რამდენ ხანს გაძლებ კოსმოსში სკაფანდრის გარეშე?
კოსმოსში მოგზაურობაზე ბევრი ჩვენგანი ოცნებობს, მაგრამ ეს ადგილი დედამიწის გარემოსგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან იქ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში პირობებია. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა სპეციალური სკაფანდრები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ თუ მთვარის ზედაპირზე ხანმოკლე ვოიაჟის საშუალება მიეცათ.
სკაფანდრი ჩვენს სხეულს ჟანგბადითა და წყლით ამარაგებს, ასევე, სათანადო წნევასაც უზრუნველყოფს და საშიში რადიაციისგან გვიცავს. მაინც რა მოხდება, თუ ღია კოსმოსში მსგავსი კოსტიუმის გარეშე გავალთ? ეს სცენარი მრავალ Sci-fi ფილმშია ნაჩვენები, თუმცა საინტერესოა, რეალურად რამდენ ხანს გაძლებს ადამიანი ჩვენი პლანეტის გარეთ არსებულ ვაკუუმში?
პასუხი, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა: არც ისე დიდხანს.
"ძალიან მცირე დროში, 10-15 წამში, უჟანგბადობის გამო გონებას დაკარგავთ. ჟანგბადი გაფართოებას დაიწყებს და ფილტვებს გაანადგურებს, რაც სისხლის ადუღებას გამოიწვევს. ეს დაუყოვნებლივ განაპირობებს ემბოლიას და ორგანიზმზე ფატალურ ზემოქმედებას იქონიებს", — აცხადებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი, სტეფან დე მეი.
სხეულში არსებული სითხეები, როგორიც ნერწყვი და ცრემლებია, ადუღდება. წნევის გამო ორგანიზმი გაფართოვდება, თუმცა კანი ელასტიკურობას შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ ისე არ ავფეთქდებით, როგორც ზოგიერთ ფილმშია ნაჩვენები. სისხლის ნაკადში ჟანგბადის ამოწურვიდან რამდენიმე წუთში ტვინი მოკვდება, თუკი მაშინვე არ გადაგარჩენენ და დარეგულირებული წნევის მქონე, ჟანგბადით მდიდარ გარემოში არ გადაგიყვანენ.
საფრთხეები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.
მნიშვნელობა არ აქვს, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ჩრდილში ვიქნებით თუ მზის პირდაპირ სხივებში, მაინც ექსტრემალურ ტემპერატურაში მოგვიწევს ყოფნა, რომელიც -150-120°C-ია. ეს კანს დაგვიზიანებს და გაგვყინავს, თუმცა არა ერთბაშად, რადგან კოსმოსის ვაკუუმში სხეულიდან სითბო ასე მარტივად არ გაედინება.
დამატებითი რისკია რადიაციაც, რომელიც კოსმოსში მუდმივადაა. ჩვენს ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენა ისედაც ცნობილია, რადგან ის სხვა პრობლემებთან ერთად სიმსივნესაც იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ კანის დამწვრობაზე. მზიდან მომავალ ნაწილაკებთან პირდაპირი შეხება ამ ისედაც მწვავე გართულებების ხარისხს გაზრდის.
კიდევ ერთი პრობლემა მიკრომეტეოროიდები და კოსმოსური ნაგავია, რომლებიც წამში ათობით კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება და ხელოვნურ თანამგზავრებსაც კი საფრთხეს უქმნის. მართალია, ღია კოსმოსში გასვლის ხანმოკლე პერიოდში ძალიან მცირე შანსია, რომ მსგავსი ობიექტი შეგვეჯახოს, თუმცა სკაფანდრებში ესეცაა გათვალისწინებული. მათ გარეშე ვერც ამ მხრივ იქნებით დაცულები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უსკაფანდროდ კოსმოსში გასვლა ნამდვილად ცუდი აზრია.
კომენტარები