ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გამა გამოსხივების ძალიან კაშკაშა ანთება დააფიქსირა, რომლის შესწავლის შედეგადაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ნეიტრონული ვარსკვლავების ენერგიულმა შეჯახებამ გამოიწვია.

ამგვარ მოვლენას კილონოვა ეწოდება და ის მძიმე ელემენტების წყაროა, რომლებიც სხვაგვარად მნათობებში მიმდინარე ბირთვული რეაქციებისას ვერ წარმოიქმნება. ეს ნეიტრონების ჩაჭერის მეშვეობით ხდება, რა დროსაც ატომის ბირთვი ნეიტრონებს იერთებს, შედეგად კი უფრო მძიმე ელემენტები ფორმირდება. ასეთია, მაგალითად, ოქრო, ურანი და პლატინა.

ასტრონომებმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია კილონოვაზე დასაკვირვებლად პირველად გამოიყენეს. გამოვლინდა შეჯახებისას წარმოქმნილ მეტალოიდ ტელურისა და ლანთანოიდების, ანუ ტყვიაზე მძიმე ლითონების კვალიც.

ფოტო: arXiv.

გამორჩეულია თავად გამა გამოსხივების ეს კონკრეტულ ანთებაც, რომელსაც GRB 230307A უწოდეს. ის პირველად მიმდინარე წლის 7 მარტს NASA-ს Fermi-ს ტელესკოპმა დააფიქსირა, შემდეგ კი მას სხვა ობსერვატორიებიდანაც დააკვირდნენ. ეს მეორე ყველაზე კაშკაშა და ხანგრძლივი ასეთი მოვლენაა, რომელიც ოდესმე გვინახავს. ის დაახლოებით 34 წამს გაგრძელდა.

ვების ობიექტივში სიკაშკაშის ეს წყარო ორჯერ მოხვდა, ანთებიდან 29 და 61 დღეში. ამ პერიოდში კილონოვა ჯერ მოლურჯო შეფერილობით დაიმზირებოდა, შემდეგ კი წითელ სპექტრში გადაინაცვლა, ეს კი სწორედ მის ბუნებას შეესაბამება.

მეცნიერთა გამოთვლებით, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება შესაძლოა, ჩვენგან დაახლოებით 8.3 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ კაშკაშა გალაქტიკაში მომხდარიყო. ამის მიუხედავად, არსებობს სხვა პოტენციური წყაროებიც.

ავტორთა ნაშრომი ჯერჯერობით arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირების პროცესშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.