"ქოლგა" დედამიწისთვის? — მეცნიერები გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალ გზას გვთავაზობენ
სიახლე არაა, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, რაც გლობალური დათბობის სახით უკვე მსოფლიოს ყველა რეგიონში იგრძნობა. მეცნიერები მასთან შესაწინააღმდეგებლად უჩვეულო გზას გვთავაზობენ, კერძოდ ასტეროიდზე მიმაგრებულ გიგანტურ "ქოლგას", რომელიც ჩვენს პლანეტაზე მზის მცხუნვარების გავლენას შეამცირებს.
"ჰავაიზე დღის განმავლობაში გარეთ გადაადგილებისას მზის სხივების დასაბლოკად ქოლგას ბევრი ადამიანი იყენებს. ვიფიქრე, შეიძლება თუ არა იგივე მეთოდი დედამიწისთვისაც გამოვიყენოთ, რათა კლიმატის ცვლილების გამო მოსალოდნელი კატასტროფა ავიცილოთ თავიდან?", — აცხადებს იდეის ავტორი, ისტვან შაპუტი.
მართალია, ატმოსფეროში სითბოს შეკავებას სათბურის აირები უწყობს ხელს, თუმცა მზის მცხუნვარება სიცხის მთავარი წყაროა. შესაბამისად, შაპუტის აზრით, დედამიწა ჩრდილში უნდა მოვაქციოთ, რისთვისაც ერთგვარი ქოლგა დაგვჭირდება, რომელიც 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით, ლაგრანჟის წერტილში განლაგდება. სპეციალისტის გამოთვლებით, შედეგად მზის რადიაციის 1.7% დაიბლოკება, რაც ტემპერატურის კატასტროფულ მატებას შეაჩერებს.
რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ ინჟინრულ გამოწვევას უკავშირდება, რადგან ლაგრანჟის წერტილში არსებულ "ქოლგაზე" მზისა და დედამიწის გრავიტაცია, ასევე, ვარსკვლავის რადიაცია იქონიებს გავლენას. ამ დაბრკოლებების გადასალახად ის მილიონობით ტონას უნდა იწონიდეს და გამძლე მატერიისგან იყოს შექმნილი, მსგავსი რამის კოსმოსში გაგზავნა კი თითქმის შეუძლებელია.
შაპუტის აზრით, უფრო მარტივი გზაა, რომ ეს მატერია თავად კოსმოსშივე იყოს, მაგალითად, ასტეროიდი. ის, თეორიულად, წონას გაათანაბრებს და უფრო მომცრო ზომის "დამცავი ფარის" მიბმის საშუალებას მოგვცემს, რომლის წონაც 35 000-მდე ტონა იქნება. ასეთი ობიექტის კოსმოსში გაშვებას, მეცნიერის აზრით, რამდენიმე დეკადაში შევძლებთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Natural Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები