რუსეთის მიერ მთვარისკენ გაშვებულმა აპარატმა პირველი სურათები გადაიღო
1976 წლის შემდეგ რუსეთის მიერ მთვარისკენ გაშვებულმა პირველმა კოსმოსურმა აპარატმა გზად სადებიუტო ფოტოები გადაიღო. სხვადასხვა კადრი ხომალდმა 13 აგვისტოს აღბეჭდა, 14-ში კი ისინი ოფიციალურად გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტმა გაავრცელა.
სურათები დედამიწიდან დაახლოებით 310 000 კილომეტრი მანძილიდანაა გადაღებული. შედარებისთვის, ჩვენი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი აქედან საშუალოდ 384 400 კილომეტრის მოშორებით მოძრაობს.
ერთ-ერთ შავ-თეთრ სურათზე ხომალდის ნაწილზე არსებული რუსეთის დროშა, მისიის ემბლემა და სხვა სიმბოლოები მოჩანს:
მთვარეზე დასაშვებმა მოდულმა დედამიწა და მისი თანამგზავრიც დააფიქსირა. ჩვენი მშობლიური ციური სხეული შედარებით ახლოდან ჩანს, თუმცა მხოლოდ კაშკაშა დისკოს სახე აქვს, რომელზეც ლანდშაფტური დეტალები არაა გამოკვეთილი. მთვარე უფრო მცირე ზომისაა და შორს მოელვარე წერტილს მოგვაგონებს.
"ეს ფოტოები მოწყობილობის დიზაინის ელემენტებს გვიჩვენებს დედამიწის ფონზე, რომელსაც უკვე სამუდამოდ ჩამოვშორდით და მთვარის ფონზე, სადაც მალე მივაღწევთ", — წერია Roscosmos-ის განცხადებაში.
Luna-25 თბილისის დროით 11 აგვისტოს 03:10 საათზე ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან გაუშვეს. ეს ბოლო 47 წელიწადში ქვეყნისთვის პირველი ასეთი მისიაა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, აპარატი მთვარის სამხრეთ პოლუსზე, ბოგუსლავსკის კრატერის მახლობლად, უსაფრთხოდ დაშვებას შეეცდება და ობიექტის ზედაპირს სულ მცირე 1 წლის განმავლობაში გამოიკვლევს.
აღსანიშნავია, რომ მთვარისკენ Luna-25-ის გაგზავნა თითქმის ორი წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა ეს აგრესორი ქვეყნის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის წამოწყების გამო გადაიდო. მაგალითად, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს აპარატი სპეციალური სანავიგაციო კამერით უნდა უზრუნველეყო, რომელიც დანიშნულების ადგილას დაჯდომაში დაეხმარებოდა, მაგრამ ESA-მ რუსეთთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
კომენტარები