მარსის კრატერში ორგანულ მოლეკულებს მიაგნეს
მეცნიერებმა NASA-ს მიერ მარსის შესასწავლად გაშვებული მავალის Perseverance მონაცემების ანალიზის შედეგად წითელ პლანეტაზე მდებარე ეზეროს კრატერში სხვადასხვა სახის ორგანულ მოლეკულებს მიაგნეს.
ესაა ნაერთები, რომლებიც ნახშირბადისგან შედგება და ზოგჯერ წყალბადს, ჟანგბადს, აზოტს, ფოსფორსა და გოგირდსაც შეიცავს. მეცნიერებს მარსული წარმომავლობის მსგავსი ნაერთები აქამდეც აღმოუჩენიათ, მათ შორის დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტებში, მარსის გეილის კრატერსა და ეზეროს კრატერშიც.
ეს მოლეკულები სიცოცხლის ერთგვარ საშენ მასალად მიიჩნევა და გეოლოგიური ან ბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება. შესაბამისად, სხვა ციურ სხეულზე მათი დაფიქსირება მნიშვნელოვანია.
ეზეროს კრატერში, რომელსაც Perseverance იკვლევს, ძველად ტბა იყო, ამ არეალში ორგანული მატერიის შემნახველი მინერალები გვხვდება, რომელთაც მარსმავალზე დამონტაჟებული ხელსაწყო SHERLOC აკვირდება. სპეციალისტებმა სწორედ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შეისწავლეს, კერძოდ კი Máaz-ისა და Séítah-ს სახელით ცნობილ კლდოვან წარმონაქმნებზე გაამახვილეს ყურადღება.
მათ ამ ქვებში Perseverance-ის მიერ გაბურღულ 10-ივე ადგილას ორგანული მოლეკულების კვალი დააფიქსირეს. ეს გეოლოგიური ნიმუშები 2.3 მილიარდიდან 2-6 მილიარდამდე წლის წინანდელია, რაც მიანიშნებს, რომ მსგავსი მატერია წითელი პლანეტის ზედაპირზე დიდი ხნის წინ უკვე იყო, თანაც სხვადასხვა ადგილას.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაერთები მრავალგვარია. ამის მიხედვით ასკვნიან, რომ მათი ფორმირება სხვადასხვა მინერალსა და მექანიზმს უკავშირდება, თანაც თითქმის ყველა ეს მინერალი წყალთან უნდა ყოფილიყო ურთიერთქმედებაში.
ავტორები ამბობენ, რომ მარსზე მიგნებულ ორგანულ მოლეკულებზე მეტის გასაგებად საჭიროა, ნიმუშები დედამიწაზე ჩამოვიტანოთ და აქ დეტალურად შევისწავლოთ. სწორედ ასეთი გეგმა აქვთ მათ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები