მიაგნეს ორ პლანეტას, რომლებიც შესაძლოა, ერთ ორბიტას იზიარებდეს
ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოსა და სხვა სისტემების უმეტეს ნაწილში თითოეული პლანეტა საკუთარ უნიკალურ ორბიტაზე გადაადგილდება. ამის მიუხედავად, თეორიულად შესაძლებელია, რომ ორმა ციურმა სხეულმა ერთსა და იმავე ორბიტაზე იმოძრაოს, რის სავარაუდო დასტურსაც ასტრონომებმა დაახლოებით 370 სინათლის წლის მოშორებით მიაგნეს.
მათ ტროელ ეგზოპლანეტებს უწოდებენ. ესაა ურთიერთმსგავსი მასის მქონე ობიექტები, რომლებიც საერთო გზას გადიან. თავად სისტემა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და PDS-70-ის სახელითაა ცნობილი. იქ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი, აირისგან შემდგარი 2 პლანეტაა დაფიქსირებული: PDS-70b და PDS-70c, რომლის მახლობლადაც ბუნებრივი თანამგზავრის მაფორმირებელი დისკოცაა აღმოჩენილი.
სისტემაზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ PDS-70b-ის ორბიტას სხვა ობიექტიც იზიარებს, რომელიც მთვარეზე დაახლოებით ორჯერ მასიურია. ის ლაგრანჟის წერტილშია განლაგებული, სადაც ციურ სხეულებს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება ცენტრისკენული ძალით ბალანსდება. ეს საშუალებას იძლევა, უფრო პატარა სხეული მათთან ერთად გადაადგილდებოდეს. მაგალითად, მსგავსი ტროელი ასტეროიდები იუპიტერისა და დედამიწის მახლობლადაც გვხვდება.
ლაგრანჟის წერტილში შესაძლოა, შედარებით დიდი ობიექტიც მოძრაობდეს, რისი პოტენციური მტკიცებულებაც სწორედ PDS-70-ის სისტემაშია.
მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ფიქრობენ, რომ PDS-70b-ის ორბიტას მტვრის სქელი ღრუბელი იზიარებს, რომელშიც ახალი პლანეტა ყალიბდება, ანუ ის ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. მასზე დაკვირვება ტროელი სხეულებისა და პლანეტური სისტემების წარმოქმნის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
სპეციალისტები PDS-70-ს 2026 წელსაც დააკვირდებიან, რათა საზიარო ორბიტის მქონე ობიექტებზე მეტი გაიგონ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები