, რომ სრულად ნახვის გარეშე კონტენტის გამოქვეყნების გარანტია არ არსებობდა, სპიკერმა მხოლოდ სათაური გამოგზავნა — "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია". მედიას პაპუაშვილის ოფისმა მიაწოდა ასევე ტექსტის პირველი აბზაცი.
OC Media-ს რედაქციამ ტექსტზე უარი თქვა. პაპუაშვილმა მოგვიანებით საკუთარი ნააზრევი X-ის პერსონალურ გვერდზე [ყოფილი ტვიტერი] გამოაქვეყნა.
OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა, რობინ ფაბრომ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რედაქციამ მკითხველების ინტერესებით იხელმძღვანელა.
"ჩვენ ჩვენს ჩვეულ ჟურნალისტურ საქმიანობაში ვისწრაფვით, რომ ადეკვატურად გამოვხატოთ ყველა მხარის პოზიცია, მათ შორის — საქართველოს მთავრობისაც", — ამბობს ფაბრო, — "ეს არის მისია, რომელსაც მთავრობის მტრული დამოკიდებულება მედიის მიმართ ხშირად შეუძლებელს ხდის. მთავრობა ხშირად არ გვცემს პასუხს კითხვებზე, მათ შორის — ყველაზე უწყინარზეც. ჩვენი ჟურნალისტების წერილები უპასუხოდ რჩება, ზარებზე კი იშვიათად გვპასუხობენ".
"გარდა ამისა, უკიდურესად ყურადღებიანები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაქვეყნებთ ჩვენი მოსაზრებების სექციაში. რა თქმა უნდა, მივესალმებით განსხვავებულ აზრს, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი ფაქტობრივადაც გადამოწმებული იყოს, პასუხობდეს ჩვენს ღირებულებებს და იდეებს — ეს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიაგამოცემის უფლებაა".
"ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, ვიდრე — საკუთარ ხალხთან. დიდი შანსი იყო, რომ ოპ-ედი უბრალოდ გულწრფელი არ იქნებოდა".
"სწორედ ამ ფაქტორებით ვიხელმძღვანელეთ, როცა მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნება ჩვენს მისიას ეწინააღმდეგებოდა, რაც მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო რომ გამოგვექვეყნებინა ეს ტექსტი, მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა", — თქვა ფაბრომ.
მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი აცხადებს, რომ დონორებთან დაკავშირება როგორც კონკრეტულად ამ გამოცემის, ასევე, ზოგადად, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პირდაპირი დარტყმაა.
"ქართული ოცნების შეტევები პრესაზე უცვლელად გრძელდება. სამი წლის წინ რომ გეკითხათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გარემო, რომელშიც საქართველოში ვმუშაობთ, შეიძლებოდა ასე სწრაფად გაუარესებულიყო", – განაცხადა ნიკურაძემ.
მან არ გამორიცხა სპიკერის მხრიდან შემდგომი ანგარიშსწორება, განსაკუთრებით ინციდენტის გასაჯაროება.
"არ გაგვიკვირდება, თუ ამას "დაუგეგმავი" აუდიტი ან ცილისწამებაზე საქმის აღძვრა მოჰყვება", — აცხადებს მარიამ ნიკურაძე, — "ასევე შეშფოთებულები ვართ ოფისისა და თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხით, რადგან მთავრობამ უკვე შექმნა ჟურნალისტებზე თვალთვალის პრეცენდენტი".
"საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი აჩვენებს გაშუქების ძალას და რომ საქართველოს მთავრობას აშინებს ჩვენი მუშაობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჟურნალიზმი ბრიუსელს, ვაშინგტონსა და სხვა არეალებს სწვდება".
"მმართველი პარტიის რიტორიკის გაწმენდა"
პაპუაშვილისთვის სტატიაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი (რომლის შინაარსიც OC Media-ს სრულად არ მიაწოდეს) იყო ის, რომ მასში წარმოდგენილი არგუმენტი, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ბოლო წლებში ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ევროკავშირისა და უფრო ფართოდ — დასავლეთის მიმართ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დრამატულად დაიხია უკან დასავლეთთან თანამშრომლობის კუთხით.
თავად პაპუაშვილს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ თავისივე პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკას და მათი სატელიტის, ხალხის ძალის შეთქმულების თეორიებს შეწინააღმდეგებოდა.
ივლისში მან დემოკრატიულად მოქმედი ოპოზიციური ჯგუფები მოღალატეებად და "მეხუთე კოლონად" გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა, რომელსაც პარლამენტიდან პრორუსული სატელიტური ჯგუფი ხალხის ძალა უჭერდა მხარს, ქართული ოცნება და თავად პაპუაშვილი იმ იდეის მხარდაჭერას განაგრძობდნენ, რომ აუცილებელია დასავლეთის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებისა და მედიაორგანიზაციების ფინანსური შეზღუდვა.
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები, რომლებიც პაპუაშვილმა თავმჯდომარის როლში გადადგა, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის თქმა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისათვის პარლამენტში გამოსასვლელად პლატფორმის არმიცემა იყო.
პაპუაშვილი ასევე რეგულარულად იცავდა მისი პარტიის სხვა წევრების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს.
მაისში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის განზრახვა ნატოში გაწევრიანდეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზი იყო. პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები არასწორად იქნა გაგებული.
პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის დეკემბერში აირჩიეს მას შემდეგ, რაც მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა დაემთხვა ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკის ესკალაციას, რომელიც მას შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.
კუჭავა საერთაშორისო აუდიტორიისთვის პროდასავლური გზავნილების მიწოდებით გამოირჩეოდა, როგორც საჯაროდ, ისე — პირადად.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პარტიის ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ რიტორიკას ადგილობრივ აუდიტორიასთან ატარებს, პაპუაშვილმა, როგორც ჩანს, კუჭავას როლი შეითავსა საერთაშორისო აუდიტორიისთვის მეტი პროდასავლური გზავნილის მიწოდებაში. ეს მოიცავს X-ზე (ყოფილი Twitter) და ინგლისურენოვან მედიაში მოსაზრებების განთავსებას.
დასავლელ დიპლომატებთან და ოფიციალურ პირებთან პირად საუბრებში პაპუაშვილი თავისი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკას არბილებდა და ხაზს უსვამდა დასავლეთის მიმართ საქართველოს პატივისცემას.
"ჩვენმა გუნდმა დააფიქსირა ტაქტიკა, რომლის თანახმადაც, მთავრობის კონკრეტულ პირებს დავალებული აქვთ, დასავლეთთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მთავრობის ქმედებები შეარბილონ და მათი რიტორიკა "დაწმინდონ", — ამბობს OC Media-ს მთავარი რედაქტორი, რობინ ფაბრო, — "არ გვინდოდა, ამაში დავხმარებოდით".
"მოსაზრება, ინტერვიუსგან განსხვავებით, რომელიც უფრო დიდი ისტორიის ნაწილია, ავტორს საშუალებას აძლევს, კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის გარეშე გაავრცელოს თავისი სათქმელი. ამგვარი პლატფორმის ქონა პრივილეგიაა და არა — უფლება".
თავმჯდომარის ოფისმა OC Media-ს განუცხადა, რომ მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას და OC Media-ს მიერ გაცხადებული პლურალიზმის პრინციპებს.
"რადგან გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის იდეები საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა დონორი ორგანიზაციების ინფორმირება ამ ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ".
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსკლუზიურად შესთავაზა თქვენს მედიაპლატფორმას, გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ასახავდა მის აზრს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე", — განაცხადა პაპუაშვილის ოფისმა, — "თქვენ კი მიზეზების განმარტების გარეშე თქვით უარი".
პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის შემდეგ, OC Media-მ მის ოფისს კრიტერიუმების ფართო ნაკრები წარუდგინა, რომლითაც სარედაქციო საბჭო წყვეტს, გამოაქვეყნოს თუ არა მოწოდებული მოსაზრება თუ სტატია.
OC Media-მ ასევე მოითხოვა სპიკერთან ინტერვიუ. პაპუაშვილის ოფისმა უარი თქვა.
შეთავაზება კვლავაც ძალაშია.
გაუარესებული მედია გარემო
OC Media-ს დონორისთვის გაგზავნილ წერილში პაპუაშვილის ოფისმა განაცხადა, რომ ისინი "პატივს სცემენ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას" და რომ "მთავრობა საქართველოში მედიის თავისუფლებას სრულად უზრუნველყოფს და პატივს სცემს".
თუმცა, მამუკა ანდღულაძემ, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარემ OC Media-ს უთხრა, რომ პარლამენტის სპიკერის ოფისის ქმედება არის "მედიაზე ზეწოლის მექიზმი, ერთ-ერთ ინსტრუმენტი".
"ეს, სამწუხაროდ, ტრადიციის მაგალითია, რომელიც გულისხმობს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი შტო ცდილობს, მაქსიმალურად შეავიწროოს მედიის თავისუფლება ქვეყანაში".
"თუ, ვთქვათ, გაეცნენ იმ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც მედია თავად წყვეტს, სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში, რომელი სტატია გამოქვეყნდეს. გარდა ამისა, Op-Ed-ის სტანდარტი გულისხმობს, ნაკლებად მიეცეს პლატფორმა ძალაუფლების მქონე პირებს [...] და სრული ვერსიაც არ გქონდათ — ეს ცალსახად მიანიშნებს მცდელობაზე, რომ მედიაზე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, იგივე თუნდაც მის დაფინანსების წყაროებზე ზეგავლენით, ზეწოლა მოახდინონ".
ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის უფლებების დაცვის საერთაშორისო ჯგუფები საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს (RSF) თანახმად, "ოფიციალური პირების მიერ ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს".
"ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს პასუხი გასცეს მედიას, რომელიც მას აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას", — განაცხადა ორგანიზაციამ.
ბოლო წლებში მთავრობამ შემოიღო მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებმაც შეზღუდეს პრესის თავისუფლება საქართველოში.
წლის დასაწყისში, პაპუაშვილმა, როგორც პარლამენტის სპიკერმა, ჟურნალისტებისთვის ახალი საპარლამენტო ქცევის კოდექსი შემოიღო. პარლამენტში ყოფნის ნებართვის მქონე ჟურნალისტების რაოდენობის შეზღუდვისა და საპარლამენტო აკრედიტაციის მიღების მოთხოვნის გარდა, კოდექსი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას უფლებას, აკრძალოს პარლამენტში იმ ჟურნალისტების ყოფნა, რომლებიც პარლამენტის წევრებს კითხვებს უსვამენ მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
"აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", — თქვა მედიაომბუდსმენმა ნათია კუპრაშვილმა.
ახალი ქცევის კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტმა გააუქმა აკრედიტაცია ონლაინ გამოცემა Publika-ს, ასევე პირველის, მთავარისა და ფორმულას არხების ჟურნალისტებს.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მარტის საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის შენობიდან საპარლამენტო აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებიც გააძევეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ შიგნით განვითარებული პოლიტიკური მოვლენები გაეშუქებინათ.
თავად კანონი პირდაპირ ისახავდა მიზნად დამოუკიდებელ მედიაზე გავლენის მოხდენას, რომელთაგან ბევრი დონორების დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
მისი მიღების შემთხვევაში, კანონი ბევრ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას "უცხოურ აგენტად" მონათლავდა, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელმაც გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში. კანონის ბუნდოვან ფორმულირებას ასევე შეეძლო მთავრობისთვის მიეცა უფლება ჩამოერთვა ან გაეყინა ასეთი ორგანიზაციებისთვის აქტივები.
- უფრო ვცრლად OC Media-ზე: ედიტორიალი | მხოლოდ გადამწყვეტ ნაბიჯებს შეუძლია საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა
რამდენიმე ოპოზიციურ და კრიტიკულო ტელეარხი ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ასევე საკუთრების დავებს შეეჩეხა, მედიის რამდენიმე მფლობელის მიმართ კი საქმეები აღიძრა.
2022 წლის მაისში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმამდე რამდენიმე კვირით ადრე, ყველაზე ყურებადი ოპოზიციური არხის მთავარის ხელმძღვანელი დააკავეს. რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი მოეხდინათ.
ბოლო წლებში ქართულმა ოცნებამ ასევე დაიწყო ცილისწამების კანონმდებლობის გამოყენება კრიტიკული მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ. ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა მსგავსი სარჩელების რაოდენობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კრიტიკული ტელეარხების მთავარის, ფორმულას და პირველის წარმომადგენლების წინააღმდეგ 28 სარჩელია შეტანილი, რომელთა დიდი ნაწილი 2021 წელს იქნა შეტანილი.
თავად პაპუაშვილის ქმედებები მედიის წინააღმდეგ სათავეს იღებს მისი ქართული ოცნების პრესსპიკერად ყოფნის დროიდან. 2021 წლის ზაფხულში მან განაცხადა, რომ მმართველი პარტია ბოიკოტს უცხადებდა ოთხ დამოუკიდებელ და ოპოზიციურ ტელეარხს მათი მთავრობის გადადგომის მოთხოვნის გამო.
აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ დღეში მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა და მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი, ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, გარდაიცვალა.
- წაიკითხეთ OC Media-ზე: სარედაქციო სტატია | სახელმწიფოს მიერ სანქცირებული თავდასხმა საქართველოს თავისუფალ პრესაზე
მას შემდეგ მთავრობის ბოიკოტო სატელევიზიო არხების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ პრო-სამთვრობო სარედაქცია ხაზს, გრძელდება.
სტატია თავდაპირველად არასრული ვერსიით, განახლებად რეჟიმში გამოქყვენდა. ამ ეტაპზე მასალა განახლებულია.
კომენტარები