"ვინაობის დამალვას სწავლობ": რას ნიშნავს იყო გეი სომხურ არმიაში
იმის ფონზე, რომ სომხეთში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, ეს პერსპექტივა ქვიარი სომხებისთვის ბევრ საფრთხესთან არის დაკავშირებული. როცა გიწევს ისეთი სისტემის პირისპირ ყოფნა, რომელიც მენტალურად დაავადებულის იარლიყს გაკრავს და ერთდროულად უარყოფს და დასცინის შენს არსებობას, ფიქრობ, რომ უფრო მარტივი გზა არ არსებობს.
ართაქ ადამს სამხედრო სამსახურის საშიშროება მძიმედ დააწვა, როცა მე-18 დაბადების დღეს მიუახლოვდა.
როგორც ქვიარმა, ართაქმა იცოდა, რა არჩევანი ჰქონდა: უნდა ეცხოვრა ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყით საკუთარი იდენტობის გამო და იძულებით გათავისუფლებულიყო სამხედრო სამსახურისგან, უნდა ყოფილიყო დისკრიმინაციისა და ძალადობის ქვეშ შეიარაღებულ ძალებში ან დაემალა საკუთარი იდენტობა და ეცხოვრა იმ შიშით, რომ გამოააშკარავებდნენ.
"მე გავთავისუფლდი ჯარისგან, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი", — ამბობს ართაქი ხმაურიან კაფეში, სადაც ერთმანეთს შევხვდით.
23 წლის ქვიარ აქტივისტი ერთ-ერთია იმ ძალიან მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, გვესაუბრა იმ დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ, რასაც ახალგაზრდა სომეხი ქვიარები აწყდებიან სამხედრო სამსახურში, ან მისი თავიდან არიდების გზაზე.
პიროვნული აშლილობა
სიახლე არ არის, რომ სომხეთში ქვიარ ადამიანების მიმღებლობის ნაკლებობაა. 2023 წლის დასაწყისში ILGA-Europe-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც სომხეთი დასახელებულია ევროპის ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის, რუსეთთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვიარების მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია დახურულ ინსტიტუციებში, როგორიცაა, მაგალითად, შეიარაღებული ძალები.
მაშინ, როცა ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება, ქვიარებისთვის მისი შედეგები, როგორც ინდივიდუალურ, ისე თემის დონეზე, შესაძლოა ძალიან მძიმე და სერიოზული იყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, 2018 წელს მიღებული დადგენილების მე-8 პუნქტი "პიროვნული აშლილობის" მქონე ადამიანებს ათავისუფლებს 2-წლიანი სამხედრო სამსახურისგან, რომელიც სავალდებულოა ყველა სომეხი კაცისთვის 18 წლიდან. ყველამ იცის, რომ ამ ტერმინს, როგორც წესი, იყენებენ არა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი აქვს, არამედ ქვიარების მიმართ.
სომეხი აქტივისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამგვარი პრაქტიკა არასწორია როგორც სამართლებრივად, ისე ეთიკურად. მიუხედავად ამისა, მათ არ უბრძოლიათ ამ კანონის წინააღმდეგ, რადგან ის შეიძლება იყოს ერთადერთი გზა ახალგაზრდა ქვიარებისთვის, რომ თავი დაიცვან შეიარაღებულ ძალებში ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
თუმცა, ბევრს ასევე აქვს სურვილი, იმსახუროს ჯარში საკუთარი იდენტობის დამალვით. ზოგს უნდა თავის ქვეყანას ემსახუროს, ზოგს კი სამხედრო პასპორტი სჭირდება, რათა მათთვის სასურველი კარიერის შექმნა შეძლონ, მაგალითად, დასაქმდნენ საჯარო სამსახურში ან პოლიციაში.
მაგრამ რა ელოდებათ მათ შეიარაღებულ ძალებში ბუნდოვანია: არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა იმ ქვიარების რაოდენობისა, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ ან გათავისუფლდნენ ჯარისგან მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. თითქმის შეუძლებელია იპოვო სტატისტიკა შეიარაღებულ ძალებში ქვიარ ადამიანების მიმართ, თუ ზოგაგად არსებული ძალადობის და დისკრიმინაციის შემთხვევებისა, რადგან თავდაცვის სამინისტროს მიერ ინფორმაციის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია.
ჭორების თანახმად, რომლებიც საბოლოოდ არც დადასტურებულა და არც ოფიციალურად უარყვიათ, თუ ქვიარი წვევამდელები მაშინ დაქამინგაუთდებიან, როცა მათი ჯარში წასვლის დრო მოვა, მათ გადაიყვანენ სომხეთის განცალკევებულ სამხედრო გაერთიანებაში, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია "სხვებისთვის".
ადამიანები ხშირად ამჯობინებენ, არ ისაუბრონ ამგვარი ჩაგვრის შესახებ, რათა თავი აარიდონ სკანდალს ან დამატებით დისკრიმინაციას.
ლუიზა ვარდანიანი Pink Armenia-ს იურისტია, ქვიარ ადამიანების ერთ-ერთი წამყავნი უფლებადამცველი. ამბობს, რომ აქვს საფუძველი სჯეროდეს სომხეთის არმიაში "ქვიარ ბრიგადის" არსებობისა.
მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის ნაკლებობა ამ ქვედანაყოფის შესახებ და რაოდენობა იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც იქ მსახურობენ, ხელს უშლის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ჯარში ქვიარების მდგომარეობისა და მათ მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ მეტი გაიგონ.
ვარდანიანი ამბობს, რომ შემთხვევები, რომლებთან გამკლავებაც უწევთ, ორ ეტაპიანია — გაწვევისას და შემდეგ უკვე ჯარში.
"ყველაზე გავრცელებული შემთხვევები [გაწვევის პროცესში] არის დისკრიმინაცია ექიმების მხრიდან", — ამბობს ვარდანიანი, — "წვევამდელებს ეკითხებიან მათი სექსუალური ცხოვრების, ორიენტაციისა და პრეფერენციების შესახებ".
ქვიარ ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ფიქსირდება ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდანაც, სადაც ისინი სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების მიზნით მიდიან.
"იყო შემთხვევები, როცა წვევამდელებს ეუბნებოდნენ, დარჩენილიყვნენ საავადმყოფოში, თანამშრომლები ზოგჯერ იძულებითაც ცდილობდნენ მათ დატოვებას", — ამბობს ვარდანიანი. ის ასევე ამატებს, რომ ფსიქიატრიული შემოწმება ზეპირია, რაც არ საჭიროებს კლინიკაში ღამის გატარებას.
"იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ტრანსგენდერმა, რომელიც საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს ჯარში იმსახურა, როგორც კაცმა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი კომისარიატში სამხედრო პასპორტი არ მისცეს, შეურაცხყოფა მიაყენეს".
"მას უთხრეს, რომ პასპორტს ვერ გადასცემდნენ, რადგან თანამშრომლებმა ვერ გაიგეს კაცი იყო თუ ქალი".
ეს საკითხი Pink Armenia-ს ჩართულობითა და თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვის შედეგად მოგვარდა. ვარდანიანი ამბობს, რომ სამინისტრო მსგავს შემთხვევებს განიხილავს, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას და არ ფოკუსირდება გენდერულ ნაწილზე.
ერთი შემთხვევის დროს, Pink Armenia-მ სასამართლოს მიმართა ქვიარ ადამინის უფლებების დასაცავად, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო ჯარში ძალადობის მსხვერპლი იყო. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის გამოც 2022 წელს Pink Armenia-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
ოფიციალური ინფორმაციისა და საჯარო განცხადებების არარსებობის პირობებში, როგორც Pink Armenia, ისე სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები მხოლოდ მაშინ ახერხებენ გაიგონ როგორ ეპყრობიან ქვიარებს ჯარში, როცა ისინი მათ დახმარებას სთხოვენ.
დახმარების მცდელობები ყოველთვის წარმატებული არ არის. ვარდანიანი იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა ყოფილმა ჯარისკაცმა მიმართა მათ და უამბო სექსუალური შევიწროების შესახებ შეიარაღებულ ძალებში, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს. მოგვიანებით, მათ შორის კავშირი გაწყდა.
"ისინი ისე გვექცევიან, როგორც მკვლელს"
ართაქი აღმოსავლეთ სომხეთის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მან იცოდა, რომ ჯარისთვის სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება პატარა ქალაქში, "სადაც ყველა ყველას იცნობს" სკანდალს და შეურაცხყოფას გამოიწვევდა როგორც ართაქის, ისე მისი ოჯახის მიმართ. ამიტომ გადაწყვიტა, შესაბამისი შემოწმება ერევანში გაევლო.
წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება სამსახედრო სამსახურამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება. ამ ხნის განმავლობაში მათ მოეთხოვებათ გაიარონ მთელი რიგი პროცედურები, რომელთა მიზანიც არის გამოავლინოს ნებისმიერი საკითხი, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ სამხედრო სამსახურს. მათ შორის არის "არატრადიციული" სექსუალური ორიენტაციაც.
ართაქი ამბობს, რომ მისი ოჯახი მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს, რაც ძალიან დაეხმარა.
"ცოტა პარადოქსული მამა მყავს", — ამბობს ართაქი ღიმილით. მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ ოჯახის წევრებზე ძალადობდა, ართაქის თქმით, მათ ჰქონდათ "საუკეთესო კომუნიკაცია" მის სექსუალობასთან დაკავშირებით.
თუმცა, ოჯახურ გარემოებებსა და ართაქის მამის ქცევებს მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვა და როგორც ამბობს, მისთვის რთული აღმოჩნდა "ტრადიციულ, პატრიარქალურ სომეხ კაცებთან" ურთიერთობა.
"ვერ წარმომედგინა როგორ უნდა მელაპარაკა ბიჭებთან [ჯარში], როგორ ვაპირებდი მათთან ერთად ერთ მაგიდასთან ჭამას. მეგონა აბუჩად ამიგდებდნენ... გამაუპატიურებდნენ", — ამბობს ართაქი.
მისი თქმით, ასეთი ღრმად ფესვგადგმული ჰომოფობია სხვა ინსტიტუციებშიცაა გავრცელებული, მაგალითად, ციხეში.
"დახურულ დაწესებულებებში, იყო LGBT პირი არა ორიენტაციის, არამედ სტატუსის საკითხია", — ამბობს ის და ამატებს, რომ ცოტათი "ფემინური" კაცებიც კი დისკმინინაციის მსხვერპლი ხდებიან.
თავიდანვე იცოდა, რომ ჯარში წასვლა არ სურდა. მანერები, მეტყველება ან მისი იდენტობის გამომხატველი ნებისმიერი დეტალი შეიძლება მის მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის საფუძველი გამხდარიყო.
18 წლის ასაკში გადაწყვიტა, საუკეთესო ტაქტიკა იქნებოდა, "არ გამოჩენილიყო სუსტი" პოტენციური მოძალადეების წინაშე.
როგორც ამბობს, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. აქტივისტის თქმით, მისმა კავშირმა სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურისტებთან, მათმა "მუქარამ", რომ ყველაფერს გაასაჯაროვებდნენ, ხელი შეუწყო შევიწროებისა და დაცინვის შემთხვევების შემცირებას.
"ექიმებს ისიც კი ვუთხარი, რომ ვაპირებდი NGO-ს გახსნას, რომელიც კონკრეტულად წვევამდელებთან იმუშავებდა და მათ უფლებებს დაიცავდა", — ამბობს ართაქი.
"მე ეს გავაკეთე [მოგვიანებით], მაგრამ არ ვიცი, მაშინ რატომ ვთქვი", — თქვა აქტივისტმა ღიმილით.
მას შემდეგ, რაც საქმეში ართაქის ადვოკატი ჩაერთო, კომისარიატის თანამშრომლებმა უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინეს.
"მათ ჩემთან სწორი ტერმინების გამოყენება დაიწყეს, კარგად მეპყრობოდნენ", — ამბობს ართაქი. მისი თქმით, ეს საყურადღებოა, რადგან იმაზე მეტყველებს, რომ ამ ინსტიტუციებს შეუძლიათ ქვიარებს კარგად მოექცნენ.
"მაგრამ პრობლემა ისაა", — ამბობს აქტივისტი, — "რომ ისინი LGBTQ ადამიანებს "მეორე კლასის" ადამიანებად მიიჩნევენ. ისე გვექცევიან, როგორც მკვლელებს".
მართალია, სამედიცინო შემოწმებისას ართაქზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა მას მოუწია ფსიქოლოგიური შევიწროების ატანა.
დახურულ კარს მიღმა საუბარზე უარის თქმის შემდეგ, ექიმებმა ართაქი აიძულეს, ესაუბრა საკუთარი სექსუალური იდენტობის შესახებ, როცა კარი ღია იყო და სხვა წვევამდელებს შეეძლოთ მისი დანახვა და მოსმენა.
"ალბათ ფიქრობდნენ, რომ თუ კარს დახურავდნენ, დაინფიცირდებოდნენ", — ამბობს ართაქი ნახევრად ხუმრობით.
მისი ისტორია დიდად არ განსხვავდება სხვა წვევამდელთა გამოცდილებისაგან.
DiverCity-ის 2022 წლის ანგარიშში, ქვიარ და ფემინისტურ სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლის შექმნასაც ართაქი ექიმებს დაჰპირდა, ჩაწერილი აქვს არაერთი შემთხვევა, როცა ქვიარ წვევამდელებს ამასხარავებდნენ და აიძულებდნენ ესაუბრათ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე სხვების თანდასწრებით. ეს შეიცავდა იმის რისკს, რომ ოთახის დატოვების შემდეგ მათ შეავიწროვებდნენ და შეურაცხყოფას მიაყენებდნენ.
"მკითხეს, აქტიური ვიყავი თუ პასიური სექსის დროს", — ამბობს DiverCity-ს მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ქვიარი, — "დამავალეს, რომ ჰორმონები შემემოწმებინა. დედაჩემმა მაიძულა 8-თვიანი თერაპიის ჩატარება, გამიკეთეს კაცის ჰორმონების ინექცია".
ართაქის დაბულინგება ბოლო გამოცდაზეც გაგრძელდა. კომისარიატის უფროსმა ჰომოფობიური კომენტარები გააკეთა მის ფერად ტანსაცმელზე და დაადანაშაულა, რომ ასეთი ტანსაცმლის ტარება "მიზანმიმართული პროვოკაცია" იყო.
"ვინაობის დამალვას სწავლობ"
"პირველი წუთიდან ცხადი იყო, რომ თვრამეტი წელი საკუთარ სამყაროში ცხოვრობდი და ახლა ისეთ გარემოში აღმოჩნდი, სადაც ნივთივით გექცევიან", — ამბობს დავითი [სახელი შეცვლილია] ერევნიდან, როცა ჯარში ყოფნის პერიოდს იხსენებს.
"და ეს არ არის მხოლოდ ჩემს შესახებ".
მაშინ, როცა დავითი ჯარში ყოფნის ორი წლის განმავლობაში საკუთარ სექსუალობას მალავდა, ხედავდა როგორ ექცეოდნენ იმ ქვიარებს, რომლებიც თავიანთ იდენტობას არ მალავდნენ. ამბობს, რომ ჯარში სამხედრო სამსახურისას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიფრთხილე იყო, უნდა დაემალა ყველაფერი, რაც გამოააშკარავებდა: ხმა, მანერები და ის, რის შესახებაც საუბარი მოსწონდა.
მიზეზი ნათელი იყო. თუ მის შესახებ გაიგებდნენ, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა.
ერთი ქვიარი ჯარისკაცი, რომელიც დავითთან ერთად მსახურობდა და ასევე ცდილობდა ვინაობის დამალვას, გაწვევიდან მალევე სხვა ჯარისკაცებმა ამხილეს.
"მეორე დღეს მთელი დანაყოფი შეიკრიბა სანახაობისთვის. უფროსმა დაასახელა იმ ჯარისკაცის სახელი, შეურაცხყოფდა და ლანძღავდა", — იხსენებს დავითი, — "იქ დაახლოებით 1 200 ადამიანი იყო".
ის მალევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ და ჯარიდან გაათავისუფლეს.
"მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიხლიჩა".
დავითი ამბობს, რომ ასეთ გარემოში ყოფნა უსიამოვნო იყო, განსაკუთრებით ამ ინციდენტის შემდეგ. "მათ თითქმოს სურდათ თავიანთი უპირატესობა, მამაკაცურობა ეჩვენებინათ".
"გეშინია... არ აქვს მნიშვნელობა ეს შენ გადაგხდა თუ ვინმე სხვას, ან რა იყო მიზეზი. ხუმრობები, ჩაგვრა, ეს თავს საშინლად გაგრძნობინებს".
"საკუთარი ვინაობის დამალვას სწავლობ. სწავლობ, რომ იყო უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი".
დავითი, რომელიც ახლა უკვე 27 წლისაა, ამბობს, რომ მხოლოდ ჯარში არ გიწევს ვინაობის დამალვა და არც სომხური საზოგადოება არის ამ მხრივ ტოლერანტული.
ის, რომ ქვიარები ჯარში აღარ დაუშვან, გამოსავალი არ არის, ამბობს დავითი. მისი თქმით, მთავარი აზროვნების შეცვლა და ხალხის განათლებაა.
"არიან ქვიარები, ვისაც ჯარში წასვლა უნდათ. მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები