როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე
უკვე დიდი ხანია, კლიმატის ცვლილება მსოფლიოს თითოეულ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელშესახები გახდა. მყინვარების დნობა, ზღვის დონის მატება, რეკორდული სიცხეები, ძლიერი გვალვები, ტყის ხანძრები, მასშტაბური დატბორვები, მეწყრები სხვა მსგავსი მოვლენები ბოლო წლებში საკმაოდ გახშირებულია.
ესაა ის, რაც ხდება ყველგან და ეხება ყველას. გამონაკლისი არც საქართველოა.
საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში 2020 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 97.6%-ისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობილი იყო, 91.35%-ს კი ეს რეალურ პროცესად მიაჩნდა. მათ ნახევარზე მეტის აზრით, კლიმატის ცვლილება კაცობრიობისთვის ტერორიზმსა და შეიარაღებულ კონფლიქტებზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად იაზრებს, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ.
ასევე, იხილეთ: რატომ გვეხება კლიმატის ცვლილება ყველას და რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭის კურორტ შოვში მომხდარმა სტიქიამ ამაში ყველა დაგვარწმუნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ პირველად დასკვნაში ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზებს შორის, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფაქტორები რამდენიმე პუნქტში მოხვდა:
- მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;
- მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წყლები, უხვი ნალექის და გრუნტის წყლების მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება;
- უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.
იმას, რაც შოვს დაატყდა თავს, გლაციალურ ღვარცოფს უწოდებენ და ის მყინვარების დნობას უკავშირდება. ამ მხრივ კავკასიონზე რთული ვითარებაა.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ კავკასიის რეგიონში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, ყინული სწრაფად ლღვება. კერძოდ, დიდი კავკასიონის მყინვარების მოცულობის შემცირების ტემპი 2000-დან 2020 წლამდე 4-ჯერ დაჩქარდა, ვიდრე 1911-1960 წლებში, 1960-1986 წლებთან შედარებით კი — 3-ჯერ. ასევე, ბოლო 2 დეკადაში ჯამში 11 მილიარდი ტონა წყლის ეკვივალენტური ყინულის მასა დაიკარგა, ხოლო მყინვარების არეალი 320კმ2-ით დაპატარავდა.
"ფართობის შემცირების პარალელურად მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა, და მოცულობა. მაგალითად, მყინვარების სისქეში შემცირების საშუალოწლიური მონაცემები 2000-2010 წლებში შეადგენდა 50 სანტიმეტრს, ხოლო 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე 1.5-ჯერ იყო მომატებული და შეადგენდა 75 სანტიმეტრს", — წერს ქართველი მეცნიერი, ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც საკუთარ კვლევებს გვაცნობს.
ასევე, იხილეთ: მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან
ეს ყველაფერი ზაფხულში სიცხის მატებით, ხოლო ზამთარში ატმოსფერული ნალექის შემცირებითაა გამოწვეული. მაგალითად, დიდი კავკასიონის მთიან რეგიონში ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 2000-დან 2020 წლამდე 0.6°C-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან იქიდან მომავალი წყალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეკოსისტემისთვისა და ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივაც ძალზე მნიშვნელოვანია.
არანაკლებ საგანგაშოა გაუტყეურების პროცესიც. ვებაპლიკაცია Global Forest Watch-ის თანახმად, მხოლოდ თბილისში 2010-დან 2020 წლამდე 14 ჰექტარ ფართობზე არსებული მწვანე საფარი განადგურდა, რაც ამ საუკუნის პირველ 2 დეკადაში 0.83%-იან დანაკარგს უდრის. იმავე პერიოდში, საქართველოს დედაქალაქში გაუტყეურების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობამ წელიწადში 176 ტონა შეადგინა, ტყის მიერ შთანთქმულმა კი —13.5 კილოტონა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყოველწლიურად -13.3 კილოტონა ნახშირბადი მიმოიცვლებოდა.
შეგახსენებთ, რომ მცენარეები დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც ატმოსფეროში მის დაგროვებას ხელს უშლის. შესაბამისად, ტყის საფარის განადგურება ჰაერში მავნე ნივთიერებების მეტ კონცენტრაციას განაპირობებს, ეს კი გლობალურ დათბობას აუარესებს და მისი შედეგები ისევ ჩვენ გვიბრუნდება.
ცუდი სიტუაციაა ჭალის ტყეების შემთხვევაშიც, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლადია. მათ გარეშე წარმოუდგენელია მდინარეთა კალაპოტების მდგრადობა, რადგან ამგვარი ფაუნა ნაპირების ჩამოშლასა და ეროზიას ეწინააღმდეგება. ასევე, ადგილობრივ მიკროკლიმატზე დადებითად მოქმედებს და მოსავლიანობას ზრდის. მაგალითად, ალაზნის ჭალების ფართობის შემცირებისა და ხარისხის დაცემის გამო ნაპირები ირღვევა, ფიქსირდება სავარგულების წალეკვის ფაქტები და ა.შ.
საბოლოო ჯამში, საფრთხე ექმნება სოფლის მეურნეობასაც, რადგან ზემოხსენებული პრობლემებიდან გამომდინარე ზიანდება სახნავი მიწები და საძოვრები. ამ მხრივ მოწინავე კახეთის რეგიონი უკვე გაუდაბნოების რისკის ქვეშაა. საქმე იმაშია, რომ იქ ტემპერატურა ყოველ ზაფხულს იმატებს, გახშირებულია გვალვები, ხოლო ზამთარში ნალექის ნაკლებობა შეიმჩნევა. ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკაზეც, ამიტომ შესაბამისი ღონისძიებების გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შოვის სტიქიამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემებიც, რისთვისაც სახელმწიფო მეცნიერებასთან უნდა დამეგობრდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, მეწყერსაშიში თუ სხვა არეალები მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყოს. ასევე, უნდა დამონტაჟდეს სპეციალური სენსორები და განგაშის სისტემები, რათა საფრთხის წინაშე მყოფ ადამიანებს თავის გადარჩენისთვის მეტი დრო ჰქონდეთ. დაბოლოს, ასეთ ადგილებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო ტექნიკა, რომელიც დაზარალებულებს დაუყოვნებლივ დაეხმარება.
კომენტარები