სამყარო უამრავი გასაოცარი ფენომენითაა სავსე, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი ე.წ. აინშტაინის ჯვარია. ის მაშინ იჩენს თავს, როცა დედამიწის პერსპექტივიდან მასიური ობიექტი მის უკნიდან მომავალ სინათლეს ამრუდებს და სივრცეში ოთხ სხვადასხვა ადგილას გვიჩვენებს. ამით ჯვრის ფორმა იქმნება.

მეცნიერებმა ახლახან კოსმოსში სწორედ ასეთი იშვიათი და შთამბეჭდავი რამ დააფიქსირეს.

ეს პროექტ Dark Energy Spectroscopic Instrument (DESI) Legacy Imaging Surveys-ის ფარგლებში მოხდა, რომლის მონაცემებითაც ზემოხსენებული "აინშტაინის ჯვრის" ავთენტურობა დაადასტურეს. ის 2021 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ასტრონომებმა უფრო დეტალური დაკვირვება გადაწყვიტეს და ობიექტი ძალიან დიდი ტელესკოპის ხელსაწყოთი MUSE შეისწავლეს.

სურათზე წინა პლანზე მდებარე მასიურ გალაქტიკას ვხედავთ, რომელსაც მოწითალო შეფერილობა აქვს. მის გარშემო 4 მოლურჯო კაშკაშა ლაქაა — ეს შორეული გალაქტიკის გაოთხებული გამოსახულებაა. მთლიანობაში ამ სისტემას DESI-253.2534+26.8843 ეწოდება.

ფოტო: Cikota et al., arXiv, 2023

მაინც როგორ ხდება ეს?

დრო-სივრცეზე გრავიტაცია უდიდეს გავლენას ახდენს, კერძოდ კი ამრუდებს, რაც სინათლის ტალღებზე საინტერესოდ აისახება. ამის გამო კოსმოსის კონკრეტულ რეგიონებში, სადაც მასიური ობიექტებია თავმოყრილი, ერთგვარი გრავიტაციული ლინზა ჩნდება, რომელსაც გამადიდებელი შუშის ეფექტი აქვს.

შედარებისთვის, თუ მძიმე ობიექტს ბატუტზე მოვათავსებთ, მისი ზედაპირი გაიწელება და ჩაიღუნება, ხოლო მასზე გაგორებული ბურთი ასევე ამ გამრუდებული ტრაექტორიით იმოძრავებს. ზუსტად მსგავსი რამ ხდება გრავიტაციული ლინზირების დროსაც, სადაც ბატუტი დრო-სივრცეა, მასზე მოთავსებული ობიექტი მასიური გალაქტიკები ან მათი შეჯგუფებები, ბურთი კი შორეული გალაქტიკის სინათლე.

ფოტო: NASA, ESA & L. Calçada

ამგვარმა გამრუდებულმა სხივებმა შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს. ზოგჯერ ისინი ლაქას წააგავს, ზოგჯერ სარკულ გამოსახულებას ქმნის, ხან რგოლს, ხან კი ჯვარს. უკანასკნელ შემთხვევაში სწორედ აინშტაინის ჯვარი მივიღეთ, რომლის გამადიდებელი ეფექტიც 10.47-ია.

ასეთი ფენომენები საშუალებას გვაძლევს, რომ ლინზირებული გალაქტიკები დეტალურად გამოვიკვლიოთ, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.