დედამიწაზე 36 მილიონ წელში ერთხელ სიცოცხლის აფეთქება ხდება — რა იწვევს ამას?
ჩვენს პლანეტაზე ყოველ 36 მილიონ წელიწადში ერთხელ წყლის ბინადრების ბიომრავალფეროვნება იზრდება. ახალი კვლევის მიხედვით, ამაზე არაპირდაპირ გავლენას გეოლოგიური ციკლი ახდენს, რომელიც სწორედ აღნიშნული პერიოდულობით ხასიათდება.
კერძოდ, იგულისხმება ტექტონიკური ფილების გადაადგილება, რასაც ზღვის დონის ცვლილება სდევს თან. შედეგად, ოკეანეების სიღრმე ციკლურად იკლებს და იმატებს, იცვლება დედამიწის სიღრმეში ფილების გავლით წყლის ჩადინებაც. ამ პროცესში მრავალი სახეობა ყალიბდება, რომელიც ახალ ეკოლოგიურ პირობებსაა მორგებული, ზოგს კი მსგავს გარემოსთან შეგუება უჭირს. ეს მეცნიერებმა ნამარხებისა და გეოლოგიური მონაცემების ღრმა ანალიზისას დაასკვნეს.
თუ დედამიწის ეკოსისტემების ისტორიას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ სახეობების გადაშენება და სიცოცხლის აყვავება ერთმანეთს ათობით მილიონი წლის განმავლობაში პერიოდულად ანაცვლებს. აქამდე უცნობი იყო, რა იწვევდა ამას, რამდენადაა ეს თითოეული მოვლენა უნიკალური, თუ რაიმე ბაზურ მექანიზმთან გვაქვს საქმე?
პასუხის ძიებაში მეცნიერებმა უკანასკნელი 250 მილიონი წლის გეოლოგიური მონაცემები შეისწავლეს და ის ტექტონიკურ მოდელთან გააერთიანეს. სიმულაციებმა აჩვენა, რომ ტექტონიკური ფილების გადაადგილების, სიცოცხლის აფეთქებისა და ზღვის დონის ცვლილების 36 მილიონწლიანი ციკლები თანხვედრაშია.
ტექტონიკური ფილები სულ მოძრაობაშია. მათ შემხვედრ ადგილებს სუბდუქციური ზონები ეწოდება და იქ წყალი მანტიაში ჩაედინება, შემდეგ კი ვულკანური აქტიურობისას ისევ ზემოთ იფრქვევა. ასევე, ამ პროცესში ფართოვდება ოკეანეების ფსკერიც, რადგან ფილები ერთმანეთს შორდება, რასაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ზღვის დონის ცვლილება მოჰყვება.
როგორც ცნობილია, ბიომრავალფეროვნებაზე სხვა ფაქტორების ზემოქმედებს. მაგალითად, არსებობს 62 მილიონწლიანი ციკლიც, რაც შესაძლოა, ნახშირორჟანგის კონცენტრაციასთან ასოცირდებოდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები