ვინ იყო ქალი, რომლის უჯრედებმა მედიცინა სამუდამოდ შეცვალა
1951 წელს მეცნიერებმა მისი სხეულიდან აიღეს უჯრედები, რომლებმაც მედიცინაზე შეუფასებელი კვალი დატოვა და უამრავი სიცოცხლე იხსნა.
HeLa უჯრედების შესახებ, შესაძლოა, გსმენიათ. ეს უჯრედები მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი "ხელსაწყოა", რომელიც გამოიყენეს პოლიომიელიტის ვაქცინისა და გენების რუკის შემუშავებისთვის და ასევე კლონირებისთვის. თუმცა, შეიძლება, არ იცოდეთ, რომ ეს უჯრედები 1951 წელს აიღეს საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაღუპული 5 შვილის დედის — ჰენრიეტა ლაქსისგან.
სანამ ლაქსი, აფრო-ამერიკელი თამბაქოს ფერმერი, ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში მკურნალობდა, მისგან საშვილოსნოს ყელის ორი ნიმუში — ჯანმრთელი და სიმსივნური ნაწილი — ამოიღეს მისი ნებართვისა და ცოდნის გარეშე.
ეს უჯრედები გადაეცა დოქტორ ჯორჯ ოტო გეის, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათ აქამდე არნახული რამის გაკეთება შეეძლო, კერძოდ — სიცოცხლის შენარჩუნება და განუსაზღვრელი ვადით ზრდა. მანამდე კულტივირებული უჯრედები ლაბორატორიაში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხლობდა.
დოქტორმა შეძლო ერთი კონკრეტული უჯრედის იზოლირება და დაიწყო პირველი უკვდავი უჯრედის ხაზი, რომელსაც მან HeLa (ჰენრიეტა ლაქსის სახელისა და გვარის აკრონიმი) უწოდა.
მას შემდეგ ამ უჯრედებს აკვირდებოდნენ ტოქსინებთან, ვირუსებსა და რადიაციასთან ურთიერთქმედებისას; ისინი არაერთხელ გაამრავლეს და 1960 წლის დეკემბერში კოსმოსშიც კი გაგზავნეს.
უჯრედების წყალობით, შესაძლებელი გახდა ათასობით სამედიცინო მიღწევა, მათ შორის, პოლიომიელიტის ვაქცინის შემუშავება, კლონირება და გენების რუკის შექმნა.
2014 წლის მონაცემებით, მეცნიერებმა გაზარდეს, დაახლოებით, 20 ტონა HeLa უჯრედი და შექმნეს, თითქმის, 11 000 პატენტი, რომელიც მოიცავს HeLa უჯრედებს.
ერთ-ერთმა მკვლევარმა დაადგინა, რომ თუკი HeLa-ს ოდესმე არსებულ ყველა უჯრედს ჩაამწკრივებდით, ისინი პლანეტას, სულ მცირე, სამჯერ შემოეხვეოდა.
2010 წელს HeLa უჯრედების ტუბი, დაახლოებით, 260 აშშ დოლარად იყიდებოდა.
იმავე წელს ჟურნალისტმა, რებეკა სკლუტმა, დაწერა ბესტსელერი წიგნი — "ჰენრიეტა ლაქსის უკვდავი ცხოვრება".
სამწუხაროდ, ჰენრიეტა სიმსივნესთან ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა მისმა უჯრედებმა მედიცინაზე შეუფასებელი კვალი დატოვა და უამრავი სიცოცხლე იხსნა.
კომენტარები