სატურნზე 100-წლიანი მეგაშტორმებია, რომლებიც რადიოსიგნალებს წარმოქმნის
სატურნზე მეგაშტორმები საკმაოდ გავრცელებულია. მათ დიდი თეთრი ლაქები ეწოდება, პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყოველ 20-30 წელში ერთხელ "იღვიძებს" და თვეობით მძვინვარებს. ასტრონომებმა 1876 წლიდან დღემდე 6 ასეთი მოვლენა დააფიქსირეს, მათგან ბოლომ კი 2010 წელს იჩინა თავი და მას NASA-ს ხომალდი Cassini 200 დღის განმავლობაში აკვირდებოდა.
ახლი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს 200 დღე სინამდვილეში უფრო მასშტაბური მეტეოროლოგიური ფენომენის მცირე ნაწილია. რადიოტელესკოპის მონაცემების მიხედვით მათ დაადგინეს, რომ ციური სხეულის ატმოსფეროში 100 წლის წინ ფორმირებული მეგაშტორმების კვალი ახლაც შესამჩნევია, რადგან ამან ქიმიური ანომალიები დატოვა.
უფრო გასაგები რომ იყოს: მართალია, თავად მეგაშტორმები გარკვეულ დროში ვიზუალურად ქრება, თუმცა მათით განპირობებული ამინდი დიდხანს, საუკუნეების განმავლობაში რჩება. ეს ხილულ სპექტრში შეუმჩნეველია, მაგრამ როცა მას რადიოტელესკოპით ვაკვირდებით, ფარულ დეტალებს ვხედავთ.
კერძოდ, ასტრონომებმა ამისთვის ნიუ მექსიკოში განლაგებული Very Large Array გამოიყენეს, შედეგად კი ექვსივე მეგაშტორმის (და, სავარაუდოდ, ერთი ახლის) კვალი შენიშნეს. მათგან უძველესი დაახლოებით 130 წლის წინანდელია.
ამ ერთგვარ ნარჩენებს ამიაკთან დაკავშირებული ანომალიების სახე აქვს მიღებული. ეს აირი სატურნის ატმოსფეროს ზედა ფენაში ჭარბადაა, თუმცა რადიო გამოსახულებებზე დააფიქსირეს რეგიონები, სადაც მისი ნაკლებობაა. ეს სწორედ ისეთ არეალებშია, სადაც ადრე შტორმები მძვინვარებდა, ქვედა შრეებში კი ამიაკის კონცენტრაცია, პირიქით, ჩვეულებრივზე მაღალია.
ავტორები ამბობენ, რომ პლანეტის მეგაშტორმებს ჯერჯერობით უცნობი მექანიზმის წყალობით ამიაკი ატმოსფეროს ზედა ფენიდან ქვემოთკენ გადააქვს. სავარაუდოდ, ამიაკი ამ დროს სიღრმეში სეტყვის მსგავსად ცვივა, ხოლო შემდეგ ისევ ორთქლდება. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს შტორმის ვიზუალურად გაქრობიდან ასზე მეტი წლის განმავლობაში გრძელდება.
სატურნის ატმოსფეროში მიმდინარე მსგავსი პროცესების შესწავლა აირის გიგანტ ციურ სხეულებზე, მათ ფორმირებასა და უზარმაზარ შტორმებზე მეტი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას გვაძლევს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები