ხელები უფრო მნიშვნელოვანია თუ ფეხები? — რას ამბობს მეცნიერება
თავშესაქცევ ტესტებში, ალბათ, შეგხვედრიათ ასეთი კითხვა: "მხოლოდ ერთის არჩევა რომ შეგეძლოთ, ფეხებს დაიტოვებდით თუ ხელებს?", — და, როგორც ჩანს, ეს საკითხი პლანეტის მრავალ მცხოვრებს აინტერესებს. გეტყვით, რომ წინა და უკანა კიდურებიდან რომელიმეს უპირატესობის შესახებ პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სახეობაზე ვსაუბრობთ.
"ცხოველები ცხოვრობენ სხვადასხვა გარემოში. ისინი ეკოლოგიურად სხვადასხვა რამეს აკეთებენ", — განუცხადა Live Science-ს ლონდონის სამეფო ვეტერინარული კოლეჯის ევოლუციური ბიომექანიკის პროფესორმა, ჯონ ჰაჩინსონმა. "ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმ ნიმუშებს, რომლებსაც ბუნებაში ვხედავთ და დავინახოთ, როგორ განვითარდა ფეხები და ხელები დროთა განმავლობაში, და ეს მოგვცემს გარკვეულ წარმოდგენას წინა და უკანა კიდურების მნიშვნელობის შესახებ."
დავიწყოთ ადამიანებით (Homo sapiens), რომლებიც, ოთხის ნაცვლად, ორ ფეხზე გადავადგილდებით. როგორც პროფესორი ამტკიცებს, ჩვენთვის ფეხების გარეშე გადარჩენა უფრო რთული იქნებოდა.
"მე ვიტყოდი, რომ ადამიანები უფრო დიდ მნიშვნელობას ფეხებს ანიჭებენ, სწორედ ამიტომაცაა ისინი ბევრად უფრო დიდი, გრძელი და ძლიერი", — განმარტა მეთიუ რავოზამ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ფუნქციური ანატომიისა და ევოლუციის ცენტრის დირექტორმა. "ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ფეხის კატეგორიაში ვართ."
თუმცა, ისტორიის განმავლობაში ფეხების მნიშვნელობის ხაზგასმის ყველაზე ნათელი მაგალითი, ალბათ, ტირანოზავრი იყო. კალიფორნიის უნივერსიტეტის მიხედვით, 13,7 მეტრის სიგრძის ტირანოზავრს, სავარაუდოდ, მხოლოდ 0,9 მეტრის ზომის მკლავები ექნებოდა. ამის უკეთ აღსაქმელად წარმოიდგინეთ 1,8 მეტრის სიმაღლის ადამიანი, რომელსაც 12,7 სანტიმეტრის სიგრძის მკლავები აქვს. სასაცილოა, არა?
ასევე იხილეთ: რატომ ჰქონდა ტირანოზავრს ციცქნა წინა კიდურები? — რას ამბობს მეცნიერება
მაგრამ ფრინველებისთვის წინა კიდურები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე — უკანა. ფრინველის ფრთები, არსებითად, მოდიფიცირებული იარაღია, რომელიც ადაპტირებულია ფრენისთვის. მაგალითად, მოხეტიალე ალბატროსის (Diomedea exulans) ფრთების სიგრძე, დაახლოებით, 3,35 მეტრია, მაშინ, როცა მისი სხეულის ზომა ნისკარტიდან კუდამდე, სულ რაღაც, 1,3 მეტრს შეადგენს.
ზოგიერთი სახეობა კი სრულებითაც არ არის დამოკიდებული კიდურებზე, რადგან ისინი არ გააჩნია. ფლორიდის შტატის პარკების დეპარტამენტის ცნობით, გველებით დაწყებული, ჭიებით გაგრძელებული და გველთევზებით დამთავრებული, მრავალი სახეობა განვითარდა კიდურების გარეშე, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევს, უკეთ დაიჭიროს მტაცებელი შეკუმშვის გზით ან უფრო სწრაფად იმოძრაოს გარემოში, სადაც კიდურები, შესაძლოა, ხელის შემშლელი იყოს.
შესაბამისად, როგორც ხედავთ, ზემოხსენებულ კითხვაზე პასუხი აქსიომური არ არის და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სახეობის გადმოსახედიდან განვსჯით.
კომენტარები