Google-ის ჩატბოტ Bard-ს უკანასკნელი განახლების შედეგად ფუნქციები დაემატა. მათ შორისაა ახალი ენები და გაუმჯობესებული უკუკავშირი. კერძოდ, ამიერიდან შეგეძლებათ, AI-ის მიერ გენერირებულ ტექსტს მოუსმინოთ.

მომხმარებლებს უკვე საშუალება აქვთ, მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები არაბულად, ჩინურად, გერმანულად, ესპანურად, ჰინდიზე და სხვა ენებზე წაიკითხონ ან მოისმინონ. ასევე, ჩატბოტი უფრო მეტ რეგიონშია ხელმისაწვდომი, მაგალითად, ბრაზილიაში და ევროპის მასშტაბით.

ახლა კი მთავარს დავუბრუნდეთ — ბოლო განახლების წყალობით, Bard ამეტყველდა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ თავად აარჩევთ, პასუხის მოსმენა გინდათ თუ წაკითხვა. ეს საკმაოდ გამოსადეგია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ დააზუსტონ, როგორ წარმოითქმის ესა თუ ის სიტყვა. ამ ფუნქციას 40 ახალ ენაზე გამოიყენებთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

ტექსტის მოსასმენად, სპეციალურ სიმბოლოს უნდა დააჭიროთ, რომელიც ქვედა ფოტოზე წითლადაა მონიშნული:

ფოტო: NEXT.On.ge

ასევე, შესაძლებელია გენერირებული ტექსტის მოდიფიცირებაც. სულ 5 ვარიანტია — გაამარტივოთ, შეამოკლოთ, გაზარდოთ, უფრო პროფესიონალური ენით შეცვალოთ და ჩვეულებრივ სასაუბრო ენას მოარგოთ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ინგლისური ენის გამოყენებისასაა ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია არჩევანის გაფართოებაზე უკვე მუშაობს.

გაუმჯობესდა ჩატბოტის მიერ სურათების ინტერპრეტაციის ფუნქციაც, რომლის დამსახურებითაც მათი დოკუმენტად ატვირთვა საჭირო აღარაა. შესაძლებელია ფოტოების შიგთავსზე მეტი ინფორმაციის მიღება ან მსგავსი კონტენტის გენერირება. ამ ეტაპზე ესეც მხოლოდ ინგლისური ენით სარგებლობის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

გამარტივდა Bard-ის მიერ გენერირებული კოდების Replit-სა და Colab-ზე გადატანაც. ასევე, ჩატების სხვა მომხმარებლებთან გაზიარება ან დაკოპირება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.