იცოდით, რომ სიცოცხლეში სახლიდან გაუსვლელადაც კი 1.5 ტრილიონ კილომეტრს ფარავთ? — აი, როგორ
გიფიქრიათ, რა მანძილს ფარავს ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში?
თუ მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე მოძრაობას ჩავთვლით, თითოეული ჩვენგანი საშუალოდ 50 000-80 000 კილომეტრს გადის, რაც საკმაოდ დიდი დისტანციაა. ამის მიუხედავად, ჩვენი გადაადგილება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, რადგან თავად პლანეტა, რომელზეც ვიმყოფებით, მუდმივ მოძრაობაშია.
ის წარმოსახვითი ღერძის გარშემო ბრუნავს, რასაც 24 საათს ანდომებს. შესაბამისად, ბრუნავს ყველაფერი, რაც დედამიწაზეა. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსებია, ეკვატორზე კი ადამიანი საათში დაახლოებით 1 600 კილომეტრს გადის. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეკვატორზე არ ცხოვრობს, საშუალოდ ეს მაჩვენებელი 1500 კმ/სთ-ა. თუ ამ ყველაფერს სიცოცხლის თითქმის 80-წლიან ხანგრძლივობას მოვარგებთ, ჯამში დაახლოებით 1 მილიარდ კილომეტრს მივიღებთ.
ღერძის გარშემო ბრუნვის გარდა დედამიწა მზის ირგვლივაც მოძრაობს, რა დროსაც მისი საშუალო ორბიტული სიჩქარე 30კმ/წმ-ა, ანუ წელიწადში 1 მილიარდ კილომეტრამდე მანძილი. 80 წელზე ეს 80 მილიარდი კილომეტრი გამოდის.
ყველაფერი ამით არ მთავრდება: თავად მზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო გადაადგილდება. ერთი ასეთი გალაქტიკური წელი თითქმის 230 მილიონი დედამიწური წელია (შედარებისთვის, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე დაახლოებით 17 გალაქტიკური წლის წინ გაჩნდა, 25 გალაქტიკურ წელში კი მზე მოკვდება). შედეგად, თითოეული ჩვენგანი სიცოცხლის განმავლობაში 600 მილიარდ კილომეტრს დაფარავს.
იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროში ყველაფერი მოძრაობაშია, გამონაკლისი არც ირმის ნახტომია, რომელიც ანდრომედას გალაქტიკისკენ მიიწევს. ამას ემატება სამყაროს გაფართოება და ის, რომ ეს ორივე სისტემა დაახლოებით 65 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე ე.წ. ქალწულის შეჯგუფებისკენ (გალაქტიკათა შეჯგუფება) მიემართება, ამ უკანასკნელს კი დიდი ატრაქტორისკენ აქვს გეზი აღებული.
კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაკვირვებით საერთო მოძრაობის გამოთვლაა შესაძლებელი. სინათლე, რომელსაც ვუახლოვდებით, სპექტრის ლურჯ დიაპაზონში გადადის, შორეული სინათლე კი წითელ დიაპაზონში ინაცვლებს. ამის გათვალისწინებით, გადაადგილების სიჩქარის 630კმ/წმ-იან მაჩვენებელს ვიღებთ.
ამგვარად, საერთო ჯამში 80-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენ მიერ დაფარული დისტანცია 1.5 ტრილიონ კილომეტრს აღწევს.
კომენტარები