717 მილიონი წლის წინ ვულკანურმა ამოფრქვევებმა დედამიწა სრულად გაყინა — ახალი ჰიპოთეზა
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, 717 მილიონი წლის წინ დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე მომხდარმა უმძლავრესმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა დედამიწა 57 მილიონი წლის განმავლობაში ყინულის პლანეტად აქცია. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ დროს ამოფრქვეული ლავა არგენტინისა და შესაძლოა, ჩინეთის სიდიდის არეალსაც ფარავდა, შედეგად წამოსულმა მჟავის წვიმამ კი ყინულის მაფორმირებელ ქიმიურ რეაქციებს შეუწყო ხელი.
გამყინვარების ამ ეპოქის ახსნას მეცნიერები დიდი ხანია, ცდილობენ. ის კანადაში მდებარე ფრანკლინის დიდი ვულკანური პროვინციის აქტიურობის პერიოდს ემთხვევა, რაც, სპეციალისტთა აზრით, გარკვეულ ურთიერთკავშირზე მიანიშნებს.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ამოფრქვევები დედამიწის გაყინვას 1-2 მილიონი წლით უსწრებდა. სწორედ ეს დრო სჭირდება ეროზიულ, გამომფიტავ პროცესებს, როცა ატმოსფერული ნახშირორჟანგი ტემპერატურას ვეღარ არეგულირებს. ამგვარი დროითი შუალედი გამორიცხავს პოტენციურ ახსნას, რომელიც გოგირდით მდიდარი აირების გამოთავისუფლებას, აეროზოლების წარმოქმნას და მათ მიერ მზის სხივების დაბლოკვას გულისხმობს, რაც ტემპერატურის კლებას გამოიწვევდა.
ავტორთა თქმით, ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც კლიმატის, დედამიწის ქანების, ატმოსფეროსა და სხვა კომპონენტების კავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შესაბამისად, ცალკე ვერცერთ ფაქტორს განვიხილავთ. ისინი ამბობენ, რომ ფრანკლინის ვულკანურმა პროვინციამ ფართო შემაღლებული ადგილი წარმოქმნა, რომელიც ეროზიას გადაურჩა, რაც ზემოხსენებულ ჰიპოთეზას ამყარებს.
მეცნიერებმა ამ ყველაფრის დასადგენად ცირკონის კრისტალებში ურანის დონე შეისწავლეს. შედეგად, მათ დაადგინეს, რომ ფრანკლინის პროვინციის შემაღლებული ადგილი დაახლოებით 2 მილიონ წელში ჩამოყალიბდა, ანუ იმაზე სწრაფად, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
თავად ვულკანური აქტიურობის დათარიღება მათ ოკეანესა და მყინვარებში არსებული ქვების გაანალიზების გზით შეძლეს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ სადავოა, იმავე მექანიზმმა განაპირობა თუ არა მსგავსი გამყინვარების სხვა პერიოდები.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები