ყველაზე კაშკაშა გალაქტიკების ცენტრში შესაძლოა, შავი ხვრელების წყვილი იმალებოდეს
სამყაროში უამრავი საინტერესო ობიექტია, მათ შორისაა ბლაზარებიც. ასე ეწოდება აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს, რომლისგან წამოსული იონიზებული მატერიაც ჩვენკენაა მომართული. ამის გამო მსგავსი გალაქტიკები დედამიწიდან განსაკუთრებულად კაშკაშა მოჩანს.
მეცნიერებმა სწორედ ასეთი 12 ბლაზარი შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ ამ გალაქტიკებისთვის დამახასიათებელი სინათლის უჩვეულო ცვლილება შესაძლოა, იქ ზემასიური შავი ხვრელების წყვილის არსებობით აიხსნას. პოტენციურად, ეს იმასაც ხსნის, თუ როგორ აღწევს მსგავსი შავი ხვრელები მილიარდობით მზის მასას.
"წარმოგიდგენთ დასტურს და განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ დაკვირვებადი ცვლილების მიზეზი ნაკადის წყაროს პრეცესიაა, რაც ან ზემასიური შავი ხვრელების ბინარული სისტემითაა გამოწვეული, ან, ნაკლებად სავარაუდოდ, ერთი შავი ხვრელის გარშემო გამრუდებული აკრეციული დისკოთი", — აცხადებენ ავტორები.
როდესაც შავი ხვრელი მატერიას შთანთქავს, ამ უკანასკნელის გარკვეული ნაწილი მიმართულებას იცვლის და ობიექტის მაგნიტურ ველებს პოლუსებისკენ მიუყვება. იქიდან ის კოსმოსში პლაზმის ნაკადებად იფრქვევა, რომლებიც ძალიან სწრაფად გადაადგილდება. სწორედ ასეთი ნაკადებია მომართული ჩვენკენ ბლაზარების შემთხვევაში, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მათი სინათლის ინტენსივობა ყოველთვის ერთნაირი არაა.
რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ბლაზარ OJ 287-ის სიკაშკაშის ამგვარი ცვალებადობა პრეცესიულ ნაკადს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ მისი წყარო ირხეოდა, რაც თავად ამ მატერიაზეც ახდენდა გავლენას. OJ 287-ში ზემოხსენებულ პროცესში გალაქტიკის ცენტრში არსებული ორი ზემასიური შავი ხვრელის ორბიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სპეციალისტებმა მათ მიერ შესწავლილი დანარჩენი 11 ბლაზარის შემთხვევაშიც იგივე მექანიზმი გამოავლინეს, თუმცა მათი სინათლის ციმციმი დროში უფრო გაწელილია.
"თუ აკრეციულ დისკოს გარედან ძალის მომენტს დავუმატებთ, მაგალითად, მეორე შავ ხვრელს, ის პრეცესიას განიცდის და რხევას დაიწყებს ისევე, როგორც მისი ნაკადი. იმავენაირად მოქმედებს მთვარე და მზე დედამიწის ბრუნვის ღერძზე", — ამბობენ მკვლევრები.
ამჟამად ისეთი გარჩევადობის მქონე ხელსაწყოები გვაკლია, რომლებითაც დისკოს აგებულებას დავაკვირდებით და შავი ხვრელების ბინარულ სისტემას გამოვავლენთ. ამის მიუხედავად, პრეცესიისთვის თვალის მიდევნებასა და სხვა ბლაზარების ხანგრძლივად შესწავლას განვაგრძობთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები