რომელი ცხოველი ცოცხლობს ყველაზე ცოტა ხნით?
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ "ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ყოველი დღე უნდა გამოვიყენოთ". მიუხედავად ამისა, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ცხოველებთან შედარებით დიდია.
ჩნდება შეკითხვა, მაშინ რომელი ცხოველი ცოცხლობს ყველაზე ცოტა ხნით?
ამაზე გადაჭრით პასუხის თქმა რთულია. და მაინც, როგორც სახელი გვეუბნება, ასეთი კანდიდატი გვყავს — ეს "ერთდღიურები" (mayflies) არიან, პატარა მწერები, რომლებსაც წაგრძელებული სხეული გამოარჩევთ.
ეს წყლის მწერები კვერცხებიდან იჩეკებიან და წყალქვეშ ორ წლამდე ცხოვრობენ. უკვე ამის შემდეგ ფრთები უვითარდებათ. ეს მათი ცხოვრების ციკლის ბოლო ეტაპია. სიცოცხლის ეს ციკლი ამ პატარა არსებებისთვის 24 საათი გრძელდება, ზოგჯერ კი სულაც 5 წუთი.
"მატლიდან ფრენის სტადიაზე გადასვლას იმაგოს სტადიას უწოდებენ. სწორედ ამ დროს ხდება არსების სქესობრივად მომწიფება და ახლა მას შეჯვარება შეუძლია. მათ არ აქვთ ფუნქციური პირი ან საჭმლის მომნელებელი სისტემა. შესაბამისად, ცოცხლობენ "ენერგეტიკული რეზერვებით", რომელიც ბუნებრივად აქვთ. საჭმლის მომნელებელი სისტემის გარეშე, მდედრებს სხეულში კვერცხებისთვის მეტი ადგილი აქვთ. მე ისეთი მდედრიც კი შემხვედრია, რომელსაც კვერცხები თავშიც ჰქონდა. ზოგჯერ ერთ მდედრს 10 000-ზე მეტი კვერცხი აქვს", — უთხრა Live Science-ს ლუკ ჯეიკობსმა, ერთდღიურების შემსწავლელმა ექსპერტმა.
ისევე როგორც სხვა მსგავსი ცოცხალი არსებები, ერთდღიურები მალე ჯვარდებიან და დიდ შთამომავლობას ტოვებენ. შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, რატომ აქვთ ამ არსებებს ასეთი ხანმოკლე სიცოცხლე. ჯეიკობსის თქმით, ამაზე პასუხია, "რატომაც არა?"
"ასეთი ცოცხალი ორგანიზმები ოდითგანვე არსებობდნენ. სისტემა, რომელსაც ისინი ემორჩილებიან, ძალიან კარგად მუშაობს", — თქვა ჯეიკობსმა.
ჰიტ ოგდენმა, ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა Live Science-ს განუცხადა, რომ ეს მწერები პირველად დაახლოებით 350 მილიონი წლის წინ გაჩდნენ. მისი თქმით, ფაქტია, რომ ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, სახეობას საფრთხე არ ემუქრება.
აქვეა Dolania americana. ჯორჯიის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების პორტალის მიხედვით, ამერიკულ ქვიშის ბუზებს (Dolania americana) ყველაზე მოკლე (ზრდასრული) სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. მამრები, როგორც კი ზრდასრულობას მიაღწევენ, ერთ საათში იხოცებიან. რაც შეეხება მდედრებს, მათ სიკვდილამდე და შესაბამისად გასამრავლებლად 5 წუთი აქვთ.
ასევე აღსანიშნავია Eviota sigillata.
ავსტრალიის მუზეუმის მიხედვით, ეს პატარა თევზები მთელ სასიცოცხლო ციკლს ორ თვეში ასრულებენ. ხერხემლიან ცხოველებში მათ ყველაზე მოკლე სასიცოცხლო ციკლი აქვთ. თევზი ლავრის სახით სამი კვირის განმავლობაში არსებობს. უკვე ამის შემდეგ თევზი "მომწიფებულ" ცხოვრებას გადის, რომელიც ასევე სამი-ოთხი კვირა გრძელდება.
კომენტარები