პაპუა-ახალი გვინეას სანაპიროზე აღმოჩენილი მასალა შეიძლება მზის სისტემას არ ეკუთვნოდეს. ამას ახალი კვლევა ამტკიცებს, რომელიც ჯერ კიდევ გადახედვას საჭიროებს. თუმცა, საკითხმა მეცნიერების ყურადღება მიიპყრო და მასზე სამეცნიერო საზოგადოება უკვე ალაპარაკდა.

მეტეორი (IM1) 2014 წელს წყნარი ოკეანის თავზე ჩამოვარდა. მისმა უჩვეულო სიჩქარემ ყურადღება თავიდანვე მიიქცია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილი ასტრონომისთვის, ავი ლობისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. მან ობიექტის შესწავლა დაიწყო.

მკვლევრებმა 0,05-დან 1,3 მილიმეტრამდე დიამეტრის ასობით ნარჩენი ამოიღეს. მათ ეს ოკეანეში, 2 კილომეტრის სიღმიდან შეძლეს.

და აი ახლა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ მიერ მოძიებული მასალები უცნაური ქიმიით ხასიათდება. ეს აჩენს ვარაუდს, რომ IM1-მა დედამიწაზე მოხვედრამდე ვარსკვლავთშორისი სივრცე გადაკვეთა.

ფოტო: The Galileo Project

"ეს ისტორიული აღმოჩენაა და ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთშორისი დიდი ობიექტის ნარჩენები გვაქვს", — თქვა ამერიკელმა მეწარმემ, ჩარლზ ჰოსკინსონმა, რომელიც ექსპედიციას ფინანსურად ეხმარებოდა.

ბერილიუმით (Be), ლანთანუმითა (La) და ურანიუმით (U) მდიდარი ნარჩენები ნამდვილად უცხოა. ასეთ შემადგენლობას ჩვენს პლანეტაზე ვერ შეხვდებით, მეტიც, მსგავსი რამ აქამდე სხვა მეტეორიტებშიც არ გვინახავს.

ურანის მაღალმა შემცველობამ სხვა ეჭვებიც გააჩინა. მკვლევრები იმასაც უშვებენ, რომ ეს რაიმენაირად არამიწიერ ტექნოლოგიებთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, ამ თეორიას ბევრი სკეპტიკურად უყურებს.

ერთი რამ ფაქტია, მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე მეტს გავიგებთ.

კვლევის ნახვა arXiv.org-ზე შეგიძლიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.